top of page
  • Writer's pictureNini Chachia

წარმატება და ბედნიერება


"- იცი მართლა როგორ მინდა ისეთი ცხოვრება მქონდეს, როგორიც ინსტაგრამზე მაქვს.."


დილას, ჩემი ტრადიციული ყავის რიტუალისას, როდესაც, დილის ყავის აუცილებელი ატრიბუტია ფეიბუქსი სქროლვა, ეს ფრაზა ფეისბუქზე წავიკითხე. გამახსენდა ჩემი წლების წინანდელი პერიოდი. გამახსენდა, რომ წლების წინ, ეს ფრაზა ჩემს მდგომარეობასაც ასახავდა. გამახსენდა, რამხელა ტკივილსა და უიმედობას მოიცავს ეს, თითქოსდა ძალიან მარტივი წინადადება.

რატომ?


ზუსტად ვიცი, რა მდგომარეობას და რა სახის ემოციებს იწვევს ეს ფრაზა.

წლების წინ, უფრო სწორად, სადღაც, ალბათ, 8 წლის წინ, მეც ასეთი ცხოვრებით ვცხოვრობდი. უფრო მძიმედაც ვიყავი, მიწას ვერ ვგრძნობდი ფეხებ ქვეშ, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ფეხებზე უმძიმესი ბორკილები მეკეთა, რომელებიც უფსკულისკენ მექაჩებოდნენ. უზარმაზარი, უდიდესი შიშის შეგრძნება, სამყაროს ფერებიც დაკარგული ჰქონდა, ყოველ დილას თვალების გახელა ახალი მტანჯველი და ყალბი ცხოვრების დასაწყისი იყო.... მუდმივი შეგრძნება, რომ მეტს ვერ ქაჩავ, ცხოვრების საზრისი დაკარგე.... გიღალატეს.... გატკინეს... გაგთელეს.... შენი ცხოვრება დასრულდა და რაკი დასასრულია, ერთადერთი რაც დაგრჩა, არის მოირგო ვითომ ბედნიერი ადამიანის როლი, სარკესთან დაამუღამო ყალბი ღიმილი, გაიკეთო მაკიაჟი, გადაიღო, უმეტესად, წელს ზევით, ფოტო, რათა პიჟამოს შარვალი არ გამოჩნდეს და შენი ცხოვრების მთავარი ამოცანა შეასრულო - სოციალურ ქსელში ატვირთო ე.წ. ბედნიერი ადამიანის ფოტო. ფოტო ატვირთულია, საქმე გაკეთებულია....


რაციონალურად ვიცოდი, რომ ყველაფრის ცვლილება შეიძლება. ბევრჯერ დამიწყია ცხოვრება თავიდან, მაგრამ, იმ მოვლენებმა, რომლებიც 8 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში მოხდა, სრულიად ამომაგდო კალაპოტიდან, რადგანაც სწორედ ის დამემართა, რაც „მე არასოდეს არ დამემართებოდა“.


რაკი „სამყარო ჩემს წინააღმდეგ წავიდა“, და ჩემი ცხოვრების არსს და საზრისს შეეხო იმით, რომ „ეს მე დამემართა“, სრულიად შეიუარაღებელი და მიტოვებული დავრჩი პირველ რიგში საკუთარი თავისაგან. მიღალატეს, დამაბრალეს, ზურგი მაქციეს, გამთელეს, გამლანძღეს, ყველა ჩემს წინააღმდეგ მეგონა და შესაბამისად ის სამყარო, რომელშიც ბევრჯერ დამიწყია ცხოვრება თავიდან, დანგრეულად და ყალბად მივიჩნიე. აბა რა აზრი ჰქონდა მაშინ ამ ყალბ გარემოში არსებობას.


მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფაქტობრივად ცოცხლად დავიმარხე თავი. გადიოდა დღეები და მთელი ჩემი ენერგია მხოლოდ ჩემი როლისთვის მყოფნიდა - სოციალურ ქსელში ბედნიერ ფოტოს დავდებდი თუ არა, საქმე გაკეთებული იყო...

