top of page

ნინი ჭაჭია: პარასკევი 13 - ცრურწმენა


ცრურწმენა — ცრუ შეხედულება, რომელიც წარმოადგენს რწმენას რაიმე ზებუნებრივ, იდუმალ, იმქვეყნიურ ძალებში. მოიცავს ვარაუდს, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელს, რომ ამ ძალებისგან შესაძლებელია თავდაცვა ან ადამიანისთვის მისაღები კომპრომისის მიღწევა. ეს ერთგვარი ირაციონალური ქცევაა, რომელიც ხშირად ჩვენდა უნებურად განსაზღვრავს ჩვენს ბევრ ქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ვხვდებით, რომ შეუძლებელია ცრურწმენა ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავდეს, სიცოცხლის განმავლობაში დალექილი ცოდნა მის შესახებ არ გვაძლევს საშუალებას სხვანაირად მოვიქცეთ.


ოჰაიოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგი სტივენ გრიფი ამბობს: “ადამიანებიქმნიან კავშირებს თავიანთ ქმედებებს, ფიქრებს, გრძნობებს, საგნებსა თუ სხვა სიმბოლოებს შორის. ეს ასოციაციები ვითარდება ცხოვრების არაპროგნოზირებადი ნაწილის გასაკონტროლებლად.”


ცრურწმენები თითქმის ყველა კულტურისთვისაა დამახასიათებელი. არსებობენ ძალიან ე.წ. საერთაშორისო ცრურწმენები და ასევე არსებობენ ადგილობრივი ცრურწმენებიც.


და მაინც საიდან მოდის პარასკევი 13-ის შიშები?


უამრავი ადამიანი ამ დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, მათ მიაჩნიათ რომ იგი უბედურების მომტანია, ანუ არის ადამიანისთვის ყველაზე უიღბლო დღე. ამ მოსაზრებას რამდენიმე ისტორიული საფუძველი აქვს. ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად პარასკევი 13-ის შიში XIV საუკუნის საფრანგეთში, მეფის ფილიპ IV-სა და ტამპლიერებს შორის მომხდარ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ფაქტს უკავშირდება.


ქრისტესა და სოლომონის ტაძრის რაინდები, ანუ ტამპლიერები შუა საუკუნეებში რელიგიური ომების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონაწილეები იყვნენ. ეს ორდენი 1118 წელს იერუსალიმში დაარსდა და მისი რაინდების მიზანი ქრისტიანი მომლოცველების დაცვა იყო ჯვაროსნული ომებს დროს. ისტორიკოსთა ცნობით, ტამპლიერების მიმართ შური გასჩენია საფრანგეთის მეფეს ფილიპ IV-ს (1285-1314). მისი მიზანი იყო საფრანგეთში ტამპლიერების ავლადიდებას დაპატრონებოდა და ამისთვის ამ ორდენის გაუქმება და რაინდების დაპატიმრება განიზრახა. ფილიპ IV ცდილობდა ფრთხილად ემოქმედა და მიზნის მიღწევის შემთხვევაში ყველაფერი ისე წარმოეჩინა რომ იმდროინდელ რომის პაპს კლემენტ V-ს ღიად არ დაპირისპირებოდა. ამიტომ მან გადაწყვიტა ტამპლიერების შეპრობისთანავე მათთვის სხვადასხვა ბრალდებები წაეყენებინა. 1307 წლის 13 ოქტომბერს, პარასკევ დღეს ფილიპ IV-მ განთიადიდანვე დაიწყო მზადება ტამპლიერთა დასაპატიმრებლად, რაც იმავე დღეს ზედმეტი ხმაურის გარეშე მოახერხა (შეპრობილთა შორის იყო ტამპლიერთა თვალსაჩინო წარმომადგენელი ჟაკ დე მოლე). მეფემ ტამპლიერები სასტიკად აწამა, რათა მათგან გამოგონილი დანაშაულის იძულებითი აღიარება მოეპოვებინა. რომის პაპი იძულებული იყო დასთანხმებოდა წამებით მიღწეულ აღიარებებს, რომ ტამპლიერები მამათმავლობის ცოდვას სჩადიოდნენ და ქრისტიანულ ჯვარს შეურაცხყოფდნენ.


1307 წლის 13 ოქტომბერი ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და უიღბლო დღედ მიიჩნევა მსოფლიო ისტორიაში. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ეს ისტორიული ფაქტია პარასკევი 13-ის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებისა.


კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც პარასკევი 13 “შავ დღედ” მიიჩნევა თავის საფუძვლებს ბიბლიაში ჰპოვებს. ბიბლიის მიხედვით საიდუმლო სერობის (პურობა ქრისტესი და თავისი მოწაფეებისა) ბოლო, ანუ მეცამეტე სტუმარი იუდა იყო, პარასკევ დღეს კი ქრისტე ჯვარზე გააკრეს. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ადამმა და ევამ აკრძალული ხილი სწორედ პარასკევ დღეს გასინჯეს და რომ პარასკევ დღეს მოხდა დიდი წარღვნაც.

არსებობს აგრეთვე მოსაზრება, რომ ცნება “პარასკევი 13″ შესაძლოა კავშირში იყოს ნორვეგიულ მითოლოგიასთან, რომლის მიხედვითაც, როცა 12 ღმერთი ლხინს მართავდა, მათ გამოეცხადათ მეცამეტე, დაუპატიჟებელი სტუმარი, სიბნელის ბრმა ღმერთი, რათა მათგან ერთ-ერთი, ლხინისა და მხიარულების ღმერთი მოეკლა. ხოლო სიტყვას “პარასკევი” (Friday) შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ფრიგასთან, სიყვარულისა და გამრავლების ქალღმერთთან ამავე მითოლოგიიდან.

კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი პარასკევი 13-თან დაკავშირებით:მაგალითისთვის, აშშ-ში საგრძნობლად დაბალი იყო ამ დღეს დაქორწინების მსურველთა რიცხვი. ამის საპასუხოდ, 1913 წელს ნიუ ჯერსის ერთ-ერთმა პასტორმა გადაწყვიტა უფასოდ დაექორწინებინა წყვილები ამ დღეს. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი იტალიელ კომპოზიტორს როსინის უკავშირდება. ცნობილია, რომ იგი რიცხვ 13-ს თარს რიცხვად მიიჩნევდა და ასეთივე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პარასკევ დღესთან. თუმცა, გამოჩენილი კომპოზიტორი ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ 1868 წლის 13 ნოემბერს, ერთ მშვენიერ პარასკევ დღეს დატოვებდა წუთისოფელს.



ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ ცრურწნები ჩვენი პრიმიტიული, პირველყოფილი ცხოვრების გადმონაშთია. მას არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანის რეალურ ცხოვრებასთან, თუმცა ბევრისთვის ცხოვრებისსაინტერესოდ და მისტიურად ქცევის საშუალებას იძლევა.



bottom of page