top of page

გიგი თევზაძე. ტაძრის რაინდების უკანასკნელი საცხოვრებელი[1]

Updated: Jun 29, 2018

შესავალი

სათაურში გამოტანილი ამბავის მოყოლა გზის მეორე ბოლოდან უნდა დავიწყო: იმ გზის, რომელიც ცენტრალური აზიიდან მოდიოდა, კასპიის ზღვის ჩრდილო უკიდურეს წერტილს შემოუვლიდა და სამხრეთ-დასავლეთისკენ აიღებდა გეზს: დღევანდელი ჩეჩნეთის, ან ინგუშეთის, ან დაღესტანის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდოდა - ან თუშეთში, დიკლოს მხრიდან, ან ხევსურეთში, შატილის მხრიდან, შემდეგ გადავიდოდა ხევში. ამის შემდეგ, ჩვ. წ.-ის მე-5 საუკუნემდე, რაჭისკენ გადაუხვევდა, სვანეთში გადავიდოდა და სოხუმში ჩავიდოდა, ან, მე-5 საუკუნის შემდეგ, თბილისამდე ჩამოვიდოდა და კლდეკარის გავლით, ჯავახეთის ზეგნის გზით მიაღწევდა ზღვას, საიდანაც, ყველა მიმართულებით გზა ხსნილი იყო.



შესაბამისად, დღევანდელი ჩეჩნეთის, დაღესტანის და ინგუშეთის ტერიტორიაზე არსებულ ციხე-სიმაგრეებს სავაჭრო-სამხედრო გზის დაცვის ფუნქცია უნდა ჰქონოდათ. კლიმატის ცვლილებების სქემის მიხედვით (იხ. ამ წიგნის პირველი ტექსტი „სხვა ისტორია“), შეიძლება ვივარაუდოთ ჩეჩნეთ-ინგუშეთ-დაღესტან-თუშეთ-ხევსურეთის კოშკების და ციხე სიმაგრეების აშენების პერიოდები: სავარაუდოა, რომ ციხეები და ციხე-სიმაგრეები ამ ტერიტორიებზე შენდებოდა კლიმატური დათბობის პერიოდებში, როდესაც გზა სამოგზაუროდ გამოსადეგი ხდებოდა. თუკი ასეთ ხედვას დავეყრდნობით, ამ რეგიონში საფორტიფიკაციო ნეგებობები აშენებულია ძვ. წ.-მდე 1500-დან 600 წლამდე, შემდეგ, ჩ. წ. 1-დან მე-6 საუკუნის დასაწყისამდე, შემდეგ - მე-9 საუკუნის ბოლოდან მე-14 საუკუნის ბოლომდე. შემდგომი დათბობა, მე-18 საუკუნის ბოლომდე არ დაწყებულა, შესაბამისად, ამ გზას, რომელიც ჩეჩნეთ-ინგუშეთ-დაღესტან-თუშეთ-ხევსურეთზე გადიოდა, არ იყენებდნენ. ამიტომ, არც გზის დასაცავი ციხე-კოშკების აშენება იქნებოდა საჭირო.



კიდევ ერთი საკითხია, თუ ვინ აშენებდა ამ ციხეებს და სიმაგრეებს. ამ, კლიმატური ცვლილების და სავაჭრო-სამხედრო გზის პერსპექტივიდან, სავარაუდოა, რომ ყველა, ვისაც გზის კონკრეტული მონაკვეთების კონტროლის პრეტენზია ჰქონდა: სპარსელები, ქართველები, მონღოლები, შეიძლება ბიზანტიელებიც. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთი კოშკის აშენებაც კი ძალიან დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, არაფერი რომ არ ვთქვათ ციხესიმაგრეების აშენებაზე. შესაბამისად, ყველა ციხე, შესაძლებელია, სხვადასხვა დროს არის აშენებული. არ არის გამორიცხული, რომ ამდენი საუკუნის განმავლობაში სპეციფიკური, ფიქალის მშრალი წყობის, სამშენებლო სტილიც ჩამოყალიბდა, რომელიც ყველა პერიოდის ციხე-სიმაგრეში საერთოა, და შესაძლებელია, ამიტომაც, პერიოდების განსხვავებები ნიველირდება. დღესაც, მშრალი წყობის შენების ოსტატები ჩრდილო-კავკასიელები არიან.