ბოლო ბოლო, ადამიანი ასეთ ცხოვრებასაც ეჩვევა; სადღაც ქრება სურვილები და რაიმეს მოლოდინი, დიდი სიცარიელე შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა. ერთადერთი ნიშანი, რომლითაც გრძნობ, რომ ცოცხალი ხარ, არის უზარმაზარი ტკივილი, რომელთანაც ერთად თანაცხოვრება თითქოს კი ისწავლე, მაგრამ მაინც ფიქრობ რომ ამას დიდხანს ვეღარ გაუძლებ.... კარგავ ყველანაირ შეგრძნებას.... სამყარო შავ-თეთრ ფირს გავს, აი ისეთს, კონტურებიც რომ გაბლარულია ... ერთადერთი რაც საბოლოო ჩაქვესკნელებამდე გაჩერებს, არის ბავშვები, რომლებთანაც შენი როლის ყველაზე მეტი თამაში გიწევს, თუმცა ამ როლს კარაგად ვერ ასრულებ და ბავშვების თვალებში ნელ-ნელა სევდის ნაპერწკლები ჩნდება. სახლი, საიდანაც სულ სიცილი და მხირულება ისმოდა, ახლა სამარისებული სიჩუმის ადგილია, აი ისეთის, გრიგალის წინ რომ არის ხოლმე და ეს სიჩუმე საშიში, დამანგრეველი ქარბუქის მოახლოების ნიშანი, რომ არის......




მოკლედ ასეთ ჯოჯოხეთში ვამყოფე საკუთარი თავი სადღაც 6 თვე. ჩემი დაკრძალვის სცენარებიც კი მქონდა გაწერილი J. სამყაროში ყველაზე განწირული ადამიანის როლი შევისისხლხორცე. დავიწყებას მიეცა ჩემი წარმატებები, გამარჯვებები, ბედნიერება, ისიც რომ მანამდე 2ჯერ გავიმარჯვე სიკვდილზე და ამის დამადასტურებელი ფაქტი მუდმივად თვალწინ მქონდა...


....ერთ დღეს, ისევ დახატული ღიმილით შევედი ბავშვების ოთახში, ხალიჩაზე ისხდნენ და მეგონა თამაშობდნენ, მეც იქვე ჩამოვჯექი და ვცდილობდი ბედნიერი დედის როლში ვყოფილიყავი.... სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, არავინ ხმას არ იღებდა, მტანჯველი სიჩუმემ დაისადგურა ჩვენთან.... სიცარიელე უფრო ღრმად შემოსულა ჩვენს ოჯახში, რომელიც რაღაც უდიდეს ტკივილს ასაზრდოებდა. სიტყვებს ვერ ვპოულობდი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, როგორ დამეხსნა ჩემი ანგელოზები ამ მტანჯველი სიჩუმისაგან. მაშინ მივხვდი, რომ ამ როლსაც კი ვერ ვასრულებდი კარგად. სრულიად გავნადგურდი.... გამომშრალ თვალებში როგორ აღმოჩნდა ამდენი ცრემლი ვერ გეტყვით, დახატული ღიმილი როგორ გარდაისახა მახინჯ სახედ და ან ის საშინელი ღრიალი როგორ ამოვიდა ჩემი სხეულიდან, დღემდე არ ვიცი.... რამდენი ხანი გაგრძელდა ჩემი ისტერიკა არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ერთი ფრაზა, რომელსაც ჩემი ანგელოზები მეუბნებოდნენ ჩახუტებისას - დედა, ტირილი კაია, იტირე.... გვიყვარხარ... შენ ხომ ამბობ, რომ ჩვენ ვერაფერი ვერასდროს მოგვერევა, რადგანაც ჩვენ ყველაზე ძლიერი ჯარი ვართ....




ისე დავეცი, რომ ბავშვების წინაშე ისტერიკა მოვაწყვე, შევაშინე.... შემრცხვა... ვიცოდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა, რადგანაც სიტუაცია განმემუხტა. პირველი რაც გავაკეთე, ისევ ღიმილი დავიხატე, ბოდიში მოვიხადე და ბავშვებს გასეირნება შევთავაზე.


გარეთ გასვლა ძალიან მჭირდებოდა, რადგანაც სახლში ყოფნით ისევ ჩემი ისტერიკა მახსენდებოდა. გარეთ გასეირნებით კი ვფიქრობდი ბავშვებს დავავიწყებდი იმ საშინელებას, რაც გავაკეთე.....



