top of page

გიგი თევზაძე. რატომ უნდა სცემო ბავშვს

Updated: Dec 4, 2019

ყველამ ვიცით, რომ ტრადიციულ საგანმანათლებლო სისტემებში ბავშვის, მოზარდის ცემა სისტემის ნაწილია. ყველას გვახსოვს განათლების სისტემის „ცემის კომპონენტი“, „ოლივერ ტვისტიდან“ თუ „ჩემი თავგადასავლიდან“. დღესაც, არც თუ ისე იშვიათად, გაიგონებ, საქართველოში, და ალბათ სხვაგანაც, ასეთივე ქვეყნებში, რომ თუ გინდა რომ ბავშვი წარმატებული უნდა იყოს, „რამეს მიაღწიოს ცხოვრებაში“, უნდა სცემო.


მეორე მხრივ, ისივ ვიცით, რომ განათლების და აღზრდის თანამედროვე სისტემებში მოსწავლეებისა ცემა კატეგორიულად აკრძალულია. ცემა - არ არის ის გზა, რითაც თანამედროვე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მიზნები - სუბიექტის ბედნიერება და საზოგადოების ეკონომიკური ზრდა მიიღწევა. ამავე დროს, ხშირად ამბობენ, რომ თუ გინდა დღევანდელ საქართველოში საგანმანათლებლო მიზანს მიაღწიო, უნდა დააბრუნო ცემა სკოლებში. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს უკანასკნელი დებულება არც თუ ისე მცდარია. ქვემოთ შევეცდები აგიხსნათ რატომ.


ადამიანის ტვინს (ისევე, როგორც ყველა ძუძუმწოვრის, მაგრამ ამის შესახებ ახლა არა), მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ორგანოა, მუშაობის მარტივი პრინციპი აქვს: ტვინის ნერვულ უჯრედებში წარმოიშობა აღგზნება, რომელიც უნდა ჩაქრეს კონკრეტული ნივთიერების (ენდორფინის) გენერირებით. ენდორფინი ის ნივთიერებაა, რომლის გამოყოფაც ადამიანს სიხარულს ანიჭებს. ადამიანი სიხარულის მოპოვებას სწავლობს ზრდასრულობის მიღწევამდე - ანუ, სწავლობს, თუ რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მის ტვინში სიხარულის ნივთიერება გამოიყოს და ჩააქროს აღგზნებული ტვინი. თუკი ადამიანმა ეს რაღაც მიზეზების გამო ვერ ისწავლა, შეიძლება ძალიან საშიში პროცესები დაიწყოს, ნეიროდეგენერაციის და მენტალური გადახრის ჩათვლით.


რაც უფრო რთულია ტვინი, მით უფრო დიდი დრო სჭირდება ამ ტვინის მატარებელ არსებას ზრდასრულობის მიღწევამდე. მაგ. ძაღლებს ოთხი წელი აქვთ სიხარულის ნივთიერების გამოყოფის სწავლისათვის, ადამიანებს - თორმეტი, ან მეტი. ძაღლები (და ადამიანებიც, ამ შემთხვევაში) ასწავლიან ლეკვებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ სიხარულის მიღწევის მათი ინდივიდუალური გზები არ დაუპირისპირდნენ ძაღლების (და ადამიანების) საზოგადოებაში მიღებულ წესებს და ქცევის ნორმებს. ჩვენ, ადამიანები, ვასწავლით ბავშვებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, რომ მათი სწრაფვა სიხარულისკენ არ შეეწინააღმდეგოს და არ დაუპირისპირდეს ჩვენს საზოგადოებაში მიღებულ წესებს და კანონებს. სწავლის ამ პროცესს - ჩვენ, ადამიანები - განათლების და აღზრდის სისტემას ვუწოდებთ.


