top of page

გიგი თევზაძე. პროექტები „წმ. ნინო“ (განახლებული ვერსია. „სხვა ისტორია“. ბსგ. თბ. 2018. გვ.28-40)

Updated: Mar 15, 2019

ძნელად თუ მოიძებნება ქართველი, რომელმაც არ იცის წმინდა ნინოს ისტორია და მისი როლი საქართველოს გაქრისტიანების პროცესში. დღეს, წმ. ნინო, ალბათ, ყველაზე სახალხო წმინდანია: მისი სახელი საქართველოში ზე-პოპულარულია: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, დღეს, საქართველოში, სახელი „ნინო“ – 115 151 ქალს/გოგოს ჰქვია, მაშინ, როდესაც, მეორე ადგილზე მყოფი სახელის „მარიამი“ მატარებელი მხოლოდ 67 454-ია[1].


მაგრამ ყოველთვის იყო თუ არა ასე? თუკი ისტორიულ/ლეგენდარულ ფიგურებზე დავფიქრდებით, მეორე ნინო, რომელიც თავში მოგვდის, ნინო ჭავჭავაძეა[2]. თუკი პატარა კვლევას ჩავატარებთ და მხოლოდ პოპულარული ცოდნით არ შემოვიფარგლებით, გიორგი XII-ს შვილზე, 1772 წელს დაბადებულ ნინოზე (შემდგომში ნინო ბაგრატიონ-დადიანზე) იქით ვერ წავალთ.


პირველი პროექტი:

რა უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ ქართველ მეფეებს და დიდებულებს, საქართველოს სამეფოსთვის ასეთი მნიშნელოვანი ადამიანის სახელი საკუთრი შვილებისათვის არ დაერქმიათ? არადა, ქართველი დიდგვაროვნების მიერ საკუთარი შვილებისათვის დარქმეული სახელები დიდი დიაპაზონისაა, ებრაულ-ბერძბულიდან, საკუთრივ ქართულამდეც. ეს ბოლო მომენტი გასათვალისისწინებელია, რომ არ გვეგონოს, რომ სახელის „ნინო“ უცნაურობა და უნიკალურობა შეიძლება ყოფილიყო ამ „მორიდების“ მიზეზი. სახელი კი, იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალიან ჩვეულია, მართლაც უცნაურია: ქალის სახელი „ნინო“ არსად არ ფიქსირდება ისტორიულად. ფუძე „ნინ“ რამდენიმე მნიშვნელობით ვითარდება ევროპულ ენებში: NINO (ბიჭი, ბავშვი - ესპ. კაცის საკუთარი სახელი - ბერძ. იტალ. ესპ.), NINOT (სპეციფიკური, სარიტუალო თოჯინა - ესპ.), NUNE (მონაზონი - ინგლ.), ნუნ - ძველი აღთქმის პერსონაჟი კაცი. ერთი გამონაკლისის გარდა: მე-5 საუკუნის სომეხი ისტორიკოსის მოსე ხორენელის თხზულებაში საქართველოს გამქრისტიანებლად დასახელებულია ქალი სახელად „ნუნე“. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ნუნე“, დამწერლობით ტრადიციაში „ნინოდ“ გადაკეთებულიყო.


ერთადერთი ახსნა, რომელიც ამ შემთხვევაში, რაციონალური შეიძლება იყოს, არის ის, რომ ქართველ დიდგვაროვნებს უბრალოდ, არ უნდოდათ დაერქმიათ საკუთარი ქალიშვილებისათვის სახელი „ნინო“. რატომ? ამაში გარკვევისათვის ქართველ ისტორიკოსებს უნდა მივმართოთ.