ბავშვებს პარკში გასეირნების ამბავი გაეხარდათ და წავედით. ვერ გეტყვით რამდენი რამ ტრიალებდა ჩემს თავში.... თუმცა ყველაზე მტანჯველი იყო სირცხვილის შეგრძნება... ბავშებისათვის თვალებში ჩახედვის მრცხვენოდა.... ტვინმა დაიწყო გიჟივით მუშაობა, უნდა მომეფიქრებინა რამე ისეთი, რომ ბავშვებთან დანაშაული გამომესყიდა..... პარკში სადღაც 3 საათი ვისეირნეთ, ვიფიქრე, რომ სახლი უკვე განიავდებოდა იმ საშინელი აურისაგან, ფანჯრები ხომ გავაღე გასვლის წინ.... დავბრუნდით სახლში.... დანაშაულის შეგრძნება მაწუხებდა, ამიტომ ვცდილობდი ბავშვებისათვის საყვარელი თამაშები შემეთავაზებინა და დავიწყეთ თამაში... ძალიან დიდხანს ვთამაშობდით, სანამ ბავშვებმა თვითონ არ მოინდომეს დაძინება.



ბავშვებმა დაიძინეს... დანაშაულის შეგრძნება შიგნიდან მჭამდა, უნდა მომეფიქრებინა რამე რაც ბავშვების წინაშე დანაშაულის შეგრძენას შეამსუბუქებდა. ღერს ღერზე ვეწეოდი და თავში არაფერი მოდიოდა, ამიტომ გადავწყვიტე ინტერნეტში მომეძებნა რაიმე რაც დამეხმარებოდა. უამრავი ვიდეო და სტატია ამოაგდო საძიებო სისტემამ და გადავწყვიტე ჯერ მომესმინა, რადგანაც კითხვის თავი არ მქონდა.... ვიდეოების მოსმენა-ყურებაში თავზე დამათენდა.... ბევრი მომეწონა, ბევრი სისულელედ ჩავთვალე. ერთ-ერთი ვიდეო ტუტორიალის ყურებისას, ერთი ფსიქოლოგი დეპრესიის მქონე ადამიანებს სთავაზობდა ფურცელზე გადაეტანათ თავიანთი მდგომარეობა და მაქსიმალურად კონკრეტულად აღწერათ ყველა დეტალი. ის ამბობდა, რომ დეტალიზაცია ადამიანს ეხმარება ემოციებისგან გაწმენდაში. მოკლედ, ამ ვიდეოს მოსმენის შემდეგ, გადავწყვიტე რომ მეცადა.... ყველაზე მძიმე, ალბათ, რაც დეპრესიაში ან უარყოფით განწყობაზე მყოფ ადამიანს ემართება, არის ის, რომ თუკი ერთი მოვლენის მიმართ ემოცია შედარებით ფერმკრთალდება და შენი ტვინი ატყობს, რომ მსხვერპლის როლიდან გამოსვლის პერსპექტივა დგება, მაშინ აუცილებლად გახსენდება კიდე ერთი ფაქტი, რომელიც შენს რაობას კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. სწორედ ასე დამემართა, ბავშვებთან დანაშაულის შეგრძნებამ და ამაზე ფიქრმა, ახალი სირცხვილის შეგრძნება დამიმატა, გამახსენდა რომ, მე, ჩემს წინა ცხოვრებაში, როდესაც სტუდენტებს ვესაუბრებოდი მენეჯმენტზე და მენეჯმენტის პრინციპებს ვასწავლიდი, ვეუბნებოდი რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაცია, მთავარია დანახვა შეგეძლოს და გააზრება თუ საით უნდა წავხიდე. თავში სულ ერთი და იგივე აზრი მიტრიალებდა, თუ მე ჩემს ცხოვრებაში საკუთარი თავის მართვის სადავეები დამიკარგავს, მაშინ როგორ შეიძლება კარგი სპეციალისტი ვყიფილიყავი?....



აზრები ერთანეთს ერეოდა, საკუთარი თავი სრულიად დაკარგული მქონდა და ამიტომ არ ვიცოდი საიდან დამეწყო. ან, საერთოდ ღირდა თუ არა რაიმეს მოქმედება. ამასობაში ერთი წარმატებული ადამიანი ისტორია მოვისმინე იუთუბზე, რომელიც თურმე სუიციდზეც ფიქრობდა (ამ ადამიანის სახელს განგებ არ დავწერ აქ, რადგანაც ვფიქრობ მისი ისტორია დამოუკიდებელ ტექსტს ისმსახურებს და სხვა დროს მოგიყვებით მის შესახებ), არ გამოუვიდა თავის მოკვლა და გადაწყვიტა საკუთარი თავი რადიკალურად შეეცვალა. და ეს შეძლო კიდეც. ამიტომ, მეც გადავწყვიტე დამეწყო თავიდან, რადგანაც აღარაფერი მქონდა დასაკარგი, ამაზე მეტად სადღა უნდა დავშვებულიყავი? ცდას არაფერი უშლიდა ხელს....



