top of page

ნინი ჭაჭია: #პირისპირ_მანიპულაცია, ანუ როგორ გვმართავს ქართული ოცნება



დიდი ხანია ვფიქრობ, დავწერო მანიპულაციისa და პროპაგანდის მუშაობის შესახებ. ბევრი საკითხის გამო, თავს ვიკავებდი და ვცდილობდი ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების წევრების, სხვადასხვა პოლიტიკოსების, მედიის წარმომადგენლებისა და აქტივისტებისათვის პირად საუბრებში ამეხსნა. არაფერი გამოვიდა ამ მცდელობებით, მაინც დახშულ წრეზე ტრიალებს ყველა. აქ არ დავიწყებ გარჩევას რატომ, ან რისთვის უკეთებენ ამას იგნორირებას, რათა ახალი შეთქმულების თეორიებს არ მივცე დაბადების საშუალება.



მანიპულაციის მთავარი მიზანია ადამიანში სასურველი ქცევის განხორციელება. ამ საკითხზე კამათს ნამდვილად არავინ დამიწყებს, რადგანაც მარკეტინგული ხრიკებიც სწორედ ამ მნიშნელოვან საკითხზე დგას. თუმცა გიფიქრიათ, რომ თანამედროვე ციფრულ სამყაროში, აი, ყველაზე თავისუფალი გარემო რომ გვგონია, აქ როგორ ხდება ჩვენი ცნობიერებით მანიპულირება და როგორ მუშაობს ეს სამყარო სააზროვნო სისტემაზე. ციფრული სამყაროს მოწყობაზე, მის ზეგავლენასა და თავისუფლებაზე ცალკე დავწერ. დღეს მხოლოდ ინფორმაციით ჩვენი ცნობიერების მანიპულირებაზე მოგიყვებით.



ტექნოლოგიებისა და ციფრული სამყაროს განვითარებამ ჩვენი კომუნიკაციის, ინფორმაციის მიღების არხები შეცვალა: უფრო გაამდიდრა და ამიტომ ხშირად გვესმის ისეთი სიტყვები როგორიცაა საინფორმაციო ომები, ყალბი ინფორმაცია, ტროლები, ბოტები და ა.შ. მაგრამ რამდენად ვითვალისწინებთ ამ ახალ ფაქტორებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? რამდენად ხშირად ვუსვამთ ჩვენს თავს შეკითხვას რაიმე მანიპულაციის მსხვერპლი ხომ არ ვართ? რამდენად ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისათვის?



ვფიქრობ, დღევანდელი ჩვენი მთავრობა კარგად იყენებს მანიპულაციის მეთოდებს და სწორედ მისი დახმარებით ინარჩუნებს ძალაუფლებას. ამიტომ, იქნებ დროა ხმამაღლა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და გამოვაცალოთ მას ეს იარაღი.



რა არის ინფორმაციის მანიპულაციის მთავარი ამოცანა?


გადაიფაროს მნიშვნელოვანი საკითხი მეორეხარისხოვანი თემით. ამ დროს არ გამოიყენება ყალბი ინფორმაცია, რადგანაც მანიპულაციამ უნდა იმუშაოს. ცრუ ფაქტები მხოლოდ მაშინ იწყებს მუშაობას, როდესაც საზოგადოების სააზროვნო სისტემა, საინფორმაციო ველი უკვე გაჯერებულია მეორეხარისხოვანი თემებითა და ამ თემებში ჩაძირვისათვის საჭიროა კიდე უფრო მეტი განხილვის, მსჯელობის პროვოცირება.

მანიპულაციისათვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია ეხებოდეს ადამიანის ისეთ ბაზისურ ემოციებს როგორიცაა შიში, უსაფრთხოების შეგრძნება, დაუცველობა და მსგავსი თემები. ასევე, ის აუცილებლად მუშაობს საზოგადოების წევრების თვითშეფასების დაქვეითებაზე, აღვივებს უიმედობას და აქრობს რწმენას საკუთარი თავის, ან ნებისმიერი წინააღმდეგობის მიმართ.