ქართველი, და არა მარტო ქართველი ისტორიკოსები, მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნეებში ბევრს წერდნენ წმ. ნინოს შესახებ. მათი ძირითადი მიზანი იყო დაედგინათ, ქართულ და არაქართულ წყაროებში შემორჩენილი რომელი ამბავი იყო მეტ-ნაკლებად აუთენტური. ნიკო მარის, ექვთიმე თაყაიშვილის[3], ივანე ჯავახიშვილის[4], სარგის კაკაბაძის[5], კორნელი კეკელიძის[6], რევაზ სირაძის[7], ლელა პატარიძის[8], ზურაბ კიკნაძის, ნიკო ნოკოლოზიშვილის[9] და სხვების მნიშვნელოვანი, ხშირად ურთიერთდაპირისპირებული, კვლევა თანხმდება რამდენიმე საკითხში: 1. ჩვენამდე შემორჩენილი ქართული ხელნაწერები, საქართველოს გაქრისტიანების შესახებ, მე-9 საუკუნის და შემდგომი პერიოდისაა; 2. გვიანდელ ხელნაწერებში მოთხრობილი ამბების არქეოლოგიურ ფაქტებთან და სხვა, უფრო ადრინდელ ისტორიულ წყაროებთან თანხვედრის მიხედვით, სარწმუნოა, რომ არსებობდა ადრინდელი ხელნაწერი, რომელიც აღწერდა საქართველოს გაქრისტიანების პროცესს; 3. IV-V საუკუნის არაქართულ წყაროებში საქართველოს (ნაწილის მაინც) გაქრისტიანება დაკავშირებულია ტყვე-ქალთან; 4. ლეონტი მროველის მიერ XI საუკუნეში მოთხრობილი ამბავი და წმ. ნინოს ცხოვრების ტექსტი, რომელიც ივანე ჯავახიშვილს მე-9 საუკუნეში[10] დაწერილად მიაჩნდა, განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს უკანასკნელი ნაკლები დეტალიზაციითაც გამოირჩევა.


ჯერ კიდევ ეფრემ მცირე (XI საუკუნე), საქართველოს ავტოკეფალიის მოსაპოვებლად დაწერილ აპოლოგეტურ კვლევაში „უწყებაჲ მიზეზისა ქართველთა მოქცევისაჲ, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების“ აღნიშნავდა წინააღმდეგობას საქართველოს გაქრისტიანების ორ ამბავს შორის[11]: ეფრემ მცირე კითხულობს, რომ, თუკი ანდრია მოციქულმა გააქრისტიანა საქართველო პირველ საუკუნეში, მაშინ ნინომ როგორ გააქრისტიანა საქართველო მეოთხეში. თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ალბათ, ანდრიას გაქრისტიანებულმა ხალხმა დაივიწყა ქრისტიანობა და მათი თავიდან გაქრისტიანება გახდაო საჭირო. ცნობილია, ეფრემ მცირემ სხვადასხვა ისტორიული წყაროები შეადარა და საბოლოოდ ჩამოაყალიბა ქართველთა გაქრისტიანების ვერსია, რომელიც იწყება ანდრია მოციქულის ქადაგებით დასავლეთ საქართველოში და მთავრდება წნ. ნინოს ქადაგებით აღმოსავლეთ საქართველოში. აღსანიშნავია, რომ არაქართული, რომის იმპერიის ცნობები, ანდრია მოციქულის საქართველოს ტერიტორიაზე ქადაგების შესახებ, II-III საუკუნეებიდან იწყება ირიბად (ორიგენესთან მოხსენიებულია, როგორც სკვითებთან[12] მქადაგებელი) და IX საუკუნის ბოლოს იბერთა (სკვითებთან და სხვა ხალხებთან ერთად) მქადაგებლად დასახელებით სრულდება.

შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მე-9 საუკუნეში საქართველოს გაქრისტიანების ორი ვერსია იქნება: 1. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში: ანდრია მოციქულის მიერ გაქრისტიანებული იბერია; 2. საქართველოში: წმ. ნინოს ცხოვრება. ის, რომ წმ. ნინოს ცხოვრება მე-9 საუკუნეშია დაწერილი, ერთი საინტერესო ფაქტითაც დასტურდება: ჯვარი, რომელზეც ეწამა ქრისტე, ქრისტიანობის უპირობო სიმბოლო მხოლოდ 787 წლის ნიკეის საეკლესიო კრების შემდეგ გახდა[13]. ამ კრების ერთ-ერთი მთავარი საკითხი, როგორც ცნობილია, ქრისტიანული სიმბოლოების ოფიციალური აღიარებაც იყო[14]. მანამდე ქრისტიანობის ძირითად სიმბოლოდ ცხვარი/ბატკანი იყო მიჩნეული. ასევე, ქრისტიანობის სიმბოლოებად თვლიდნენ სხვადასხვანაირ ჯვრებსაც, მათ შორის ვენერას ჯვარს, ე.წ. ნაყოფიერების ჯვარს, სიცოცხლის ჯვარს და ა.შ. შესაბამისად, მე-9 საუკუნემდე ვერ გაჩნდებოდა ამბავი, სადაც ღვთისმშობელი ნინოს ვაზის ჯვარს აძლევს.

ცხადია, რომ ორივე ისტორია პოლიტიკური მიზნებითაა შექმნილი. როგორც ჩანს, ამ დროს საქართველოს მმართველები ცდილობენ ყველანაირი დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ, როგორც პოლიტიკური, ასევე, რელიგიური [ეს უკანასკნელი იმ დროინდელი პოლიტიკური დისკურსის და მოქმედების აუცილებელი ნაწილი იყო]. როდესაც ანდრია მოციქულის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანობის ქადაგებაზეა საუბარი, ცხადია, რისგან დამოუკიდებლობაზეა მომართული მოქმედება: აღმოსავლეთ რომიდან. ეკლესიის დამოუკიდებლობის აუცილებელი [ცხადია არასაკმარისი] პირობა კი, რომის იმპერიის მხრიდან, იყო დამტკიცება, რომ ეკლესია მოციქულის დაარსებულია.


მაგრამ, რა მიზანი აქვს წმ. ნინოს ამბის შექმნას? ამ ამბის ასახსნელად ქართული და სომხური ეკლესიების ურთიერთობის ისტორია უნდა დავიხმაროთ: 726 წელს სომხეთის ეკლესიამ დაგმო ქალკედონიტობა, შესაბამისად, გაემიჯნა აღმოსავლეთ და დასავლეთ რომის ეკლესიებს. მაგრამ, ამ დროს, უკვე არსებობს მოსე ხორენელის ისტორია, რომლის მიხედვითაც ქართლი გააქრისტიანა ტყვე-ქალმა ნუნემ, რომელიც გრიგოლ განმანათლებლის (სომხეთის საბოლოოდ გამაქრისტიანებელის, იუდა და ბართლმე მოციქულების შემდეგ) გამოგზავნილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე-19 და მე-20 საუკუნის ქართველი და უცხოელი მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ხორენელის ეს თხზულება ტენდენციური და გალამაზებულია (სომხების სასარგებლოდ), მათ შორის სახელი „ნუნე“-ც[15], როგორც ჩანს, მე-9 საუკუნის საქართველოში მოსე ხორენელის მოთხრობილი ისტორია ასე-თუ-ისე მიღებული იყო. შესაბამისად, მას მერე, რაც სომხური ეკლესია განცალკევდა და როგორც ჩანს, აღმოსავლეთით მდებარე ძლიერი სახელმწიფოების მხარი დაიჭირა, ქართველების პოლიტიკურ დამოუკიდებლობას იდეოლოგიური საფრთხე შეექმნა: როგორ უნდა შექმნა დამოუკიდებლობის ნარატივი, თუკი შენს ქვეყანაში ქრისტიანობის მქადაგებელი [უკვე] მტრული ეკლესიის დამაარსებლის მიერ იყო გამოგზავნილი? ეს არ იყო მხოლოდ პრესტიჟის ამბავი. განდგომილი ეკლესიის დამარსებლის ემისარების ეკლესიის ისტორიის სათავეში ყოფნა ადვილად შეიძლებოდა გამოყენებულიყო მოწინაამღდეგეების მიერ, არა მარტო რელიგიური, პოლიტიკური დამოუკიდებლობის შეზღუდვა/წართმევის იდეოლოგიადაც.

