top of page
  • Writer's pictureადმინი

თათია გიგანი: "გერნიკა"




„ჩვენ ერთხელ დაგვსაჯეს ამისათვის“

აკაკი ბაქრაძე


რკინის ფარდის დაშვებამდეც ასე იყო.


ყოველ ახალ თაობას, დაბადებიდანვე, ამოტვიფრული გვაქვს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თარიღები. ჩვენ ვისჯებით თავისუფლებისთვის. მონები არ ვართ? აბა, ვინ ვართ? საკუთარი მიწიდან დევნილები, შიშებსა და სიბრმავეში შეხიზნულები,რა ჰქვია ადამიანს, რომლის სიცოცხლე და თავისუფლება სხვას ეკუთვნის?


ჩვენ თავისუფლებისთვის ვართ დასჯილები, ბორკილებდადებულები და როგორც გინდათ და რა ჭრილშიც გინდათ,ნიღბეთ ახლა ეს რეალობა. ისე, რეალობა ვინც დაგვანახა, გზა დაგვანახა - ტყვია დავაჭედეთ შუბლში, დავსაჯეთ და დავამთავრეთ ეპოქა.


მე თავისუფალი თაობის შვილმა, თუ ვიღაცის შვილიშვილმა - არჩევანი გავაკეთე, მაგრამ, სადღაც ჩაიკარგა ის ენერგია, რომელმაც ხვალ და ზეგ ქუჩაში უნდა გამომიყვანოს და ხმამაღლა მათქმევინოს: „არა, რუსეთს! დიდება სამშობლოს! დიდება უკრაინას! „ჩვენ თავისუფლებისთვის დასჯილი ძმები ვართ და ერთმანეთს არ მივატოვებთ! მაგრამ აი, დადგება 25 თებერვალი და ჩემი მეგობრები, ჩემი ლამაზი და თავისუფალი მეგობრებიც, მხოლოდ ლექსებს და ქართულ დროშებს გამოფენენ. არა აივნებზე, არამედ მატრიცის დაბზარულ კედლებზე და ამით დამთავრდება დღე - 25 თებერვალი!


2008 წელს, როცა რუსეთმა ომი დაიწყო! დიახ, დაიწყო! – სიცოცხლის დაკარგვის კი არა, სამართლიანობის, სამშობლოს დაკარგვის შემეშინდა, რადგან სიცოცხლე არ ღირს, მართლა, არაფრად ღირს, თუ შენი მიწა წართმეულია და მაისურზე წითელი ასოებით ისევ ამოტვიფრული გაქვს, როგორც წყევლა - ოკუპირებული ქვეყნის შვილობა.


ყოველ დღე, ყოველ წამს, სანამ ამ ბლოგს ბოლომდე ჩავიკითხავთ, ჩვენი მიწის საზღვრები ისევ ვიწროვდება, აქვე, ახლოს, მავთულხლართებიან რეალობაში, მაგრამ ამაზე არ ჩამოგვიხევია, არც სახე და არც ანაფორა, გავრილოვის სისხლიანი ღამეების მოთავეებსა თუმონაწილეებს.


საბჭოთა იმპერია, არც არასდროს დასრულებულა, მსოფლიომ კვება მისი სისხლის უჯრედები და ახლა, როგორც ბოსხის ჯოჯოხეთში, ხახადაღებული ბოროტება გვანაწევრებს.


რკინის ფარდის დაშვებამდეც ასე იყო.


სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერების უფლება წართმეულები - მონებად არ ვთვლით თავს (ჩვენს მიძინებულ სულს, აბა, როგორ ეკადრება) ვთვლემთ.

ისე, დასაკარგი რა გვაქვს, ოკუპირებული და დამონებული ქვეყნის შვილებს.

პ.ს. ყოველი ძალადობისა და ტანჯვის უკან დგას ადამიანი, რომელიც თავისი ეპოქის “გერნიკას” ხატავს. მთავარია რა არჩევანს გავაკეთებთ - აქ და ახლა!

bottom of page