დავიწყე პატარა ნაბიჯებით: 1. ვგეგმავდი ჩემს ყოველ დღეს; 2. ბავშვებთან დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით, გეგმაში შევიტანე მათთან ყოველდღიური თამაში; 3. დავიწყე შესწავლა, კვლევა თუ როგორ შეიძლება უფსკრულიდან საკუთარი თავის ამოყვანა - ეს კი ნიშნავდა ვიდეოების, პოდკასტების მოსმენას, წიგნების და სტატიების კითხვას და გააზრებას. 4. ყალბ როლებზე უარის ვთქვი და სოციალურ ქსელებსაც ცოტა ხნით ჩამოვშორდი.


ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო....


ზედმიწევნით ვცდილობდი გეგმას მივყოლოდი... საკმაოდ რთული აღოჩნდა და ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდებოდა გეგმის შესრულებისათვის. თუმცა, ბევრი წარმატებული ადამიანის ბიოგრაფიების კითხვიდან გავიგე, რომ ძალიან რთულია გამოიმუშავო საკუთარი თავის მართვის მექანიზმი. ეს შესაძლებელია მხოლოდ დიდი შრომით, ძალისხმევით და საკუთარი თავის „იძულებით“. ამიტომ, ყოველ დღე საკუთარ თავს ვაიძულებდი გეგმას მივყოლოდი.



ამასობაში უამრავ საინტერესო მასალას გავეცანი... დავიწყე სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარება საკუთარ თავზე, რაღაცეები მუშაობდა კარგად, რაღაცეები საერთოდ არ იძლეოდა შედეგებს. დავიწყე ჩემი ინსტრუმენტების სიის შემუშავება. ძალიან კარგად იმუშავა ჩემი მდგომარეობის ფურცელზე გადატანამ. პირველი ჩანაწერი, რომ გავაკეთე, არ მომეწონა. რაღაც სიმძაფრე, ტრაგიზმი აკლდა :), ამიტომ გადავწყვიტე ზღაპარი დამეწერა, მთელი ჩემი სულიერი მდგომარეობა მეტაფორებში გადავიტანე. ერთი ხელის მოსმით გავავსე 10 გვერდი. კმაყოფილების შეგრძნება მქონდა, რადგანაც ბევრი ვიფიქრე თითოეულ წინადადებაზე და ჩემი მდგომარეობა ხან აზვირთებული ტალღების შეჯახებას შევადარე და ხან კოკისპირული წვიმის დროს გზააბნეულ გემს, რომელმაც მართვის სადავეები დაკარგა და ცდილობს გადარჩეს.... მოკლედ ამ 10 გვერდმა შეცვალა ჩემი დამოკიდებულება ჩემი მდგომარეობის მიმართ. რამდენჯერაც წავიკითხე, იმდენჯერ უფრო მომეწონა, კარგი, მღელვარე და ემოციებით სავსე ზღაპარი გამოვიდა. ამ ემოციებმა საკუთარი თავის მიმართ შემიცვალა განწყობა და დამოკიდებულება. თანდათან მოვიდა იმის შეგრძნება, რომ სხვა თუ არაფერი, საკუთარი ემოციების მეტაფორებში გადატანა კარგად გამომდის და კარგად შემიძლია ჩემი ცხოვრება ავღწერო, როგორც ტრაგედია :)....



ამასობაში, სულ უფრო და უფრო მეტი ინფორმაცია მქონდა ადამიანის ქცევის შესახებ, უამრავი ექსპერიმეტის და კვლევის შესახებ გავიგე. ჩემი თვითდაკვირვებებიც საკმაოდ დიდ ინფორმაციას მაძლევდა.

ერთი რამ რაც ვისწავლე კარგად არის, რომ წარმოუდგენელია იყო წარმატებული, თუ არ იცი ვინ ხარ და საით მიდიხარ, რა არის შენთვის ბედნიერება და როგორ გახდე ბედნიერი. შეიძლება ბევრი ცალკეული წარმატებული მოქმედებები გქონდეს, რაც საკმაოდ ბევრი მქონდა კიდეც ჩემს წინა ცხოვრებაში, თუმცა ამის ცოდნა არაფერს გაძლევს მანამ, სანამ არ გაიაზრებ რას გაძლევს თითოეული შენი მოქმედება და საით მიყავხარ მათ, რამდენად მართავ შენს ცხოვრებას, თუ, მართული ხარ სამყაროდან შემოსული დავალებების და პასუხისმგებლობების მიერ.