როგორც ჩანს, ამიტომ დაიწერა წმ. ნინოს ცხოვრება მე-9 საუკუნეში. თან ისე, რომ უკვე აუცილებლად ქცეული ქრისტეს ჯვარიც ჩართეს თხრობაში. სავარაუდოა, რომ ამ დროს მოხდა სახელი „ნინოს“ გამოგონება: ალბათ, ძალიანაც ვერც დაცილდნენ გავრცელებულ, ჩვენთვის „სომხურ“ ამბავში მოხსენიებულ სახელს (ნუნე-ს, რომელიც, შესაძლებელია, ლათინური nonna-ს ანარეკლია) და თან ახალი სახელი მოიგონეს: ამით შეეცადნენ შესაქმნელი ზღვარი კიდევ უფრო გაემყარებინათ. ამ გზით, ქართველმა პოლიტიკოსებმა, თითქოსდა პირველი რიგის ამოცანა შეასრულეს და აუარეს გვერდი სომხურ ეკლესიასთან აფილირებას. თუმცა, თუნდაც დამოუკიდებელი, არამოციქული განამანათლებელის ამბავი, ვერ გახდებოდა ეკლესიის დამოუკიდებლობის (ავტოკეფალიის) საბუთი. ამიტომ, როგორც ჩანს, დაიწყო მუშაობა მეორე პროექტზე, რომელიც საქართველოს გაქრისტიანებას ანდრია მოციქულს დაუკავშირებდა.

საბოლოოდ, მე-11 საუკუნეში, როგორც ჩანს, მაშინ, როდესაც საქართველო იმდენად გაძლიერდა, რომ პოლიტიკურ-რელიგიური დამოუკიდებლობის მიღწევა რეალური გახდა, ამ ორი ისტორიის გაერთიანების საკითხიც დადგა. რაც წარმატებით, როგორც ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავს, მაღალ-მეცნიერულ დონეზე, ეფრემ მცირემ განახორციელა.


ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ არ ერქვა ქართველი დიდგვაროვანის არცერთ ქალიშვილს „ნინო“. ყველამ იცოდა, რომ ეს სახელი ძალიან კონკრეტული პოლიტიკური მიზნით იყო შექმნილი და არაფერს არ ნიშნავდა, გარდა ქართველების მცდელობისა, თავი დაეღწიათ არსებული, სხვების მიერ აგებული ისტორიისათვის და თავად დაეწყოთ საკუთარი მიზნების შესაბამისი ისტორიის კონსტრუირება.


მაგრამ, იკითხავს დაკვირვებული მკითხველი, რა ვუყოთ სახელ „ნანას“ („ნინოს ცხოვრების“ მიხედვით, მირიანის ცოლი, დედოფალი), რომელიც ასევე არ გვხვდება ისტორიულ წყაროებში.


ამ საფუძველზე, თითქოსდა, ადვილია „ისტორიულად/ქალების/ქალების სახელებისადმი/რეპრესია/ყურადღებისარმიქცევა“-ს დავაბრალოთ წყაროებში სახელ „ნინოს“ არ-შეხვედრა.


ოღონდ, ამ, „ნანა“ს შემთხვევაში, საქმე სხვაგვარადაა: როგორც პაუსანიუსი თავის „საბერძნეთის აღწერაში“ (II საუკუნე ახ.წ.) წერს, „ნანა“, ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟია, ღმერთქალი, რომელმაც უბიწო ჩასახვით გააჩინა ატისი. ვერა ბარდაველიძე „ნანას“ აღწერს, როგორც, ბერძნულ პანთეონთან ასოცირებულ „ქართველთა ღვთაებას“[16], რომელსაც გამოხატავდნენ, როგორც აკვანთან ჩამომჯდარ დედას (ბარდაველიძის ჰიპოთეზით, „იავ-ნანა“ ამ კულტიდანაა შემორჩენილი). გარდა ამისა, ასევე გასათვალისწინებელია შუმერული ღვთაება ინანა, რომელსაც ასევე, შეიძლება ჰქონოდა საქართელოსთან კავშირი. ამიტომ, ნანას ფიგურას და მასთან ქართველთა განმანათლებელის ურთიერთობას, „ნინოს ცხოვრების“ პირვანდელ ტექსტში, შეიძლება, მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა ჰქონოდა, რეალური პიროვნების პროტოტიპობის გარეშე, როგორც ძველი რელიგიის ახლის წინაშე დამორჩილების/დაქვემდებარების გამოხატვას. ამიტომ, ვფიქრობ, ცხადია, რომ წარმართი ღვთაების სახელი, შუა საუკუნეებში, ვერ იქნებოდა ქრისტიანული ნათლობის რიტუალის შემადგენელი ნაწილი.