პირიქითა ხევსურეთი


ზემოთ მოყოლილი განმარტების მიუხედავად, რომელიც ერთი შეხედვით ხსნის ჩეჩნეთის, ინგუშეთის, დაღესტანის და თუშეთის ციხე სიმაგრეების წარმოშობას და ისტორიას, პირიქითა ხევსურეთი დღემდე ამოუხსნელ მხარედ რჩება: სიტყვები, რომლებიც, გინდა არ გინდა, შუა საუკუნეების ევროპას გახსენებს (ფრანგული, დავითფერული), ხევსურთა აბჯარი, რომელიც ადრეული შუა საუკუნეების ცენტრალური ევროპის აბჯარის მსგავსია, ტოპონიმები (შატილი, მუცო, ქაჩუ, გურო, ანატორი, არხოტი), რომლების ანალოგი და ეტიმოლოგიური საფუძველი არც ჩრდილო კავკასიაში და არც საქართველოში არ იძებნება, ხერხეულიძეების გერბი, რომელზეც მარცხნივ მიმავალი (ტრადიციული ჰერალდიკის წესის საპირისპიროდ) გემია გამოსახული, ბრძოლაში დროშის ტარების წესი (კვლავ ხერხეულიძეების), რომლის ანალოგი არ არის საქართველოს დანარჩენ ნაწილებში, თქმულება, რომ პირიქითა ხევსურები „მეფეს გამოექცნენ“, თუმცა არც შემორჩენილ საისტორიო წყაროებში არის ამ „გაქცევის“ კვალი, თანაც, საეჭვოა, რომ გამოქცეულები მაინდამაინც იმ გზაზე დასახლებულიყვნენ, რომელიც ყველზე მეტად კონტროლდებოდა ხელისუფლების მიერ და ა.შ.


ხერხეულიძეების გერბი.


ცალკე საიდუმლოა პირიქითა ხევსურეთის ციხე-სიმაგრეები: არამარტო უნიკალური არქიტექტურის გამო: ისევე, როგორც სვანური კოშკები, ხევსურული ციხე-სიმაგრეებიც ვერ იქნებოდა „ხალხური შემოქმედება“ და ცხადია, რომ სახელისუფლებო პროექტია. მსგავსი ციხეების აშენებას, არა მარტო ცოდნა, არამედ, დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი სჭირდება. თვითონ პირიქითა ხევსურეთის ციხე-სმაგრეების არქიტეტურაც, მიუხედავად იმისა, რომ ფიქალის მშრალი წყობითაა ნაშენი, განსხვავდება როგორც თუშეთის ასევე, ჩრდილო კავკასიური სიმაგრეებისაგან. მაგრამ, გარდა ციხე-სიმაგრეების განსხვავებულობისა, სიძვირისა და აშენების სირთულისა, ყურადღებას იქცევს მათი განლაგება: შედარებით მცირე მონაკვეთზე რამდენიმე მნიშნველოვანი ციხე-სიმაგრეა თავმოყრილი: გურო, ქაჩუ, შატილი, მუცო. მათ შორის მანძილი, ზოგ შემთხვევაში, რამდენიმე ასეული მეტრია. საგულისხმოა, რომ ყველა ეს ციხე-სიმაგრე ერთი გზის გასწვრივაა აშენებული: იმ გზის, რომელიც ცენტრალური აზიიდან, კასპიის ზღვის ჩრდილოეთიდან შემოდიოდა საქართველოში და თუშეთის, ხევსურეთის, ხევის და სნოს ხეობის გავლით ჯერ, მე-5 საუკუნემდე, რაჭის და სვანეთის გავლით შავ ზღვამდე მიდიოდა, ხოლო მე-5 საუკუნის შემდეგ – მცხეთის და თბილისის გავლით, ჯავახეთის ზეგანიდან ჩადიოდა შავ ზღვაზე. შედარებისათვის: თუშეთიდან გადმომავალ გზაზე, მთელი თუშეთის გზის გაყოლებაზე, შენაქოდან აწუნთის უღელტეხილამდე სულ 6 ციხე-სიმაგრეა (შენაქო, დიკლო, დართლო, ფარსმა, გირევი და ჭონთიო), პირიქითა ხევსურეთში კი, ბევრად პატარა მონაკვეთზე, ოთხი (მუცო, შატილი, ქაჩო და გურო).



არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ისტორიულ წყაროებში სიტყვა „ხევსურეთი“ მხოლოდ მე-15 საუკუნიდან ჩნდება. მანამდე ამ ადგილს „ფხოვი“ და „ხევი“ ერქვა[2].

პირაქეთა ხევსურები პირიქითა ხევსურებს „შატილიონებს“ და „არხოტელებს“ უწოდებენ. სავარაუდოა, რომ ამ წინადადების წაკითხვისას, შუა საუკუნეების ევროპის ისტორიის, ან, თუნდაც, მორის დრუონის წიგნების მცოდნეს, უცბათ გაახსენდება შატილიონების ცნობილი გვარი. და იმ წამსვე გააგდებს ამ აზრს, როგორც წარმოსახვითი მასშტაბების და ჩვეული ისტორიული ნარატივის საწინააღმდეგოს.

მაგრამ, ერთი წუთით რომ დავუბრუნდეთ ამ აზრს, და ამოუხსნელი ეტიმოლოგიების ამოხსნა ვცადოთ? ანუ, ვცადოთ ფრანგული სიტყვებით ავხნათ ის ტოპონიმები, რომლის ეტიმოლოგიაც არ ვიცით.

აი, რას მივიღებთ:

შატილი - château სასახლე. გამოითქმის, როგორც „შატო“;

მუცო - maison - სახლი. გამოითქმის, როგორც „მუზო“, ან „მეზო“;

ქაჩუ - cachot - ციხე-საპყრობილე. გამოითქმის, როგორც „კეშუ“;

გურო - guerre - ომი. გამოითქმის, როგორც „გეღ“; guerrier - მეომარი. გამოითქმის, როგორც „გეღირ“.

არხოტი - archaïque - ძველი. გამოითქმის, როგორც „არკხეიკ“.

ამ საფუძველზე, შეგვიძლია ძალიან თამამი დაშვებით, დავასკვნათ, რომ ამ, პირაქეთა ხევსურეთის მოდამოებში ფრანგული, ან ცენტრალურ ევროპული წარმოშობის ხალხი ცხოვრობდა. ასევე, ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ციხეებიც მათი აშენებულია. მაგრამ, ყველა ეს ვარაუდი ვარაუდათ და გაუმყარებელ ჰიპოთეზად დარჩება, თუკი არ ვიპოვით რაიმეს, XIV-XV საუკუნეების ევროპულ ისტორიაში, რომელიც ასეთი მოცულობის ფინანსური და ადამიანური დრეიფის შესაძლებლობაზე მიგვითითებს.


დიდგორის ბრძოლაში მონაწილე ფრანგები?


საქართველოში, მთით და კონკრეტულად ხევსურეთით დაინტერესებული ხალხის დისკურსში, ამ ტექსტის დასაწყისში მოყვანილი „წაფრანგულებების“ გამო, პირიქითა ხევსურეთს და ფრანგ რაინდებს ერთმანეთს უკავშირებენ, ოღონდ, ეს კავშირი მე-14-15 საუკუნეზე ბევრად ადრე, დიდგორის ბრძოლაში მონაწილე ჯვაროსან რაინდებზე გადააქვთ[3]. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ევროპიდან მეომრების დიდიგორის ბრძოლაში მონაწილეობა სათუო არაა[4], მათ საქართველოში დარჩენაზე ის წყაროებიც არ გვიყვებიან, რომლებიც მათი ბრძოლაში მონაწილეობის ამბავს ჰყვებიან. სიტყვაც კი არ არის ნახსენები, თუნდაც, რამდენიმე ჯვაროსანის საქართველოში დარჩენაზე. თან – ოთხ ციხე-სიმაგრეს და ამ ციხე-სიმაგრეების ინფრასტრუქტურას ბევრად უფრო მეტი „ფრანგი“ უნდა დასჭირდებოდა, ვიდრე დიდგორის ბძოლაში მონაწილე ასიოდე რაინდი.


