• ადმინი

თათია გიგანი: მე ვარ ჯაყო - ბნელეთის ხიზნები

Updated: Feb 12



„მომეცით ჯაყო და თუ ყოველივე ვიკადრე,

მალე თეიმურაზად გადავაქცევ”


მე ჯაყო ვარ!


და ვარ ბნელეთი, მარგალიტებიც დაიყრება ჩემს ირგვლივ, რომ ყველაფერი წავბილწო, აყროლებულ ლეშად ვაქციო სიცოცხლე და რწმენა. ეს ჩემი ერაა, ხევისთავების დასასრული, სადაც „ბოროტება გონისეული სიბნელეა“,1სადაც ნამუსახდილი, „ჯვარცმული ანგელოზები“ ბნელეთის ხიზნებად გადაიქცევიან. „ფოლადში“ ნაწრთობ ჯაყო ჯივაშვილს, დასერილი თავით და კუპრში ამოვლებული სისხლიანი ხელებით, ძლივს იტევდა სამყარო... როგორ შესწვდებოდა ნაკაცარი, დაშრეტილი, თეიმურაზ ხევისთავი ჯივაშვილობის „სიმაღლეს“ ?!



ბენჟამენ ფრანკლინი წერდა: „ის, ვინც დათმობს თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მისაღებად, არც თავისუფლების ღირსია და არც უსაფრთხოების“ - ან რისი ღირსია ადამიანი, რომელიც თავისუფლებას ხიზნობაზე გაცვლის?!


ასე იცის ჯაყომ! როდესაც მომავალს, მხოლოდ შავი ნისლი აქვს აფარებული და აბსოლუტური ძალაუფლების პოლიტიკური იდეოლოგია სიბნელით ამოავსებს ხევისთავის გულს, „სულით მგლოვიარე“ , რწმენადაკარგული ნაკაცარი „წითელი გოლიათის’’ კლანჭებში მოექცევა.


რომანი ეპოქალური ტრაგედიით იწყება. ქალაქში შემოვარდნილ ჯივაშვილს ერთ ხელში რკინის კომბალი ეჭირა, მეორეში - დასაკლავი ზვარაკი, არ ეშინოდა მამისეული ფუძის დამაქცეველს, დააპურა და შეიხიზნა კიდეც მისი „ცხოვარნი“. რომანმა ასახა საუკუნე, მწერლის და ადამიანის ბედი, ასახა რეალობა და საფრთხე , თუ რად შეიძლება იქცეს ფიქრი, რომელიც ჯივაშვილის ტვინში მეტასტაზირდება და დაგშლის.



იქ, სადაც ჯივაშვილები ბელადობენ, ,,წითელი გოლიათის“ სამსხვერპლოზე - ადამიანთა ბედიც უნდა დაიკლას და შეიწიროს, ხევისთავების „უძღები ძე“ ხიზნად იქცეს და ვერსად ჰპოვოს სიმშვიდე. „ასე ვიცის ჯაყომა! “ - ტოტალიტარიზმის პირობებში, შენსავე ქვეყანაში რწმენადაკარგული ხიზანი და თითმკვლელი ხდები. იქ, სადაც ჯაყო წერს კანონებს, სრული მორჩილებაა, დამონებული და ჩაძაღლებული ცხოვრებისთვის, ჯვარცმულის რწმენაც კი ვერ გიხსნის.



თეიმურაზ ხევისთავის მერყევი სული, მარგოს ნამუსახდილ სხეულს ჰგავს, სადაც ყველაფერი წაბილწულია. ყოფნა, არ ყოფნის მისტიკურ განცდას, არადყოფნა ამძიმებს, რადგან კაციც არ ხარ, არამედ ნაკაცარი, გოლოგოთისკენ მიმავალი ურწმუნო.



„სოციალიზმი სულის ჭლექია, გამოფიტულ გონებას შეეპარება, ჩაბღუჯავს, დაიმორჩილებს, გამოხრავს და მოჰკლავს“2, ნამსხვრევებად გაქცევს და ნამუსახდილს, როცა დრო მოვა, ყელსაც გამოგჭრის. რომანმა გამოხრა და შეიწირა კიდეც ჯავახიშვილი. ქართველ მწერლებს რწმენა აკლიათო, კრიზისის სათავესაც, სწორედ, აქ ხედავდა: „მოჰგლიჯეთ პირიდან ბოქლომი და ნახეთ, ისე ატირდება, რომ მისი ცოდვით ქვაც კი დადნებაო“ 3 - შეიქმნა რომანიც: იმპერიის ბნელეთის ამსახველი, სადაც ჯივაშვილი ხევისთავობას ლამობს, ჯუღელი კაცივით „გულღრძო და უგულოა“ ადამიანთა სიცოცხლე და მომავალი არაფრად უღირს, რადგან ჯაყოა! საშიშია ხიზნობა, საშიშია ჯაყოს ფიქრი - იქცეს ხევისთავად, რადგან ძალაუფლებას ყველა ფეხზე ჰკიდია, მოდით ვისაც გინდათ! „თუნდაც კომბალით გახვიდეთ, თუნდაც ხანჯლით!



რომანმა ასახა ადამინი: სასოწარკვეთილი და შეშლილი. თეიმურაზმა არ დაიმსახურა ნათელი, არც სიმშვიდე. ხევისთავთა საგვარეულო კოშკივით ჩამოინგრა და გაჩრჩილდა. სიცოცხლეც აყროლებული ლეშად აქცია. როგორც ჭეშმარიტად ტრაგიკული გმირი ერთდროულად დამნაშავეცაა და უდანაშაულოც, მაგრამ „გათავებული ხარ ბრინკა, გათავებული“, აწმყოც ჯაყოსია და მომავალიც?! რას უნდა ელოდოს იმედნაკრავი ნაკაცარი, რომელ სინათლეს, იქ, სადაც ბოროტების ნაყოფი, ჯაყო ხევისთავი, ნაცოლარის ძუძუს წოვს?


231 views0 comments