მეორე პროექტი:

სახელი „ნინო“ უეცრად ხდება პოპულარული მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში: პირველი ნინო, ვისაც ისტორიულ წყაროებში მივაკვლიე, გიორგი XII-ს ქალიშვილია, 1772 წელს დაბადებული. ამ დროს გიორგი ჯერ კიდევ არ იყო მეფე. ერეკლე II ცოცხალი იყო. აღსანიშნავია, რომ ერეკლეს, მიუხედავად იმისა, რომ 11 ქალიშვილი ჰყავდა, არცერთისთვის არ დაურქმევია „ნინო“[17].


ამ, პირველი ნინოს შემდეგ, საქართველოში სხვა ნინოებიც ჩნდებიან: მე-18 საუკუნის ბოლომდე კანტი-კუნტად (მაგ. ნინო ამილახვარი (1784-1839), მე-19 საუკუნის დასაწყისში - უფრო ბევრი (ნინო ამილახვარი (1816-1904), ნინო ჭავჭავაძე (1812-1857), ნინო აბაშიძე (1838-1919) და სხვ.). აღსანიშნავია, რომ რუსი მოხელეებიც ამ დროს არქმევენ საკუთარ შვილს „ნინოს“. რუსული სახელი „ნინა“-ც ამ დროს იწყებს არსებობას. თანდათან „ნინობა“ ძალას იკრებს და ნელ-ნელა, ალბათ ჩქარაც, მივდივართ სახელის დღეს არსებულ ჰეგემონიამდე.


იმისათვის, რომ სახელდების ამ პროცესის დასაწყისი ავხსნა, ისევ წმ. ნინოს, კონკრეტულად კი, წმ. ნინოს ჯვრის ისტორიის ცოდნაა საჭირო. ნონის ჯვრის ისტორია, სხვადასხვა ისტორიულ თუ პოპულარულ წყაროებში მეტ-ნაკლებად მეორდება. მისი შინაარსი ასეთია:


„541 წლამდე იგი მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში იყო დაბრძანებული. ამ ჯვრით მეფე მირიანმა სიკვდილის წინ მეფედ აკურთხა თავისი შვილი ბაქარი.

ჯვარი მრავალჯერ ყოფილა გატანილი ქალაქიდან ქალაქში და ერთი ქვეყნიდან მეორეში. ამ გადატან-გადმოტანის დროს ჯვრის გარდი-გარდმო ნაწილი გადატეხილა გრძელ ნაწილთან მიმაგრებულ ადგილას, რის გამოც ჯვრის ფრთები დაშვებულია.

V საუკუნეში ჯვარი აღმოჩნდა წმინდა შუშანიკთან. სიკვდილის წინ, როდესაც მან სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ჯვარი გადასცა თავის მოძღვარს ანდრიას საქართველოში წამოსაღებად, მაგრამ ანდრია იძულებული გახდა სომხეთში დარჩენილიყო ჯვრიანად. ეს ჯვარი სომხეთის სხვადასხვა ქალაქებსა და მონასტრებში ინახებოდა, ქალაქ ანისის აღებამდე საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის მიერ, რომელმაც ჯვარი დაუბრუნა მცხეთას.