დასაწყისი


შუა საუკუნეების ევროპის ისტორიაში არის ერთი აუხსნელი გაუჩინარება, რომლის ამოხსნასაც დღემდე უშედეგოდ ცდილობენ მკვლევარები: 1307 წელს, პორტ ლა როშელიდან გამოვიდა ტამპლიერი რაინდების 18 გემი და გაქრა. გაქცევის მიზეზი იყო მეფე ფილიპ IV „ლამაზის“ მიერ წარმოებული პოლიტიკა ტამპლიერი რაინდების წანააღმდეგ, რომელიც 1307 წელს ორდენის მაგისტრის ჟაკ დე მოლეს და კიდევ 60-მდე ტამპლიერის დაპატიმრებით და სიკვდილით დასჯით დამთავრდა[5].

როგორც ამბობენ, 60 ტამპლიერმა, მაგისტრთან ერთად, თავი გაწირეს და დარჩნენ პარიზში, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ მოსალოდნელი დაპატიმრებების შესახებ, იმისათვის, რომ დანარჩენი ტამპლიერებისათვის გაქცევის საშუალება მიეცათ. ზოგიერთი შეფასებით, გაქცეული ტამპლიერების რიცხვი, მათი მსახურების ჩათვლით, 2000 ადამიანზე მეტი უნდა ყოფილიყო. ყველა შემთხვევაში, ადრეული შუა საუკუნეების გემებში (კოგებში) ნამდვილად ეტეოდა 200-300 ადამიანი.

სად გაჰქრნენ ტამპლიერები უცნობია. ზოგიერთი ვერსიით, ისინი შოტლანდიაში წავიდნენ და მხარი დაუჭირეს მეფე ბრიუსის განმანთავისუფლებელ ბრძოლას. ზოგი ვერსიით – იტალიაში და პორტუგალიაში. თუმცა, ეს მხოლოდ ვერსიებია და არცერთი მათგანის დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს.

ვფიქრობ, ვერსია, რომ ტამპლიერები საქართვლოში ჩამოვიდნენ, შესაძლებელია: საქართველოს მეფეებთან კარგი კონტაქტი ჰქონდათ როგორც რომის პაპს, ასევე, ჯვაროსნებს, ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროიდან. თანაც, იმდროინდელი საქართვლო მონღოლების კონტროლს ქვეშ იყო, რაც, ჯერ ერთი, დაიცავდა ტამპლიერებს ფილიპ მეოთხეს დევნისაგან, მეორეც – რომს ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობა მონღოლებთან, რაც, შეიძლება, უსართხოების დამატებითი გარანტიაც ყოფილიყო.

საქართველოში ამ პერიოდში (1304-1318 წლები) რამდენიმე მეფე იყო. 1307-1308 წლისთვის, როდესაც ტამპლიერები საქართველოში უნდა ჩამოსულიყვნენ, გიორგი ბრწყინვალეს რეგენტის ფუნქციებს ასრულებდა. სავარაუდოა, რომ მონღოლებთან მისმა კარგმა ურთიერთობამ (ჩობან ნოინი, ვეზირი და იმპერიაში დიდი გავლენის მქონე, მისი მფარველი იყო) მოაპოვებინა მას უფლება მონღოლების (ე.წ. ხინკლის გზაზე) გზაზე ფრანგებს ციხე-სიმაგრეები აეშენებინათ. ტამპლიერებმა ეს ამოცანა წარმატებით შეასრულეს. თუკი პირიქითა ხევსურეთის ციხე-სიმაგრეები და ციხეები ტამპლიერების აშენებულია, გასაგებია, სად წავიდა ტამპლიერების განძი, რომელიც მათ წამოიღეს საფრანგეთიდან გაქცევისას: ისინი პირიქითა ხევსურეთის ციხე-სიმაგრეების და ინფრასტრუქტურის აშენებას მოხმარდა.

