top of page

ნინი ჭაჭია: იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა


ჩემს მეგობარ თ-ს და „მისნაირებს“,


მეორე თვეა ამ წერილს გწერ. ცოტა დავაგვიანე კიდეც, თუმცა რადგანაც დაგპირდი, შევასრულებ კიდეც. რთულია ისაუბრო დანაკარგზე, როდესაც ახლა დაკარგე. დანაკარგის გააზრებას და მიღებასაც დრო სჭირდება...


თავიდან ვიფიქრე, რომ დანაკარგის, გლოვის ეტაპებზე მომეწერა შენთვის, წერილი ავკრიფე კიდეც, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე ...


რატომ?


იმიტომ რომ ვფიქრობ, უფრო მნიშვნელოვან საკითხზე გაგიმახვილო ყურადღება. გლოვისა და დანაკარგის ეტაპებს გუგლშიც იპოვი. თან იმასაც თუ გავითვალისწინებ, რომ მთხოვე მომეწერა დანაკარგზე, რადგანაც ჩემთვის ეს თემა ძალიან მტკივნეულია და ვერ ვეგუებიო და ისიც დააყოლე, რომ მგონია ბევრნი არიან "ჩემნაირებიო". სწორედ ამიტომ მინდა გაგახსენო სამყაროს მრავლფეროვება და ასევე, რა მნიშვნელობა აქვს დანაკარგს ჩვენი ცხოვრებისათვის.


მოდი გავიხსენოთ როგორ ვიბადებით?


ქალი, რომელიც ეს ესაა ბავშვს გააჩენს, საათს დაჰყურებს და ტკივილის დროის ინტერვალებს ითვლის. საათში ერთხელ გააქტიურებული ტკივილი ნიშანია იმისა, რომ მალე ახალი სიცოცხლე მოევლინება ქვეყანას. მერე 30 წუთში ერთხელ ესეც ნიშანია, 10 წუთში ერთხელ 5 წუთში ერთხელ და ვიცით რომ იწყება. ეს ჩვენი ბუნებაა და ეს ტკივილი ჩემი აზრით ყველაზე დიდ სასწაულთან მოახლოებას გვანიშნებს. ხო, როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჩვენს ცხოვრებაში ტკივილი ახალი, საინტერესო და ჩვენთვის ჯერ ამოუცნობი ეტაპის ნიშნანია. ტკივილი კი დანაკარგის გარეშე არ ჩნდება.


არადა ჩვენ, ადამიანები, ყოველდღიურად გავურბივართ ტკივილს, გვინდა დავემალოთ, არ ვიფიქროთ მასზე, გვეშინია კიდეც...


არადა თუ გავიზარებთ ჩვენი განვითარება კომფორტის ზონიდან გამოსვლაა და სრულიად უცნობი, შესაძლოა ჩვენთვის საშიშ გარემოში ადაპტაციაც. ეს ამბავი კი ტკივილის და დანაკარგის გარეშე წამოუდგენელია. თუ არ დავეცემით, თან რამდენიმეჯერ მაინც, სიარულს ვერ ვისწავლით. მარცხის გარეშე გამარჯვების სიტკბოს ვერ გავიაზრებთ.


ჩვენი მშობლების, მეგობრების და მნიშვნელოვანი ადამიანების გარემოცვა მნიშვნელოვანია, გეთანხმები. სწორედ ამ მნიშვნელოვანი ადამიანების დახმარებით გვექმნება პატარაობისას განვითარების ხელშემწყობი გარემო, თუმცა აუცილებად დგება დრო, როდესაც ჩვენ დამოიკიდებლად და თავისუფლად უნდა შევძლოთ ახალი სამყაროს ჯერ კიდევ აუთვისებელი მწვერვალების დაპყრობა. ამისათვის მზად უნდა ვიყო და ამას არ უნდა გავექცეთ, რათა დაცემამ დიდი დრო არ წაგვართვას...


ხედავ, სიცოცხლეში წინსვლის ბიძგი, მამოძრავებელი ძალა უარყოფითი ემოციაა. დიდი ტკივილი კი დიდი გარდატეხის, ცვლილების და განვითარების დასაწყისი. თუ არაფერი გაწუხებს, ვერც ვერაფერს აკეთებ.


მოდი კიდე ერთ საკითხს გაგახსენებ: ადამიანი არის ის, რა სურვილებიც აქვს, მაგრამ ამავე დროს ადამიანი არის ის, რასაც სწავლობს. სწავლა კი თავის თავად კომფორტის ზონიდან გამოსვლას და ახალი სივრცის ათვისებას გულისხმობს.


მახსოვს გიგის წიგნში ეს წინადადება პირველად როდესაც წავიკითხე, მეგონა ჩემს ნააზრევს და ნაფიქრალს ყველაზე გენიალური ფორმულირება მოუფიქრა :) . თუ კარგად არ გახსოვს, გადაკითხე გიგის წერილები თავისუფლების და ჩვენ შესახებ. აქ აღარ დაგტვირთავ ამ შინაარსით.