ისტორიული წყაროების მიხედვით, XI-XII საუკუნეებში წმიდა ნინოს ჯვარი მცხეთის საკათედრო ტაძარში ესვენა.


XVII-XVIII საუკუნეებში, მტრების შემოსევის დროს, ჯვარი გადაიტანეს მთებში, ჯერ ყაზბეგის წმიდა სამების ეკლესიაში, მერე კი ანანურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. 1749 წელს ჯვარი წმიდა ნინოს ხატით საცავიდან წაიღო გორისა და სამთავროს მიტროპოლიტმა რომანოზმა (ერისთავმა) და მიართვა თავის დას მოსკოვში, სეფე-წულის ბაქარ ვახტანგისძის მეუღლეს. სხვა ცნობის მიხედვით კი, წმიდა ჯვარი ქართველთა მეფე არჩილს გაუტანია საქართველოდან 1688 წელს. იმავე ცნობით, ჯვარი მოსკოვში ქართველ მეფეთა სასახლეში ესვენა. შემდეგ წმიდა ნინოს ჯვარი სოფელ ლისკოვოში (ნიჟეგოროდის გუბერნია) ქართველ დიდებულთა მამულში ვახტანგ VI-ის შთამომავალს, გიორგი ალექსანდრეს ძეს გადაუბრძანებია. 1801 წელს კი ამ უკანასკნელს ჯვარი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრესთვის მიურთმევია, რომელიც უბოძებია 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტის აღსანიშნავად, ხოლო იმპერატორმა ალექსანდრე I ბრძანა მისი საქართველოსთვის გადაცემა. ეს 1802 წელს მომხდარა, ჯვარი ქართულ მხარეს სტეფანწმინდაში გადაეცა ჯვარი. ანანურის გავლით სვეტიცხოველში ჩამოუბრძანებიათ სადაც გადაუხდიათ სამადლობელი პარაკლისი. ხოლო 1802 წლის 9 აპრილს დიდებით ჩააბრძანეს თბილისში. დღეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს ჯვარი თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. ჯვარს XVIII საუკუნის დასაწყისის ვერცხლის პერანგი აქვს და ვერცხლისავე კიდობანშია მოთავსებული. კიდობანზე წმიდა ნინოს ცხოვრების ამსახველი სცენებია გამოსახული“[18].


იგივე შინაარსს იმეორებს რუსული პოპულარული თუ საეკლესიო წყაროები, იმ განსხვავებით, რომ რუსული წყაროები 1801 წლამდე ჯვარის შენახვის ადგილად მხოლოდ ლისკოვოს მამულებს უთითებენ.


ეს ისტორია მთლიანად ლეგენდაა. ჯვრის არც სომხეთში ყოფნა და სომხეთიდან მოგზაურობა, არც დავით აღმაშენებლის ან რუსუდანის მონაწილეობა, არ არის ისტორიული წყაროებით დადასტურებული. როგორც ვიცი, ქართული წყაროები არც ჯვრის შემდგომ ბედს არ ადასტურებენ. უტყუარია ამ ჯვრის რუსეთში არსებობა და შემდეგ, 1802 წელს, უკვე ოკუპირებული საქართველოსთვის ზარ-ზაიმით გადმოცემა და სიონში მოთავსება. ასევე, უტყუარია ის, რომ ჯვრის ახლანდელი ე.წ. „პერანგი“ მე-18 საუკუნეში, რუსეთშია გაკეთებული.


რასაც ამ ისტორიიდან ვიგებთ, არის ის, რომ რუსეთის ხელისფულებისათვის ამ ჯვარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთან მიმართებაში. თავი დავანებოთ მორალურ მხარეს, თუ როგორ და რატომ გადასაცა საქართველოს მეფეების შთამომავალმა საკუთარი სამშობლოს დაპყრობის აღსანიშნავად ალექსანდრე პირველს ეს ჯვარი.


