top of page

თამარ ბერეკაშვილი. ფუყე სიტყვები

  • Writer: gigitevzad
    gigitevzad
  • 16 minutes ago
  • 3 min read

რობერტ მუზილს აქვს მშვენიერი რომანი: ,,უთვისებო ადამიანი“. რომანი დაუმთავრებელია, ან კი როგორ უნდა დაასრულო რომანი უთვისებო ადამიანზე?

რატომ უთვისებო? განა არსებობს ადამიანი, რომელსაც ვერცერთ თვისებას ვერ მიაწერ? დღეს უკვე არსებობს. მუზილმა ეს იწინასწარმეტყველა. უთვისებო ადამიანებად იქცევიან ადამიანები, რომლებიც ხასიათდებიან შესაშური ღირსებებით, რის გამოც ამ თვისებებს, როგორც წესი, იპარავენ, ითვისებენ სხვები და ამის გამო აღარ რჩება ეპითეტები, რომლითაც შეიძლება განვასხვავოთ ეს ადამიანები იმათგან, ვინც ეს ეპითეტები მოიპარა და თითქოსდა მოირგო.


ალბათ შემეკითხებით: განა ეპითეტებს სხვები არ გაწერენ? როგორ შეიძლება სხვებმა, გარშემომყოფებმა ეს არ შეამჩნიონ ან დათანხმდნენ ასეთ სიყალბეზე?


საქმე იმაშია, რომ უმრავლესობას აწყობს, რომ გენიოსი იყოს მისი დებილი შვილი, მზეთუნახავი მისი მახინჯი ცოლი, კეთილი მისი ჯალათი მამა, ღვთისნიერი მისი წუპაკი დედა, ბრძენი მისი უმეცარი ახვარი ქმარი და ა.შ. ამიტომ სიამოვნებით იზიარებს მასობრივი ნაცრისფერი ადამიანის გაფერადებას სხვადასხვა ღირსებებით. ამით ისიც და მისი უსახური ახლობლები და მეგობრები იძენენ უფლებას თვითონაც წარდგნენ როგორც გენიოსები, კეთილშობილები, განათლებულები და შემკულები მათთვის თითქოსდა შეუფერებელი ღირსებებით.


თავისთავად ეს არ არის სრულიად ახალი. სიტყვების ასეთი ტრანსფორმაცია შემჩნეული აქვს შექსპირს, მოლიერს, სერვანტესს და სხვას. მაგრამ დღეს ეს მასობრივი მოვლენა ხდება. თუკი გახსოვს სიტყვების მნიშვნელობა, არ შეიძლება არ დაიძაბო, როდესაც დაინახავ პატრიოტად მოვლენილ არამზადას ან ერის მამად წარმოდგენილ არარაობას. ლაპარაკი ზედმეტია ეროვნულ ძალად განცხადებულ ჯაშუშებზე ან პატიოსან მოქალაქედ აღიარებულ კანონიერ ქურდზე.


ყველასთვის ეს ვითარება ნაცნობია თეორიულად, მაგრამ რეალურად ცხოვრებაში რატომღაც ვერ ვხედავთ. ვიმეორებ, ყველასთვის ეს ვითარება მეტ-ნაკლებად ნაცნობია, და მაინც როდესაც ეს ჩვენს გვერდით ან ჩვენ გვემართება, ვერ ვამჩნევთ, ისე როგორც ვერ შევამჩნიეთ როგორ გავხადეთ უთვისებო ადამიანად თუნდაც ილია ჭავჭავაძე. აბა როგორ უნდა დავახასიათოთ ის? ჭკვიანი? შეუძლებელია, რადგანაც ყველაზე ჭკვიანი ჩვენი `ერის მამაა~; გენიოსი? ჩემი მეგობარი სულ მიმტკიცებს, რომ მისი ძაღლი გენიალურია, მეზობელიც გამომიტყდა გუშინ, რომ მისი შვილიშვილი, როგორც ეჭვი აქვს, გენიოსია, გენიალურია მარადონა. შეიძლება მოგვეჩვენოს, და ნაწილობრივ ეს სიმართლეცაა, რომ ასეთი ვითარებაა სხვაგანაც. ევროვიზიის კონკურსზე იმარჯვებს წვერ-ულვაშიანი კანჩიტა, მსოფლიოში ფორბსის მიხედვით წლის ადამიანად ცხადდება პუტინი, ყველაზე საშიშ მოვლენად ითვლება მითიური გლობალური დათბობა, მამარდაშვილის, სოლოვიოვის მშობლიურ ქვეყნებში უდიდეს ფილოსოფოსად აღიარებენ ნაციონალისტ-დემაგოგს დუგინს და ა.შ.


გოფმანის ,,პაწია ცახესში“, ცახესი – მახინჯი, ბოროტი, შურიანი, უმეცარი – ღებულობს საჩუქრად სამ ოქროსფერ თმას, რის შემდეგაც ის ეჩვენებათ მშვენიერი, თუ ის ლამაზი ადამიანის გვერდზეა, ჭკვიანი, თუ ჭკვიანი უმშვენებს მხარს, და ა.შ. ნეტავ რომელმა ჯადოქარმა დააჯილდოვა ასეთი ოქროსფერი ბეწვებით ჩვენი ბრძენი სულელები, პატიოსანი გაიძვერები, კეთილშობილი ყაჩაღები, თავმდაბალი ყოყლოჩინები, მჭერმეტყველი იმბეცილები.