ასე დავიწყე სრულიად ახალი პიროვნების ფორმირება და დღესაც ინტენსიურად, ყოველდღიურად ვმუშაობ ამ თემაზე და უკვე ექპერიმენტებსაც ვართულებ საკუთარი თავის გამოცდის მიზნით :).


სადღაც ერთი თვის შემდეგ, შევამჩნიე რომ საკუთარი თავის შესახებ ბევრი რამ გავიგე, საკმაოდ კარგი უნარები აღმოვაჩინე ჩემს თავში და, რაც მთავარია, ნელ-ნელა გაჩნდა გრძელვადიანი მიზნები. ნეგატიური ემოციები წარსულის უფსკულში დავტოვე და ახალი გამოწვევებისათვის მზადება დავიწყე. რაც მეტი დრო გადიოდა, მეტ ძალას ვგრძნობდი. საკუთარი თავის იძულება, შემესრულებინა გეგმა, სულ უფრო ნაკლებად მჭირდებოდა, რადგანაც გეგმის მიყოლა ჩვევაში გადავიდა. ინტენსიურად დავიწყე სწავლა: პრაქტიკული ფსიქოლოგია, ნეიროლინგვისტური პროგრამირება, სხეულის ენა, პოზიტიური ფსიქოლოგია, უფრო მოგვიანებით ქოუჩინგი, ჩემი ყოველდღიური სწავლის მთავარ ელემენტებად იქცნენ. პარალელურად ვკითხულობდი წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიებსა თუ მემუარებს. ყველა მასალაში ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მხვდებოდა - ნებისმიერი მიზანი, რომესლაც კარგად ხედავ და ინტენსიურად მუშაობ მასზე, აუცილებლად სრულდება და მიიღწევა. პრაქტიკოსი ფსიქოლოგები, ტრენერები თუ ქოუჩები ამტკიცებენ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს თუნდაც ბევრისათვის „წარმოუდგენელ“ მიზანს, თუ ის ამას რეალურად ხედავს და გრძნობს. ამ საკითხს ცოტა სკეპტიკურად ვუყურებდი და დავიწყე საკუთარ თავზე ექპერიმენტების ჩატარება. მინდა გითხრათ, რომ რაღაც მიზნებს მარტივად მივაღწიე, რაღაც მიზნებზე ბევრი ვიწვალე. აქვე ვაღიარებ, რომ მთლად ბოლომდე ვერ ვწირავდი საკუთარ თავს და მიზნებს ცოტა ფრთხილად და ფაქიზად ვირჩევდი.



გავიდა დრო, გარდა იმისა, რომ საკუთარი თავი სრულიად ახლიდან შევქმენი, ასევე დავიწყე სხვა ადამიანებთან მუშაობა და საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიე. შევქმენი ჩემი საავტორო ტრენინგები. რაც მთავარია მუდმივად ვმუშაობ როგორც საკუთარ თავზე, ასევე, წარმატების მიღწევის ტექნოლოგიებზე.

თუ შენ ამას ეხლა კითხულობ, მინდა იცოდე, რომ ყველაფერი შეიძლება დაიწყო თავიდან და გვიანი არასოდეს არ არის. მთავარია დაიწყო. ყველა ადამიანს საკუთარი ხედვა აქვს წარმატებასა და ბედნიერებაზე. ამიტომ დაფიქრდი, რა არის შენთვის ბედნიერება და როგორ შეიძლება ყოველდღიურად თუნდაც 5 წუთი იმოქმედო, რათა მიაღწიო შენს ბედნიერებას. ერთადერთი რჩევა, რაც შემიძლია მოგცე არის, ის რომ დაიწყე პატარა, მოკლევადიანი მიზნებით, რადგანაც, ჯერ საკუთარ თავიში უნდა გამოიმუშაო ყოველდღიური მიზანმიმართული ქცევა შენი მიზნისკენ.

ამიტომ შეგიძლია დაიწყო ასე:


1. დაისახე ძალიან მარტივი ამოცანა, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად შეასრულებ. აუცილებლად დაგეზარება რაღაც მომენტში, მაგრამ აიძულე საკუთარი თავი შეასრულო შენი თავის მიმართ დანაპირები. მთავარი რამ, რაც ვისწავლე, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდე შენი სიტყვის/დანაპირების პატივისცემა და ფასი.