თვითონ სახელი „ხევსურეთი“ შეიძლება ტამპლიერებთან კავშირზე მიუთითებდეს: ზოგიერთი ვერსიით, ტამპლიერები თავის თავს იმ უხუცესი ებრაელების შთამომავლებად თვილიდნენ, რომლებიც რომაელებს ჩვ. წ.-ით 70 წელს გაექცნენ ევროპაში, იერუსალიმის რომაელების მიერ აღების შემდეგ და Rex Deux ოჯახებს დაუდეს სათავე[6]. ამიტომ, შესაძლებელია, რომ საკუთარი ახალი სამშობლოსათვის სახელის დარქმევისას, საკუთარი მითიური სამშობლო გამოეყენებინათ: „ხევის ურიები“, „ხევის ურიეთი“.

ისიც გასათვალსიწინებელია, რომ მითი 9 ძმა ხერხეულიძეს შესახებ, რომელიც ბრძოლაში დროშის ტარების სპეციფიკურ წესს აღწერს (დროშა არ უნდა დაეცეს, ერთს მიაქვს დროშა, დანარჩენები იცავენ დროშას, თუკი დროშის მპყრობელს კლავენ, შემდეგი ძმა იღებს ხელში დროშას, სანამ დროშა აწეულია, ბრძოლა არ მთავრდება), იმეორებს ტამპლიერების კოდექსში მოცემულ დროშის ტარების წესს[7]. ხერხეულიზეების გვარიც, შეიძლება უკავშირდებოდეს ტამპილიერების თქმულებებს და მითებს: პარციფალის, რომელმაც მე-13 საუკუნეის შექმნილი თქმულების მიხედვით იპოვა გრაალის ტასი, რომელსაც ტამპილიერები იცავდნენ, ერთ-ერთი წოდება იყო la rechercher du basin - ტბის მძებნელი. შესალებელია, ეს rechercher, რაც შეიძლება ტიტულიც ყოფილიყო, აისახა ხერხეულიძეების გვარში.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1329 წელს, რომის პაპმა იოანე XXII-მ, სწორედ მან, ვინც ტამპლიერებს ყველა ბრალდება მოუხსნა, სმირნიდან თბილისში გადამოიტანა საეპისკოპოსო კათედრა და ამავე დროს, ქართველ კათოლიკეებს ქართული ტიპიკონი, ანუ, ქართულად წირვა-ლოცვის უფლება მისცა[8].

სიტყვა „ხევისბერი“ პირველად გიორგი ბრწყინვალეს ძეგლისდების[9] (კანონის) ტექსტში ჩნდება, რომელიც მან მთიულეთს და ხევს დაუწესა, როგორც ამბობენ, 1334-1335 წლებში. ამ ტექსტის მიხევით ხევისბერი სულაც არ არის ის „კულტის მსახური“, როგორც დღეს წარმოგვიდგენია, ან „ერთის ჴეობის უფროსი კაცი“ როგორც ვიცით მე-18 საუკუნის სიტყვის კონიდან. ძეგლისდების მიხედვით ხევისბერს აქვს ქონება, იერარქიაში არის მესამე (ერისთავის და გამგებლის შემდეგ), აქვს ქონება, ჰყავს მსახურები და ა.შ. შესაძლებელია, ხევისბერები სწორედ ტამპლიერები იყვნენ და „ძეგლისდებაც“ ტამპლიერების და ადგილობრივი ხელისუფლების კონფლიქტის შედეგია.


სად გაჰქრენ ტამპლიერები?


თუმცა, ეს ყველა აღწერა შეიძლება დამთხვევად ჩავთვალოთ, თუ არ გავცემთ პასუხს მთავარ კითხვას, თუ სად გაჰქრენ ტამპლიერები. ხევსურების, მოხევეების და თუშების გენეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ისინი უძველესი ადგილობრივი, აუტოქტონური მოსახლეობის შთამომავლები არიან და არაფერი კავშირი არ აქვთ შუა საუკუნეების ფრანგებთან[10].