როგორც ჩანს, ის პოსტმოდერნისტული დისკურსი, რომელიც გავრცელდა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში, დამკვიდრდა ენაშიც – თითოეულს შეუძლია ნებისმიერი მნიშვნელობა მიანიჭოს სიტყვებს. ერთი მხრივ, ამას ხელი შეუწყო განვითარებულმა ტექნოლოგიებმა და მეორე მხრივ, წარმოქმნილმა აუცილებლობამ - მთელ რიგ სფეროებს, ნივთებს, მოვლენებს, რომელთაც არ ჰქონდა სახელი ქართულ ენაში, იმის გამო, რომ ისინი არც არსებობდნენ საბჭოთა ხანაში, ხომ უნდა დარქმეოდა შესაბამისი სახელი. ხშირად ხდებოდა და ხდება სიტყვების სესხება ინგლისურიდან, სხვების - რუსული ენიდან, იცვლებოდა ფრაზების წყობა, ინტონაცია და საბოლოო ჯამში ენა უცხოვდება. ამ ენაზე უკვე ჭირს მეგობრული საუბარი, შეუძლებელია აღფრთოვანება და თანაგრძნობა, უცნაური ლექსიკით და თითქმის დაკარგული შინაარსით იწერება სამეცნიერო ტექსტები, ლაპარაკი ზედმეტია პოლიტიკურ და ეკონომიკურ ლექსიკაზე.


და მაინც ყველაზე თვალში საცემია და საგრძნობი საყოველთაო მეტყველება. დღეს საუბარი წარმოადგენს საუბარში მონაწილე ადამიანების მონოლოგებს, რომლებსაც ისინი რიგ-რიგობით წარმოსთქვამენ და თუ ვინმეს აწყვეტინებენ, ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ `მსმენელი~ უზრდელია ან არ ეთანხმება `ორატორს~, არამედ იმიტომ რომ ვეღარ ითმენს, ეჩქარება თავისი ტექსტის გამოთქმა. მოსმენას რაც შეეხება, თითქმის არავინ არავის არ უსმენს. შეხვედრები და საუბარი ეს მორიგი ღონისძიების დაფიქსირებაა და იქ მონაწილეობის აუცილებლობა. დაიკარგა შეკითხვის დასმის კულტურა, აღმოჩნდა, რომ შეკითხვის დასმას სჭირდება გარკვეული ცოდნა, უნარი, გამოცდილება თუნდაც საკითხი ინტერესს იწვევდეს. ამასთან, სულ არა ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ადამიანი შესძლებს პასუხის გაცემას მაშინაც კი, თუ პრინციპში პასუხი იცის ან აქვს საკითხზე მოსაზრება. თუმცა ეს ტენდენცია ევროპაში დიდი ხანია რაც შეამჩნიეს. სწორედ ასეთი ურთიერთობებია აღწერილი იონესკოს პიესებში.


რამდენიმე დღის წინ მოვისმინე ავტობუსში: მეგობრები საუბრობენ.

ერთი ეკითხება – სად მიდიხარ?

მეორე პასუხობს – როგორც ყოველთვის.

პირველი ეხმაურება – რატომ?

მეორე პასუხობს – ოკ!


არ გეგონოთ, რომ რომელიმე მათგანი ყრუ იყო. მათ სრულებით არ აინტერესებდათ რაიმეს შეტყობინება ან რაიმის გაგება. უბრალოდ ასე ურთიერთობდნენ. რაც მთავარია, საუბრის ბოლოს არ დაავიწყდათ ერთმანეთისთვის თქმა, რომ ერთმანეთი ძალიან უყვართ. ან კი რა უნდა ეთქვათ ერთმანეთისთვის? რა არის `მაგარი~ იციან, ვინ არის `მაგარი~, ესეც იციან, რა უნდა უნდოდეთ, ესეც იციან. ისიც არ გეგონოთ, რომ ასე ურთიერთობენ მხოლოდ ახალგაზრდები. კიდევ უფრო მეტად ეს ასაკოვან ადამიანებს ჩვევიათ. თუმცა მათი მონოლოგი უფრო სხაპა-სხუპაა და კიდევ უფრო უაზრო; ფუყე სიტყვები მათთან გაცილებით მრავლადაა და მათ სათაყვანებელ გმირებში მეტია უპატიოსნო პიროვნებები, მათ მიერ აღიარებულ გენიოსებში - მხდალი, არამზადა და ბრიყვი ადამიანები.

 

ამიტომაც 

`უღირს პატივი მიეგება დაგმობის ნაცვლად

და დევნილია ჭეშმარიტი სრულყოფილება,

და უბიწობა გათელილია უხეშად, მკაცრად,

და ძლიერება უძლურებას ემორჩილება,

და ხელოვნებას ბრძანებით დაბმია ენა,

და ბრძნად გვაჩვენებს თავს რეგვენი გამობრძმედილი,

და სისულელედ ეჩვენება სიმართლე სმენას

და თავის მონად უქცევია ბოროტს კეთილი~.

 

(თარგმანი გივი გაჩეჩილაძის)



 
 
bottom of page