top of page

ნინი ჭაჭია: #პირისპირ_დაბადება_5მცნება



დაბადება


ყველაფერი ძალიან უცნაურად დაიწყო... დიდი ხანია, ვფიქრობ თვითრეფლექსიის მეგზურის ბლოგების სერიის დაწერაზე. ამოცანა თითქოს ძალიან მარტივია, ბლოგის ტექსტი უნდა იყოს აწყობილი ისე და იმ შინაარსით, რომ ადამიანს დაეხმაროს საკუთარი თავის გაცნობა-მიღება-შეყვარებაში. უამრავი ტექნიკა ვიცი. წლების განმავლობაში პრაქტიკული მაგალითებიც დამიგროვდა, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის პროცესში. მაგრამ მაინც ვწვალობ, რთულია დაწყება...



ერთ დღესაც გოგოებს ჩატში მივწერე - სიტყვა ტექსტია-მეთქი. თუ შეიძლება, სიტყვა, იყოს სიტყვაც და იმავდროულად ტექსტიც? ბევრი ვიმსჯელეთ და ვერ შევთანხმდით.... ან შეიძლება შევთანხმდით კიდეც. საუბარი დავასრულეთ იმით, რომ ვაღიარეთ: გავიგეთ ის, რომ ვერაფერი გავიგეთ...



ცოტა ხანში გოგოებს მივწერე #პირისპირ უნდა დავარქვა ჩემი ბლოგების სერიას და რას ფიქრობთ ამის შესახებ-მეთქი. თან ავხსენი: საკუთარ თავთან, სიყვარულთან, შიშებთან, მეგობრებთან, სისტემასთან, მორჩილებასთან და უამრავ შინაართან პირის-პირ უნდა დადგე, რათა შენი თავი იპოვ-მეთქი. უეცრად თინამ, ჩემმა მეგობარმა, ძალიან კარგი იდეა მომაწოდა: მოდი, ჩვენ ყველამ დავწეროთ ჩვენი ამბები პირის-პირო. გენიალური იდეაა, ვიფიქრე და აი ასე, უკვე გადაწყვეტით ავაკაკუნე კლავიატურა. იმედი მაქვს, #პირისპირ -ის დაბადება ბევრ ადამიანში გააჩენს ინტერესს და რაც მთავარია, მისცემს შესაძლებლობას პირის-პირ დადგნენ საკუთარი ცხოვრების გზასთან.



რა საჭირო იყო ამ ისტორიის მოყოლა? არ ვიცი, ალბათ ჩემთვის ჩავინიშნე და გაგიზიარეთ.



ცხოვრება ქაოსია. სხვანაირად ვერ იქნება, რადგანაც 5 მილიარდი ადამიანის წარმოდგენებით შექმნილი ადამიანთა სამყაროა. 5 მილიარდი პირობითი ციფრია, მეტიც შეიძლებოდა დამესახელებინა, მაგრამ მიყვარს ციფრი 5, ამიტომ აქ შევჩერდები.

პირველად იყო სიტყვა...



აი, ამოსავალი წერტილი აქ ვიპოვე. რა განსხვავებაა ცხოველთა სამყაროსა და ადამიანთა სამყაროს შორის? ბევრ მეცნიერულ დეტალში არ შევალ, უბრალოდ, აქ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას. ჩვენი ტვინი სხვანაირი ალგორითმით მუშაობს, სააზროვნო სისტემას ვგულისხმობ. ჩვენ ინსტინქტების გარდა, სააზროვნო სისტემა სხვადასხვა ტექსტებითა თუ შინაარსებით გვაქვს დატვირთული. ამ ტექსტებსა თუ შინაარსებში ვქმნით რაღაც ჩვენეულ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს და გარკვეულ დასკვნებსაც ვაკეთებთ. სწორედ ეს შინაარსები განსაზღვრავენ ჩვენს ცხოვრებას. მარტივად გეტყვი: ვაშლი არასოდეს მოგინდება თუ არ გეცოდინება, რომ ვაშლი არსებობს. თუ არსებობს, ეს შინაარსი შენს სააზროვნო სისტემაში უკვე დაწერილია.