2. დაიწყე საკუთარი თავის გაუმჯობესება, განივითარე ახალი უნარები, იკითხე, პოდკასტებს უსმინე, ან ვიდეოებს უყურე. ესეც ჩვევაა, რომელიც უნდა გამომუშავდეს. საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვანია.


3. იფიქრე პოზიტიურად და თავიდან მოერიდე წუწუნა და ნეგატივით დატვირთულ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგანაც, სანამ პოზიტიური განწყობით ცხოვრებას გამოიმუშავებ, სხვა ადამიანების ნეგატივიც კი იმოქმედებს შენზე და შეიძლება შენი დემოტივაციის მიზეზი აღმოჩნდეს;


4. აუცილებელია ყოველ დღე საკუთარი თავი წაახალისო, მადლობა გადაუხადო და უკუკავშირი მისცე, თუ რა გააკეთე, რატომ და რა შეგეძლო სხვანაირად გაგეკეთებინა. ეს აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ პოზიტიური ფორმულირებით.


5. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი: ყოველ დილას სარკეში ჩახედვისას გაუღიმე საკუთარ თავს. ესეც პატარა ჩვევას გამოგიმუშავებს, რადგანაც ღიმილის დროს ტვინში მიდის პოზიტიური იმპულსი და ამ ქცევით შენი დღე უკვე პოზიტიურად დაიწყება.


პრინციპში დასაწყისისთვის საკმარისია. მინდა გითხრა, რომ ეს 5 პუქტი ძალიან კარგად მუშაობს, რადგანაც ამ სქემით უკვე დიდი ხანია ვმუშაობ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ სხვა ადამიანებთანაც.


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა. მე შემიძლია შემოგთავაზო ერთი რამ: თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდება, ან ეჭვებით აგევსება თავი (რაც აუცილებლად მოხდება და ამისათვის მზად იყავი), მომწერე და მე დაგეხმარები ნეგატივის მოშორებაში. ასევე, შევეცდები, კვირაში ერთხელ დავდო ერთი ინსტრუმენტის შესახებ დეტალური ინსტრუქცია, რომელიც მიმართულია საკუთარი თავის გააზრებასა და წარმატების უნარის განვითარებაზე.


მე კი, ჩემ მხრივ, უფრო ვირთულებ ამოცანას და წელს ვიწყებ ახალ ექსპერიმენტს სახელად „ქუდი“. ამ ექსპერიმენტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სხვა დროს დავდებ :). ქუდი იწყებს 2019 წლის მანძლზე მუშაობას და ვნახოთ რა შედეგამდე მივალთ. მე შევეცდები ქუდის შესახებ პერიოდული ინფორმაცია დავდო ჩემს სოციალურ პროფილებზე და რა თქმა უნდა, პერიოდულად, ამ დღიურშიც დავწერ მის შესახებ.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ჩანაწერი ერთ ადამიანს მაინც გამოადგება, რადგანაც როდესაც დამჭირდა, ქართულ სივრცეში მსგავს დღიურებს ვერ მივაგენი. შეიძლება ვერ მოვძებნე კარგად, თუმცა, ვფიქრობ, რაც მეტი ასეთი ინფორმაცია იქნება ქართულ ენაზე, მით უფრო მარტივად შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი იმ ადამიანისათვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.


აქვე აღვნიშნავ, რომ დღიურის ეს ჩანაწერი ჩემთვის ერთ-ერთი გამოცდაა, რადგანაც ძალიან რთულია საჯაროდ თქვა, რომ მე ერთ დროს მეგონა რომ ძალიან წარუმატებელი ადამიანი ვიყავი. მე ვიტყუებოდი და ვატყუებდი საკუთარ თავს. თუმცა, დღეს შემიძლია ამაზე საუბარი, რადგანაც სწორედ მე ვარ ის ადამიანი, რომელაც რამოდენიმე წლის წინ სრულიად ახალი, წარმატებული და ბედნიერი პიროვნება შექმნა.

და რაკი მე შევძელი ეს, მინდა გითხრა, რომ შენც შეძლებ ამას. მთავარია გჯეროდეს და საკუთარი თავის რწმენა შესძლო.



თბილისი, 7.01.2019

1,041 views
bottom of page