top of page

ისტორიის გადაწერა მოსულა? ან ისტორიის გადაწერის ქართული ისტორია




წერილი ბ-ნ ოთარ ყარალაშვილს,


ბ-ნო ოთარ გამარჯობა,


დღეს სრულიად შემთხვევით ვნახე თქვენი გამოფენის ანონსი, ძალიან გავბრაზდი, თუმცა ისევ ანონსის ქრონომეტრაჟს დავაბრალე და გუგლს მივადექი - დავიწყე თქვენი გამოფენის შესახებ ინფორმაციის ძიება.

მინდა გითხრათ, ბევრი დრო არ წამართვა გუგლმა, კარგია თანამედროვე ტექნოლოგიები. ინფორმაციამ კი უფრო გამაბრაზა, დილიდან ვცდილობ ბრაზისაგან გათავისუფლებას, თუმცა არ გამომდის. მთელი დღეა თქვენზე ვფიქრობ, გილოცავთ J. ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ასე საჯაროდ მოგმართოთ.


რატომ?


იმიტომ რომ რამდენიმე დღის წინ დიდი დებატები მქონდა და აღშფოთებით ვწერდი ისტორიის სახელმძღვანელოების ავტორებს თუ რატომ არ შეიძლება ისტორიის გადაწერა. ვიწვევდი დებატებში, თუმცა რა თქმა უნდა არავინ შემეხმიანა, არადა ძალიან მშვიდად არგუმენტირებულად მინდოდა დისკუსია წარმართულიყო და თუ დამარწმუნებდნენ, რომ ისტორიის ჩემეული აღქმა ჩემი პირადი პრეფერენციების შედეგი იყო და რეალურად სახელმძღვანელოს პრობლემა არ ჰქონდა, მზად ვიყავი საჯარო ბოდიში მომეხადა ავტორებისათვის მისაღები და სასურლველი ფორმით.

სწორედ ამიტომ თქვენთანაც ამ ფორმას გამოვიყენებ.

2018 წელი იყო, თუ სწორედ მახსოვს, თუ ზუსტი თარიღი დაგაინტერესებთ, ელ-ფოსტაზე შევამოწმებ, გიგიმ დაწერა წიგნი - კრიტიკული აზროვნების მეგზური. წიგნის მნიშვნელობა ჩემთვის და მისი ღირებულება, გარდა შინაარსისა, იმით იყო განსაკუთრებული, რომ მოიფიქრა რა ფორმატის წიგნი უნდა ყოფილიყო: ანუ, წიგნის ტექსტი და პლიუს ილუსტრაციები, რომლებიც დამოუკიდებლად მოყვებოდნენს ისტორიას. თან, ილუსტრაციები კიდე სხვა შინაარსით გაამდიდრებდნენ ტექსტს. მოიფიქრა როგორი უნდა ყოფილიყო ილუსტრაციები. აღწერა თითოეული მათგანი და ფაქტობრივად ახალი ტიპის წიგნის ფორმა გამოვიდა.


ეს საიდან ვიცი? - წიგნის ტექსტის და ილუსტრაციების პროცესს სახლში განვიხილავდით დეტალურად.


რაკი წიგნი გამოსაცემად მზად იყო, გიგი დაუკავშირდა თავის მეგობარს თინა მამულაშვილს ანუ სულაკაურის გამომცემლობას და თინაც დათანხმდა ამ ახალი სახის წიგნის გამოცემას.


ამის შემდეგ დაიწყო ფიქრი ვის უნდა შეესრულებინა ილუსტრაციები. ჯერ გია ბუღაძე განიხილებოდა, თუმცა წიგნის გამოცემის ბიუჯეტში ვერ ჩაჯდა, ამიტომ თქვენ მოგმართათ და თქვენც საკუთარი თავი შესთავაზეთ ილუსტრატორად. პასუხიც კი კარგად მახსოვს - ჩემზე უკეთეს ილუსტრატორს სად იშოვი ამ წიგნისთვისო, უთხარით :).


ვაშა, ილუსტრატორიც გაუჩნდა კრიტიკული აზროვნების მეგზურს და დაიწყო ორ წლიანი ინტენსიური მუშაობა. ჯერ გიგიმ გამოგიგზავნათ ილუსტრაციების აღწერები, შემდეგ დაიწყეთ დიდი მსჯელობები შინაარსთან და ილუსტრაციებთან დაკავშირებით. ძალიან გვიხაროდა ყველას, რადგანაც ასე ინტენსიურად და გულმოდგინებით იქმნებოდა ეს წიგნი. ყოველი ილუსტრაციის განხილვა მახსოვს, როგორ ველოდებოდი გიგის, თქვენი გამოგზავნილი უკვე შექმნილი ილუსტრაციები რომ მენახა...