აღსანიშნავია, რომ ეს გაცოცხლებული ნეგატიური ემოციები აუცილებლად უნდა მიიმართოს რაიმე კონკრეტული თემისადმი. იმისათვის, რათა საზოგადოების წევრებს მიეცეთ შესაძლებლობა დაიცალონ ამ ემოციებისაგან; ამით ორგანიზმში წარმოიქმნება სიამოვნების შეგრძნება, ხოლო ცნობიერებაში გაჩნდება ცრუ განცდა, რომ ისინი იბრძვიან მათთვის მნიშვნელოვანი თემებისათვის არსებული შესაძლებლობის ფარგლებში.

აი, სულ ამ სამ საკითხზე თუ გაამახვილებთ ყურადღება და შემდეგ გადახედეთ ჩვენი სოციალური და საინფორმაციო ქსელების შინაარსებს, დაინახავთ, როგორ მივყვებით ქართული ოცნების, ანუ რუსული პოლიტიკის ნარატივს, ნებსით თუ უნებლიეთ.

უკრაინაში ომია. უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის თავისუფლებისათვის. როცა ის სამყაროში ყველაზე ბოროტ ძალას, რუსეთს დაამარცხებს, ეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი განვითარებული და თავისუფალი სამყაროს მონაპოვარი იქნება. ეს ცხადზე ცხადია და რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ჩვენ უკრაინის მხარდამჭერები ვართ. ბევრი გმირი ქართველი, მოხალისედ წავიდა ამ ბრძოლაში და თავისი წვლილი შეაქვს ბოროტების იმპერიის გასანადგურებლად.


ისმის შეკითხვა: საკმარისია უკრაინის ქომაგობა ამ ჩვენი საერთო ომის მოსაგებად?



მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის ანალიზი, მონიტორინგი საქართველოს საფრთხეებს გააქრობს? ჩვენს გამოწვევებს გაუმკლავდება?



რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისათვის, რათა რეალურად დავიწყოთ ჩვენი თავისუფლების დაბრუნება და ამით უკრაინის ზურგის გამყარებაც (ჩვენ ხომ საერთო მტერი გვყავს)?



მხოლოდ არსებული მთავრობის გინება, ლანძღვა რამდენად შეცვლის ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას? უკრაინაში მიმდინარე მოვლებების იგნორირების გარდა, ჩვენი მთავრობა თავისთვის სასურველი გარემოს შექმნაზეც მუშაობს: იღებს დადგენილებებს, კანონებს და უამრავ რამეს აკეთებს. ამაზე ვინმე საუბრობს? გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა რა უნდა გავაკეთოთ, რა ნაბიჯები გადავდგათ იმისათვის, რათა ეს მთავრობა დავასუსტოთ? რას აკეთებს, ფიქრობს ოპოზიცია, აზრის ლიდერები, ინფლუენსერები, ექსპერტები, მედია? რას ეუბნება (გარდა იმისა რომ მთავრობა ცუდია, მოღალატეა), რა კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობს საზოგადოებას იმისათვის, რათა რწმენა დაუბრუნდეს ხალხს და წინააღმდეგობაში ჩაერთოს?



მარტივი მაგალითები როგორ მუშაობს ქართული ოცნება და როგორ უწყობს, თავისდაუნებურად, მთელი საზოგადოება მას ხელს:


1. უკრაინაში ომია. ომი შიშის, საფრთხის შეგრძნებებს აღძრავს. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენს საზოგადოებას 2008 წლიდან ჯერ არ მოუშუშებია ჭრილობები. ქართული ოცნება ამ შიშების გაცოცხლებისათვის და უმოქმედობის გამართლებისთვის ოპოზიციურ პარტიებს ომის პარტიებს უწოდებს. პროპაგანდის მთავარი ამოცანა შესრულებულია: ემოცია გაცოცხლებულია, ოპოზიციისათვის დაბრალებულია ომის სურვილი და ეხლა ეს ოპოზიციამ უნდა ამტკიცოს, რომ ომი არ უნდა. ჰედლაინი - „აბა, ომი გინდათ?“



2. რუსეთის თვითმფრინავმა საქართველოს საზღვარი გადალახა - როგორ მოხდა ამ ინფორმაციის გადაფარვა? გუშინ რუსეთში პუტინის მხარდამჭერი კონცერტი მოეწყო. გამოვიდა თინა კანდელაკი და კიდევ ბევრი სხვა, რომლებიც ხოტბას ასხამდნენ რუსეთს. ეს ინფორმაცია გახდა ყველა მედიის, აზრის ლიდერის, ბლოგერების და საზოგადოების წევრების განხილვის საკითხი. ბრაზისაგან დავიცალეთ, ენერგიისაგან გავთავისუფლდით, მთავარი თემაც გადაფარულია!