იმის შესახებ, თუ რატომ იყო ეს ჯვარი ასე მნიშვნელოვანი, დღეს მხოლოდ ჰიპოთეზების გამოთქმა შემიძლია. თუკი რუსეთის ერთიან პოლიტიკას გადავხედავთ დაპყრობილი ე.წ. ძველი სახელმწიფოების მიმართ, ვნახავთ, რომ პოლიტიკის „ლომის წილი“ დაპყრობილი ქვეყნების ისტორიის მისაკუთრებაა, რაც კარგად განახორციელეს უკრაინის მიმართ და სავარაუდოა, რომ იგივეს აპირებდნენ საქართველოს მიმართაც. ამის ირიბი ნიშანი და მითითება რამდენიმეა: სოლოგუბის ცნობილი სიმღერა, „ალავერდი“, რომელიც იწყება სიტყვებით „ჩვენი ცნობილი წინაპრებისგან“ (ოტ ნაშიხ პრედკოვ ზნამენიტიხ), ქართველი მეფეეების ოჯახების დაჟინებული „დამაგრება“ და ძალდატანებითი [არა ყოველთვის] „პატივისცემა“ იმპერატორის კარზე, ლეიბ-გვარდიის, ე.წ. „იმპერატორსკი კანვოის“ გენერლებად ქართველების დანიშვნა (ლეიბ-გვარდიის დაშლამდე, 1990 წელს), ქართული ჩოხის ქცევა რუსული სამხედრო ნაწილების ოფიციალურ ჩასაცმელად და კიდევ ბევრი სხვა.


მეორე მხრივ, არის იმის ნიშნებიც, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერიამ საქართველოს ისტორიის ინკორპორაციაზე უარი თქვა: ამის შემდეგ უკვე დაიწყო „ქართულის“ გაქრობა და მის ჩანაცვლება „კავკასიურით“, „კაზაკურით“, ან „ჩერქეზულით“ (მით უმეტეს, რომ ჩერქეზების გენოციდი უკვე მომხდარი იყო).

სავარაუდოა, რომ წმ. ნინოს ჯვრის „აღმოჩენა“ რუსეთში და შემდეგ მისი ძლევამოსილი დაბრუნება (რუსის ჯართან ერთად) საქართველოში, იდენტობის მიტაცების დიდი პროექტის ნაწილი იყო. როგორც ჩანს, ამავე პროექტის ნაწილი იყო სახელი „ნინოს“, როგორც ქართველების და რუსების ერთიანი იდენტობის ფაქტის, გაცოცხლება/შემოტანა. შემთხვევითი არ არის ისიც, რომ პირველი „ნინოები“ (ნინებზე“ არაფერს ვამბობ, ისედაც ცხადია), რუსეთისადმი ლოიალური თავადების ოჯახებში ჩნდებიან: ზოგი სენატორია, ზოგიც - მაღალი ჩინის ოფიცერი ან გენერალი. გიორგი ერეკლის ძის ლოიალურობა ხომ ისედაც ცხადია: გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით, საქართველოს მეფე, იმპერატორის თანხმობის გარეშე, ვერ ეკურთხებოდა.


თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთის ამ, იდენტობების და ისტორიის გაერთიანების პროექტს პირველი დარტყმა ისევ წმ. ნინოს „მიმართულებამ“ მიაყენა: გიორგი XII-ს შვილი, პირველი ნინო, სამეგრელოს მთავრის, დადიანის ცოლი, მე-19 საუკუნის 1832 წლის აჯანყების მომზადებაში იღებდა მონაწილეობას, რისთვისაც, შესაბამისად, რიაზანში გადასახლებით დასაჯეს კიდეც. „სამეფო“ მაგალითი ჩაიშალა. იმის მაგივრად, რომ რუსეთ-საქართველოს ერთიანობის ნიშანი ყოფილიყო, სახელი „ნინო“ ნელ-ნელა გადაიქცა დამოუკიდებლობის და აუთენტური ისტორიის სიმბოლოდ.