როგორც უკვე ვთქვი, ენდორფინების გამოყოფა სასიცოცხლო აუცილებლობაა. მაგრამ, ასევე, ვიცით, რომ ყველა ადამიანს ბედნიერების და სიხარულის მიღწევის თავისი გზა აქვს. ეს გზები შეიძლება ჰგავდეს ერთმანეთს, შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს. რა ხდება მაშინ, როდესაც განათლების და აღზრდის სისტემა ერთსა და იგივეს ასწავლის ყველა ბავშვს? ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა ხდება მაშინ, რომდესაც განათოლება/აღზრდის სისტემა სიხარულის მიღწევის ერთი და იგივე გზას ასწავლის ყველას? ცხადია, ამ დროს წარმოუდგენელია, რომ ეს მეთოდი წარმატებული იყოს ყველა მოსწავლისათვის. შესაბამისად, ძალიან ცოტა, ან, სულაც, ვერცერთი, მოსწავლე ვერ ისწავლის სიხარულის, ანუ, მისი ტვინისთვის აუცილებელი ნივთიერების გამოყოფის გზებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის. არადა, ზუსტად ვიცით, რომ ისტორიულ, ტრადიციულ, უნიფიცირებულ განათლების სისტემას ამ წინააღმდეგობის დაძლევის საკუთარი ხერხი უნდა ჰქონოდა.


მაშ, რას აკეთებს ამ დროს განათლების სისტემა? ანუ, იმ დროს, როდესაც სასწავლო გეგმა ულტრა-უნიფიცირებულია და ერთსა და იმავეს ასწავლის ყველას?


საქმე იმაშია, რომ ენდორფინები ტვინში მხოლოდ სასიამოვნო და სასიხარულო საქმიანობის დროს არ გამოიყოფა. ის, ამავე დროს, გამოიყოფა ტკივილისას და ფიზიკური დატვირთვისას, როგორც მაკომპენსირებელი ფაქტორი: ანუ, როდესაც ადამიანი ტკივილს, ან ფიზიკურ გადატვირთვას განიცდის, ტვინში გამოიყოფა ენდორფინი, რომ ტკივილი და დაძაბულობა შეასუსტოს-შეამსუბუქოს. ამიტომ, „ამბობს“ ტრადიციული, ულტრა-უნიფიცირებული განათლების სისტემა, რომ აუცილებელია მოსწავლის ცემა და/ან მისი იძულება ფიზიკური დატვირთვისათვის: მხოლოდ ასეა შესაძლებელი, ტრადიციული განათლების პირობებში, შევინაჩუნოთ მოზარდის ჯანსაღი ფსიქიკა და დავიცვათ ის ცდუნებისაგან, განათლება-აღზრდის სისტემის გარეთ ეძებოს სიხარულის "აკრძალულ/მიუღებელი“ წყარო.


შესაბამისად, ტრადიციულ/უნიფიცირებული განათლება/აღზრდის სისტემა ისეთი სისტემაა, რომელიც, ერთის მხრივ, ასწავლის უნიფიცირებულად, და ითხოვს უნიფიცირებულ შედეგებს, ხოლო, მეორე მხრივ - ფიზიკური ძალადობით მოსწავლის ფსიქიკას, ასე-თუ-ისე ჯანსაღად, ინარჩუნებს. თუმცა, ვერ იტყვი, რომ ტრადიციულ-უნიფიცირებული განათლების სისტემას არ ჰქონდა ჩავარდნები. სიხარულის მიღწევის ინდივიდუალური გზების სწავლების სრული ნიველირება გახდა, საბოლოოდ, ის ძლიერი იმპულსი, რამაც ფროიდის ფსიქოანალიზს შეუქმნა საფუძველი (თუმცა, ეს სხვა ბლოგის თემაა).


თანამედროვე განათლების სისტემები, რომელიც უნიფიცირებულისგან მაქსიმალურად დაშორებულია და მიმართულია მიზანზე, რომ ყოველ მოსწავლეს აპოვნინოს საკუთარი ბედნიერების, ანუ, სიხარულის მიღწევის გზები, გამორიცხავს ფიზიკურ ძალადობას, როგორც ცემას, ასევე, სავალდებულო ფიზიკურ ვარჯიშს. ასეთი სისტემა წარმატებულია და ამის ბევრი ინდიკატორი თუ სუბიექტური რწმუნება არსებობს.