3. ჩვენი ეკონომიკა ქართულმა ოცნებამ მაქსიმალურად მიაბა რუსეთის ბაზარს. სხვა საკითხია, ოპოზიცია რას აკეთებდა ამ დროს, მაგრამ მთავარი ამოცანაა - რა არის ახლა? როგორ შეიძლება მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა? ვინ საუბრობს ამის შესახებ? რა ნაბიჯებს სთავაზობენ ბიზნესის წარმომადგენლებს? რა არის გამოსავალი? არადა, ეს საკითხიც პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოების განცდას. აზრის ლიდერებმა ხომ შიშის განცდა უნდა შეგვიმცირონ? ამ დროს ოცნება მუშაობს კარგად: ერთადერთი გზა რასაც ბიზნესს სთავაზობს არის რუსული ბაზარი. ანუ ბიზნესს მთავრობა საკითხს ასე უყენებს: გადარჩენა გინდა? - აქ არის რუსეთის ბაზარი.



4. ევროკავშირისა და ნატოს დისკრედიტაციის საკითხზეც კარგად მუშაობს. “ქართული ოცნება”: “ევროკავშირმა და ნატომ უკრაინა მიატოვა”. ჩვენი პროდასავლური ოპოზიციიდან და ექსპერტებიდან ვინმე რაიმე ახსნა-განმარტებას სთავაზობს ჩვენს საზოგადოებას? ვინმე უხსნის, რა განსხვავებაა პოლიტიკურ და დიპლომატიურ თამაშებს შორის? ვინმე საუბრობს იმის შესახებ, როგორ ეხმარებიან უკრაინას? რა თქმა უნდა, მეტიც შეიძლება, მაგრამ უამისოდ ხომ უკრაინა უკვე დამარცხებული იქნებოდა. უკრაინის გამარჯება ხომ “NATO”-ს, ევროკავშირის და აშშ დახმარებაზეა დამოკიდებული?



კიდე უამრავი რამის ჩამოწერა შემიძლია, თუმცა ვფიქრობ საკმარისია. მხოლოდ რამდენიმე წინადადებას დავამატებ: გადახედეთ მედიის ჰედლაინებს, აზრის ლიდერების პოსტების შინაარსებს, თოქშოუებში მოწვეულ „ექსპერტებსა“ თუ პოლიტიკოსებს და დასვით შეკითხვები:


1. რა შედეგი მოაქვს ამ ინფორმაციას?

2. რა არის ამ ინფორმაციის მიზეზი? რა განსაზღვრავს მას? რატომ არსებობს ეს ინფორმაცია? რისკენ მიბიძგებს?

3. ეს ინფორმაცია ეყრდნობა რეალურ, ემპირიულ მოცემულობას, თუ მხოლოდ მსჯელობით მიღებული დასკვნაა?


4. ეს ინფორმაცია მცდარია, ჭეშმარიტი, თუ მხოლოდ შესაძლებელი (არც შესაძლებელი, არც მცდარი)? (კითხვები წიგნიდან „კრიტიკული აზროვნების და ამავე დროს, ფილოსოფიის, როგორც კრიტიკული აზოვნების გამოვდილების მეგზური“).



და ბოლოს გაიხსენეთ ილიას სიტყვები:


“ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი

კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...

ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,

როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!”



P.S. იმედი მაქვს, რომ მედია კარგად გადახედავს თავის შინაარსებს და კრიტიკული შეკითხვების კასკადს დაახვედრებს ხელისუფლებას, ოპოზიციას, აზრთა ლიდერებს და ა.შ. ინფორმაციის მთავარ თემებად იქნება გამოტანილი ჩვენი ქვეყნის გადარჩენის, უსაფრთხოების საკითხები და დაიწყება მსჯელობა ამ საკითხებზე. არსებულ ვითარებაში აუცილებელია ჩვენი მთავრობის გადაყენება და ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება. თუ თქვენც ამავეს ფიქრობთ, მაშინ გიტოვებთ პეტიციის ლინკს და მოაწერეთ ხელი. - petition


დიდება უკრაინას!

დიდება თავისუფლებისათვის მებრძოლ ხალხს!

თავისუფლება საქართველოს!


bottom of page