ამ კითხვაზე პასუხი შატილის ჩრდილოეთით მდებარე ცნობილ ადგილშია, რომელსაც დღეს ანატორს უწოდებენ. შემორჩენილი გადმოცემით, მე-18 თუ მე-19 საუკუნეში სოფელ ანატორის მოსახლეობას მძიმე სენი შეჰყრია. სოფლის მაცხოვრებლებს გადაუწყვეტიათ, რომ თვით-იზოლაცია გამოეცხადებინათ. აუშენებიათ ორი აკლდამა და როდესაც თავს ცუდად იგრძნობდნენ, მიდიოდნენ აკლდამებში და იქ კვდებოდნენ. ასევე, ამბობენ, რომ ვინც გაქცევას დააპირებდა, ხოცავდნენ[11].

საინტერესო ლეგენდაა. საინტერესოა ასევე იმით, რომ არანაირი მძიმე, გადამდები დაავადება მსოფლიოში მე-18 ან მე-19 საუკუნეებში არ არის აღწერილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი არის დაფიქსირებული შავი ჭირი აზიაში, მაგრამ ის დღევანდელი ყაზახეთის ტერიტორიას არ გამოსცდენია.

მაგრამ, კარგად არის ცნობილი შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც მე-14 საუკუნეში ცენტრალური აზიიდან ევროპაში შევიდა და 25 მილიონი ევროპელი მოკლა. საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ წინა აზიიდან ევროპისკენ უმოკლესი გზა საქართველოზე გადიოდა, ამ შავ ჭირმა არანაირი, ან განუზომლად მცირე გავლენა მოახდინა.

2005 წელს გენეტიკოსებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს: აღმოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ იმუნური წინაამღდეგობა შავი ჭირისადმი. მეცნიერებმა იპოვეს პროტეინის მუტაცია CCR5-Δ32, რომელსაც პირდაპირი, ან ირიბი კავშირი აქვს შავი ჭირისადმი იმუნურ წინაამღდეგობასთან. შუა საუკუნეების ევროპაში ასეთი მუტაცია 20 000 კაცში ერთს ჰქონდა. მაგალითად, დღეისდღეობით რუსების და ფინელების 16% აქვს ეს მუტაცია, მაშინ, როდესაც - სარდინიელების მხოლოდ 4%-ს. შავ ჭირს იმიტომაც ჰქონდა ასეთი დამანგრეველი გავლენა ცენტრალურ ევროპაზე, რომ ცენტრალურ ევროპაში ძალიან ცოტა იყო ამ მუტაციის მატარებელი (განსხვავებით ჩრდილო ევროპისგან)[12].

მეცნიერების ჰიპოთეზით, ამ იმუნური წინაამღდეგობის წარმოშობა უკავშირდება ყვავილის ეპიდემიას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ვრცელდებოდა ევრაზიაში და ძირითადათ, კლავდა პუბერტატის ასაკის მიუღწეველ მოზარდებს. ისტორიულად, ასევე ცნობილია, რომ სავაჭრო გზებზე და მოგზაურობის ადგილებში მცხოვრებ პოპულაციაბს ჰქონდათ ყვავილის აცრის საკუთარი ვერსია: იმდენად, რამდენადაც ყვავილი შინაურ ცხოველებაც ემართებოდათ, ისინი, ყვავილის მსუბუქ ფორმას (მაგ. ყვავილიანი ძროხის რძის ხელებზე გადავლებით ან ინექციით) მართებდნენ მოზარდებს, რათა მათ ორგანიზმებს ანტისხეულები გამოემუშავებინათ ყვავილის მძიმე ფორმის მიმართ[13].