მაგრამ, რა ხდება იქ, სადაც ტრადიციულ-უნიფიცირებული სისტემა დარჩენილია, მაგრამ ბავშვებს არ სცემენ, არ აიძულებენ ფიზიკურ დატვირთვას, თანამედროვე მოთხოვნებდან, ვითარებიდან, ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე?


მართალია, რაც ახლა იფიქრეთ: ასეთ სისტემებში განსაკუთრებით ბევრი უნდა იყოს მოსწავლეების ერთმანეთზე ძალადობის, ნარკოტიკების და სხვა სტრესის მომხსნელების, სიხარულის მიღწევის კანონსაწინაამღედეგო და ეთიკის საწინააღმდეგო აქტები. ეს უკანასკნელი ზუსტად ისაა, რაც საქართველოში ხდება:


განათლება/აღზრდის სისტემა ულტრა-უნიფიცირებულია. შესაბამისად, მოსწავლეების უმეტესობა ვერ სწავლობს სიხარულის და ბედნიერების მიღწევის გზებს. მასწავლებლები/აღმზრდელები მათ არ სცემენ/არ აიძულებენ ფიზიკურ დატვირთვას, ისე, როგორც ეს, მაგალითად, მე-19 საუკუნის ბრიტანულ სკოლებში იყო. ამიტომ, მათ ტვინში აღგზნების ჩამქრობი მაკომპენსირებელი ნივთიერება არ გამოიყოფა. ამიტომ, იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ფსიქიკური სიჯანსაღე, ჩვენი შვილები მიმართავენ ათასგვარ აკრძალულ და ნახევრად-აკრძალულ გზებს, რომელთა შორისაც, ძალადობა სხვის და საკუთარ სხეულზე, პირველ ადგილზეა.


სახელმწიფოს უსუსურ მცდელობებს, ხან მანდატურები გააძლიეროს, ხან შეასუსტოს, მხოლოდ მოკლევადიანი შედეგი აქვს. ბოლოს ყველა ეს მცდელობა მოსწავლეებს შორის ძალადობის აფეთქებით მთავრდება.


სად არის გამოსავალი? ცხადია, ცემას და ფიზიკურ გადატვირთვას სკოლებში ვერ დავაბრუნებთ. გარდა იმისა, რომ ამის უფლებას არავინ არავის მისცემს, უბრალოდ სასაცილო ანაქრონიზმი იქნება. ერთადერთი გამოსავალი განათლების სისტემის ინდივიდუალიზაციაშია, როდესაც სისტემა ორიენტირებულია ყოველ კონკრეტული მოსწავლეზე და ცდილობს ასწავლოს მას მისი საკუთარი გზა, როგორ მიაღწიოს ბედნიერებას და სიხარულს. ეს კი, ულტრა-ცენტრალიზებულ-უნიფიცირებულ სისტემაში შეუძლებელია.


საბოლოო დასკვნა, მთელი ამ მსჯელობიდან, კი ასეთია: თუკი გვინდა, რომ განათლება/აღზრდის სისტემა ულტრა-უნიფიცირებული და ულტრა-ცენტრალიზებული დარჩეს, უნდა დავაბრუნოთ სკოლებში მოსწავლეების ლეგიტიმური ცემა და ფიზიკური ზე-დატვირთვა. მაგრამ ამით, ისიც საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ ბრიტანულ მე-19 საუკუნის საზოგადოებას მივიღებთ, თანამედროვე, 21-ე საუკუნის საზოგადოებების საპირწონეთ. თუ ეს არ გვინდა, მაშინ სკოლების გან-სახელმწიფოება უნდა მოხდეს. სხვა გზა არ არის.

1,536 views
bottom of page