დღეს ძნელია იმის თქმა, ვინ იყო მეორე პროექტის ავტორი. მე-18 საუკუნეში რუსეთის სამეფო კარზე საკმარისად ბევრი უცხოელი ინტელექტუალი მუშაობდა, რომ მსგავსი პროექტი გამოეგონებინათ. წესით, ყველაფრი უნდა გამოსულიყო: თავიდან - წმ. ნინოს სახელის და ფაქტის „დაბრუნება“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ-რელიგიურ სივრცეში, მერე - ნინოს ჯვრის საზეიმო დაბრუნება, იმავე გზით, რა გზითაც „წაიღეს“ რუსეთში. შედეგად - ბევრი ნინოს გაჩენა საქართველოში, რომლებსაც რუსულ-ქართულ იდენტობა ექნებოდათ და საკუთარ შვილებსაც იგივე იდენტობას ააგებინებდნენ.

სინამდვილეში პირიქით მოხდა.


ვფიქრობ, რომელიმე ერთ ისტორიულ კანონზომიერებასთან არ გვაქვს გვაქვს საქმე. არც შეიძლება გვქონდეს. ისტორიულად აღიარებული ფაქტები ადამიანების ურთიერთმოქმედების რამდენიმე კანონის გადაკვეთაა. არა მგონია, რომ საქართველოს თავადაზნაურობას ესმოდა ეს პროექტი ან ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია. შესაძლებელია, პროექტი, მხოლოდ და მხოლოდ, სამეგრელოს იმ მთავრების, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს სოლომონ მეორეს დამარცხებაში და საქართველოდან გაქცევაში, რუსების წინაშე ღვაწლის დაუფასებლობამ (სამეგრელოს სამთავროს მაინც გაუქმებამ) ჩაშალა.




[2] ეს იდეა პირველად გია ჯაფარიძესგან (ფილოლოგი, ისტორიკოსი და დიპლომატი) გავიგე.


[3] ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა - გამოცემული რედაქტორობით და წინასიტყვაობით ე. თაყაიშვილისა - ტფილისი - 1891


[4] ჯავახიშვილი ივ., ანდრია მოციქულისა და წმ. ნინოს მოღვაწეობა საქართველოში, «მოამბე», 1900, № 5-6;


[5] სარგის კაკაბაძე - წმინდა ნინო და მისი მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში - ლექცია, წაკითხული ტფილისში 14 იანვარს 1912 წ. - ტფილისი - 1912


[6] უცნობი ავტორის „ნინოს ცხოვრება“, კრ.:კორნელი კეკელიძე., თბ., 1959


[7] სირაძე რევაზ " წმინდა ნინოს ცხოვრება " და დასაწყისი ქართული აგიოგრაფიისა. თბ. 1997


[8] ლელა პატარიძე, წმინდა ნინოდა ქალი ბიზანტიურ სამყაროში; თბ.


[9] ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ, "რა ენაზე მოგვითხრობდა წმინდა ნინო?", წმინდა ნინო: სამეცნიერო კრებული, პროექტის ავტ. და ხელმძღვ. რევაზ სირაძე, თბ., არტანუჯი, 2008


[10] ივანე ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. პირველი ტომი. თავი მეოთხე. საქართველოს ცხოვრება და თავგადასავალი I საუკუნიდან VII საუკ. პირველ ნახევრამდე


[11] Ibid.


[12] ჩვ.წ. პირველ საუკუნეში სკვითების მიერ კონტროლირებული ტერიტორია საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს (როგორც ჩანს, სვანეთის და ზღისპირეთის გარდა) მოიცავდა.


[13] Magee. Christianity. Christian Symbolism: The cross as a religious sign in History. 1998. http://www.askwhy.co.uk/christianity/0515Cross.php



[15] ამ ისტორიაში ვაზის ჯვარი საერთოდ არ არის ნახსენები.


[16] Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозчые верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957;


[17] ერეკლე მეფის ქალიშვილების სახელებია: რუსუდანი, თამარი, მარიამი, ელენე, სოფია, სალომე, ანასტასია, ქეთევანი, თეკლე, ეკატერინე და ხორეშანი.


[18] https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AF%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90

2,574 views

Comentários


bottom of page