როგორც ზემოთ აღვნიშნე, შუა სუაკუნეებში, ცენტრალური აზიიდან უმოკლესი გზა ევროპისკენ ხევსურეთზე გადიოდა. ამიტომ, სავარაუდოა, რომ შავი ჭირის ეპიდემიაც ამ გზით შევიდა ევროპაში. ქართველებს, როგორც იმუნიტეტის (შეძენილი, „აცრით“, ან მემკვიდრეობით მიღებული) მქონეთ, არაფერი არ დაემართებოდათ, მაშინ, როდესაც ამ გენის არმქონე ფრანგებს და მათ შთამომავლობას - აუცილებლად შეეყრებოდა, ისევე, როგორც ეს მოხდა ცენტრალურ ევროპაში.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ანატორის აკლდამებში, რომლის თავდაპირველი სახელი ალბათ, „სანატორი“, „სანატორიუმ“ იყო და საავადმყოფოს, მოსარჩენ ადგილს ნიშნავდა, ტამპლიერების ძვლებია. როგორც ჩანს, ის ფრანგები, ვისაც შავი ჭირი ემართებოდა, სანატორიუმში გადაჰყავდათ და იქვე იხოცებოდნენ. სავარაუდოა, რომ მე-14 საუკუნის შუა წლებისათვის (1350 წელი, ევროპაში შავი ჭირის დასასრული), პირიქითა ხევსურეთში არცერთი ფრანგი და ფრანგის შთამომავალი აღარ დარჩა.

ვფიქრობ, ასეთი სცენარი კარგად ხსნის როგორც მხარის ტოპონიმების, არტეფაქტების და მითების წარმოშობას, ასევე, ტოპონიმების და ამბების ძლიერ ტრანსფორმაციას და ადგილობრივების მიერ რეალური ისტორიის დავიწყებას.


ფრანგების შემდგომ


როგორც ჩანს, ფრანგების გადაშენების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობდა მათი ტრადიცია შეენარჩუნებიდა. ამ ტრადიციებმა და ცხოვრების წესმა, მართალია სახეცვლილი ფორმით, მაგრამ მაინც მოაღწია მე-20 საუკუნემდე: ხევსურების ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, მათი იდენტობა, რომელიც მათ განსაკუთრებულ და გამორჩეულ მებრძოლობას უსვამს ხაზს, დუელის, წაწლობის წესები, რომლებიც საქართველოში სხვაგან არსად არ მოიპოვება, ვფიქრობ, არის ტამპლიერების ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს, ყველაზე ხელშესახები მემკვიდრეობა[14].


დასკვნის მაგივრად


რაც შეეხება თვითონ ჰიპოთეზას: მის დასადასტურებლად, ან უარსაყოფად საჭიროა არქეოლოგიური ექსპედიცია, რომლის მიზანიც პირიქითა ხევსურეთის შუა საუკუნეების სამარხების იდენტიფიცირება და გათხრა და ციხე სიმაგრეების ხის ნაწილების სინჯების აღება იქნება, შემდგომი ანალიზისთვის (მოჭრის ასაკის დასადგენად). ასევე, ანატორის აკლდამებში დაცული ძვლების გენეტიკური და მორფოლოგიური ანალიზი.


შენიშვნები:

[1] ამ ტექსტის მთავარი ინსპირატორი გაგა გობრონიძეა.


[2] სერგი მაკალათია, „ხევსურეთი“, თბილისი, 1984;


[3] http://liamslookathistory.blogspot.com/2016/05/georgian-highlanders-and-last-crusaders.html


[4] David Tinikashvili, Ioane Kazaryan. Crusaders and Georgia: A Critical Approach to Georgian historiography in: https://kadmos.iliauni.edu.ge/index.php/kadmos/article/viewFile/191/174.




[7] ტამპლიერების დროშის შესახებ https://en.wikipedia.org/wiki/Baucent




[10] დავით თარხნიშნვილის და ალექსანდრე გავაშელიშვილის ჯერ-ჯერობით გამოუქვეყნებელი შრომა.


[12] Michael Hopkin. Did Black Death boost HIV immunity in Europe? https://www.nature.com/news/2005/050307/full/news050307-15.html


[13] ვაქცინაციის ისტორია https://www.sciencelearn.org.nz/resources/181-the-history-of-vaccination


[14] როგორც დასაწყისში აღნიშნე, ამ ტექსტის მთავარი ინსპირატორი გაგა გობრონიძეა, რომელმაც მიაქცია ჩემი ყურადღება ხერხეულიძეების გერბს და 9 ძმა ხერხეულიძის დროშის ტარების წესს და მათ შესაძლო კავშირს ტამპილიერ რაინდებთან.

3,513 views
bottom of page