ადამიანი არის ისტორია, შინაარსი. ხოლო შინაარსმა რომ გაგვიტაცოს, ემოციური, ინტენსიური და მოქმედებებით სავსე უნდა იყოს. ჩვენ არ ვინტერესდებით იმით, ვისაც მოსაყოლი არაფერი აქვს მნიშვნელოვანი, არაფერი განუცდია და გასაზიარებელიც არაფერი აქვს.


და თუ თავისუფლება ჩვენი სურვილების აღსრულებას გულისხმობს, მაშინ გაიხსენე, რომ შენი სურვილები მიღწევის მთავარი მექანიზმი, იარაღი არის შეკითხვა - რა შემიძლია მე გავაკეთო იმისათვის, რომ ამას მივაღწიო? და ასევე რა მესაჭიროება ამისათვის?


ხედავ, შენი ცხოვრების მთავარი შემოქმედიც შენ ხდები ამ შეკითხვებით, სადაც მთავარი აქტორი შენ ხარ. რთულია ხო, მაგრამ საინტერესოც.


2 თვის წინ ანგელოზებმა ერთი თამაში ითამაშეს - „ვისი სული გსურს’ და ჩემი მეგობარი აირჩიეს. მზიანი დღე იყო, უცებ ქარი ამოვარდა, საქმეებზე გასულმა ჯაჯღანი დავიყე, ქარი სახეში მეხეთქებოდა... მერე გავიგე, რომ ჩემი მეგობარი გაფრინდა...სამყარო გაშეშდა... ფერები დაკარგა ...


ძალიან გვიან მივხვდი, რომ ქარი რომელმაც იმ დღეს ასე გამაბრაზა, ჩემი მეგობრის ალერსი იყო, სანამ გაფრინდა, სხვა, ჩემთვის უჩვეულო ფორმით, მაგრამ მაინც მომეფერა და ისე გაფრინდა. ალბათ ასე დამემშვიდობა....


მეტკინა, ეხლაც მტკივა. ბევრი ვიტირე, ეხლაც ვტირივარ ხანდახან. მაგრამ მივხვდი, რომ ამ ტკივილმა გამაცოცხლა, მაჩვენა რამხელა ბედნიერების პატრონი ვიყავი ეს მეგობარი რომ მყავდა, დავინახე რამხელა სიყვარულის ტარება შემეძლო, სიყვარულის რომელსაც ვერ ვამჩნევდი და ვთვლიდი რომ ეს ჩვეულებრივი რამ იყო, აბა სხვანაირად როგორ იქნებოდა?


ამ ტკივილმა ისიც მაჩვენა, თუ რა მადლიერი ვარ „ჩემი ადამიანების“, ჩემი გარემოსი,მეგობრების, ოჯახის, შვილების. ამ დღის მერე ვცილობ დავიჭირო ყველა წამი ამ ჩემი კონფორტის ზონის, რათა მერე, როცა დრო მოვა ამ სიყვარულის ენერგიით სხვა, ახალ სამყაროში გადასვლისათვის მზად ვიყო....


გახსოვდეს სიტყვა მიყ-ვარ-ხარ - რა საიდუმლოს მალავს თავის თავში? ვარ და ხარ და ეს ყველაფერი აწმყოშია, ანუ ცოცხლია. ანუ სადაც არ უნდა ვიყო და რა განზომილებაშიც. ამიტომ სადაც შენ ხარ, იქაც მე ვარ. სანამ გიყვარვარ, მე ცოცხალი ვარ <3.


აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ანგელოზები კვლავ ითამაშებენ „ვისი სული გსურს“ და მე ამირჩევენ. და სწორედ მაშინ, მინდა გახსოვდეს, რომ ჩვენ, თავისუფლების კუნძულის ბინადრები, მუდმივად ვცდილობთ თავისუფლების, სიყვარულის და პოზიტივის ენერგიის შექმნას. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. გაიხსენე რამდენჯერ გვიციანია მედალიონის „ბევრ“ მხარეზე . ჩვენ ვირჩევთ რა მნიშვნელობა მივანიჭოთ, რა ინტერპრეტაციით შევხედოთ სამყაროს, მასში არსებულ მოვლენებს და შინაარსებს. სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენს ღირებულებებს და მნიშვნელობას.


არ დაგავიწყდეს, რომ ნეგატივი, უარყოფითი შეფასებებით სამყაროს ფერებს უკარგავს და სადღაც ბნელ, ნესტიან სარდაფში ჩაყავს ჩვენი არსება. სარდაფში ყოფნა კი სიკვილია. და სწორედ მაშინ, როდესაც მე სხვა განზომილებაში გადავალ, მაშინ შეიგრძნობ თუ რამხელა პოზიტივის, სიყვარულის და ემოციების მატარებელი ადამიანი ხარ. რა სიმძლავრის მუხტს ატარებდი და ამას არ იმჩნევდი, ამიტომ შეიყვარე, დააფასე და არ დაუკარგო ფერები ამ გრძნობას. იციმციმე, იარე, იმოძრავე და ამით ჩვენი მეგობრობის კვალი დატოვე, გააზიარე და განაგრძე.


ჩვენთვის საინტერესო ისტორია ხომ ასე იწყება: იყო და არა იყო რა... ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? და აუცილებლად სრულდება ასე - ჭირი იქა, ლხინი - აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა, რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია.


bottom of page