ყველაფერი რასაც ვფიქრობთ, ვგძნობთ, განვიცდით არის ჩვენი სუბიექტური პრიზმის ანარეკლი იმის შასახებ, თუ რა ხდება სამყაროში. ჩვენი ტვინის მიერ შექმნილი ჰალუცინაციაა, ან, თუ გინდა, ილუზია დავარქვათ. ჩვენ თვითონ ხომ განპირობებულები ვართ ჩვენი აღზრდით, კულტურით სადაც ფორმირება განვიცადეთ, ჩამოვყალიბდით. ხშირად გვეჩვენება, რომ გააზრებული არჩევანით ვცხოვრობთ, თუმცა, იმაზე არ გვიფიქრია, რომ ჩვენ შეგვქმნა სოციალურმა სისტემამ, რომელიც თავად გაეხვია საკუთარ ცრურწმენებში, წარმოსახვებში, წარმოდგენებსა და უცოდინარობაში - სუბიექტური პრიზმიდან ობიექტური რეალობის შესახებ ჩამოყალიბებულ ჭეშმარიტებაში. სწორედ ამიტომ, თითოეულ ადამიანს სურს იცხოვროს იმაზე უკეთესი ცხოვრებით, ვიდრე ცხოვრობს. ხშირად განიცდის, თითქოს, საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობს და ამ დილემებში გახლართულმა არ იცის, როგორ მოიქცეს. ჩვენ ხშირად ვიტანჯებით მარტოობითა და შინაგანი სიცარიელით, უშინაარსობითა და რაღაც დიდებულისაკენ ლტოლვით, ნოსტალგიით. ჩვენ ვიტანჯებით მიზნების ნაკლებობით, საკუთარი სურვილების, ფანტაზიებისა და უმჯელობების არალეალიზებულობის გამო. და რა არის გამოსავალი? სად არის ინდივიდუალიზმი, ადამიანის მე? თავისუფლება და ა.შ?



გამოსავალი ძალიან მარტივია. ამ სოციალური სისტემების ქაოსში მნიშნელოვანია დავადგინოთ ჩვენი სურვილები და მათი განხორციელების გზები ვიპოვოთ. სწორედ ეს არის სოციალური არსებების თავისუფლება და რა თქმა უნდა, სამყაროში ქცევის წესების მოდიფიკაცია - იქნება ეს დაწერილი ,თუ დაუწერელი ნორმები, კანონები, წეს-ჩევულებები.



სამწუხაროდ, ამას არავინ არასოდეს გვასწავლის, არც იმას გვეუბნებიან რომ სურვილების, მოთხოვნილებების ქონა მნიშვნელოვანია, ზუსტად ისეთი მნიშვნელობის როგორც შიმშილის, წყურვილის, სექსის, თუ სხვა მოთხოვნილებების იდენტიფიკაცია. შიმშილის შეგრძნება თუ ვერ დავაიდენტიფიცირეთ, ხომ დავიხოცებით?

არჩვევანი სულ ორია: პირველი - სოციალური სისტემის უკვე დადგენილ ნორმებში მოქმედება, სადაც მუდმივად გექნება განცდა რომ შენი ცხოვრება არასწორი მიმართულებით მიდის, ან მეორე - შენი სურვილების დადგენა და ამ სურვილების მიღწევის შესაძლებლობების შექმნა. ეს უკანასკნელი რთულია, ბევრ ტკივილთან, დაცემასა და აღმაფრენასთანაც ასოცირდება, მაგრამ უფრო ნამდვილია და განსაკუთრებული. ვიცი, ჩვენი ევოლუციური მექანიზმი, სოციალურ არსებებს ვგულისხმობ ამჟამად, ისეა მოწყობილი, რომ ბევრი სოციალური სისტემის ნაწილად ყოფნას ირჩევს, ანუ მორჩილების სისტემაში ცხოვრებას, თუმცა სწორედ ესაა საინტერესო, რას აირჩევ შენ. რის პირიპირ გინდა დადგე - შენი პირადი მიზნების, თუ წარმოსახვითი სოციუმის ჩანაფიქრების?



თუ სოციალური სისტემის მორჩილების პირის-პირ დგომა შენი არჩვევანია, ეს ბლოგ-სერია შენთვის არ არის. ჩაკეცე და აღარასოდეს მოუბრუნდე, დროს დაკარგავ, ფუჭად. თუმცა, თუ შენი არჩევანი თავისუფლებისაკენ სწრაფვაა, სადაც დიდი თავგადასავლები, წინააღმდეგობები და ბრძოლები გელის, მაშინ პირის-პირ ამბები შეიძლება გამოგადგეს კიდეც. აქ, სხვადასხვა ვერსიებსა და უმსჯელობების პირის-პირ ვაპირებ(თ) ყოფნას.