გავიდა 2 წელი, წიგნი გამოიცა. საჯარო პრეზენტაციებზე, ტრენინგებზე, მასტერკლასებზე თუ სალონურ საუბრებში სადაც ამ წიგნის შესახებ ვსაუბრობდით მე, გიგი თუ ჩვენი მეგობრები, ყოველთვის ავღნიშნავდით როგორ შეიქმნა ეს ილუსტრაციები და როგორი წარმატებული აღმოჩნდა თქვენთან პარტნიორობა.

ალბათ ხვდებით ხო რატომ გავბრაზდი?


ძაან რომ არ გადაიღალოთ, ერთ ციტატას მოვიყვან თქვენი გამოფენის ანონსიდან:


გამოფენის ავტორი, ტექსტის ინტერპრეტაციის პროცესში, საძიებო სისტემის ფუნქციას ასრულებს. თითოეული ილუსტრაცია დამუხტულია ფარული და პირდაპირი ციტატებით, სიმბოლოებით, მეტაფორებითა და ალუზიებით. გამოსახულებაში ტექნიკური ნახაზებისა და შუა საუკუნეების აბჯრის, სამეცნიერო ილუსტრაციის და დაზგური მხატვრობის შედევრების, ძველი ხელნაწერებისა და თეატრალური ნიღბების ფრაგმენტები ერთ მთლიანობას ქმნის.

გამოფენა გვთავაზობს ილუსტრაციის, როგორც ჟანრის ახლებურ გაგებას, სადაც ილუსტრაცია ერწყმის ფილოსოფიას, ფილოსოფია - მუსიკას, მუსიკა - პროგრამირებას, პროგრამირება - პოეზიას, პოეზია - არქიტექტურას, არქიტექტურა - ქანდაკებას. ვიზუალური ხელოვნების ეს მიმართულება, დღეს აღარაა მიბმული მხოლოდ ბეჭდურ წიგნზე, როგორც მედიუმზე, ის შეიძლება იყენებდეს ყველა არსებულ ნიშანთა სისტემასა და გამომსახველობით საშუალებას.


ეხლა შეკითხვები მაქვს და იქნებ მიპასუხოთ:


1. არ თვლით, რომ ისტორია გადაწერეთ თქვენთვის სასურველი რაკურსით?

2. ამ სტილის ილუსტრაციები და ეს პროექტი თქვენი იდეაა?

3. თქვენი აზრით, ილუსტრაციები ღირებულია ციფრული კოლაჟის ტექნიკის გამოყენების გამო, თუ წიგნის პროექტის შინაარსის გამო, რომელიც თქვენ არ გეკუთვნით?

4. არ გეუხერხულებათ ამ სახის ქცევა? ამას ასწავლით ახალ თაობას?

5. როდესაც საავტორო უფლებების პრობლემებს განიხილავთ და იდეის „ოსტატურად მოპარვაზე“ ისაუბრებთ, უხერხულობას არ იგრძნობთ?

6. ეს შეკითხვა კი ძაან სასაცილოა ზემოთ ჩამოთვლილი შეკითხვების შემდეგ, ამ შინაარსის და ფორმის იდეის ავტორი არ უნდა მოგეწვიათ გამოფენაზე?



მე ჯერ არ ვყოფილვარ თქვენს გამოფენაზე, თუმცა აუცილებლად ვეწვევი. პირობას გაძლევთ. თქვენ კი იქნებ უხერხულობა მაინც იგრძნოთ და თუ მე რაიმე ინფორმაცია არასწორად აღვიქვი ამ გამოფენის შესახებ, რომელსაც რატომღაც „ჯადოსნური ბაღი“ დაარქვით, ამიხსენით და თქვენც საჯარო ბოდიშს მოგიხდით, თუ არა და სანამ გამოფენა ჯერ კიდე მიმდინაროებს, იქნებ დააკორექტიროთ ინფორმაცია.


P.S. ვიცი გიგი ძალიან გაბრაზდება ამ წერილის გამო, მაგრამ მიმაჩნია რომ სიმართლე უნდა ითქვას. ასევე წერილში მოყვანილი ყველა დეტალი ელექტრონულ სამყაროში, ელ-ფოსტაზე და მესენჯერში კარგად ინახება. ხომ გითხარით დასაწყისში, რომ კარგია ელექტრონული სამყარო :).


ნინი ჭაჭია.

bottom of page