სანამ პირის-პირ დავდგებით, სხვადასხვა შინაარსის წინ, მინდა რამდენიმე ხედვაზე შევთანხმდეთ, სხვანაირად არ გამოვა: ჩვენც გვჭირდება საერთო წერტილი რასაც დავეყრდნობით.



5 მცნებას შემოგთავაზებთ. ჩემი მოგონილი არაა, ქოუჩინგში 5 პრინციპს ეძახიან, თუმცა სანამ ამ მცნებებს ამ სახელით გავიცნობდი, მანამდეც თითოეული მათგანი ჩემი ცხოვრების განმაპირობებელი იყო.

მაშ, ასე:


1. ადამიანები არიან ისეთები, როგორებიც არიან. მათ ყველაფერი რიგზე აქვთ - აქ სწორედ იმაზეა საუბარი, რომ „ცუდი და კარგი“ ჩვენი პირადი შეფასებებია და/ან დაწესებული სოციალური ნორმების შეფასებები. როდესაც ვიღაცას ვიღებთ ისეთს როგორიც არის, ან - ვერა, ან მოგვწონს ან - არა, ან ვაღიარებთ ან - არა.


2. თითოეული ადამიანის შიგნით არსებობს ყველა საჭირო რესურსი - ეს სწორედ ის ამოსავალი წერტილია, რომ პოტენციურად ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობები მიაღწიოს საუკეთესოს. ანუ, თუ ერთ ადამიანს მაინც აქვს რაიმე მიღწევა, ყველას შეუძლია ამის გაკეთება. Მთავარია, რამდენად მზად არის ადამიანი დაიხარჯოს სასურველის მისაღწევად.


3. ადამიანი ყოველთვის აკეთებს საუკეთესო არჩევანს მოცემულ მომენტში და ამისთვის არ იმსახურებს დადანაშაულებას, ან გაკიცხვას - ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. აქ, უნდა გავიაზროთ ის, რომ კონრეტულ მომენტში, ვითარებაში მიღებული ჩვენი გადაწყვეტილება იმ დროს ჩვენი ყველა კომეტენციისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით, საუკეთესო იყო. წარსულის მოვლენების შეფასება და ამით საკუთარი თავის, ანდა სხვისი დადანაშაულება არასწორია, რადგანაც წარსულის იმ კონრეტულ მომეტში ჩვენ არ გვქონდა ის გამოცდილება, რითაც ახლა ვოპერირებთ.


4. ყველა ქმედებას საფუძვლად პოზიტიური მიზანი უდევს. მაშინაც კი, როცა გარედან სხვაგვარად ჩანს. თავის ტვინი მუშაობს ხატებით, რაკი ჩვენს სააზროვნო სისტემაზეც უკვე ვისაუბრეთ, მაშინ გამოდის, რომ შინაარსები მეხსიერებაში ვიზუალებით არის შენახელი. მოთხოვნილების გაჩენისას, ჩვენი სააზროვნო სისტემა კონრეტულ შინაარსთან აბამს ამ მოთხოვნილებას. და ბოლოს, მოთხოვნილების დაკმაყოფილება არ შეიძლება იყოს ნეგატიური. სხვა საკითხია, რამდენად ჯდება ის სოციუმის, ან ინდივიდის შეფასებით სისტემაში, მორალში და ა.შ.


5. ცვლილებები გარდაუვალია - სამყარო ცოცხალია, შესაბამისად ცვლილებები ხდება. უმსჯელობაა სტაბილურობის მოთხოვნა ცვალებად სამყაროში. სტაბილურად წინ მოძრაობა სხვა საკითხია. ამიტომ, მნიშვნელოვანია სამყაროს ცვალებადობის მიღება, გააზრება და ფეხდაფეხ გაყოლა.


ეს იყო #პირისპირ-ის დაბადება და 5 მცნება. თუ თქვენთის ეს მცნებები მისაღებია და მზად ხართ გამოგვყვეთ მოგზაურობაში თავისუფლების საძიებლად, შემოგვიერთდით. სანამ ახალი შინაარსის პირის-პირ დავდგებით, მნიშნელოვანია ამ ხუთ პრინციპზე შევთანხმდეთ.


bottom of page