გახსოვთ წარწერა სოციალურ კედლებზე, „Who do you call when the police murders?“ და იქვე აღტკინებული მამულიშვილების კომენტარები : „თქვენ არ იცით პარიზსა და ნიუ-იორკში რა ხდება? რა შეემთხვა მათ ევროპელ მამიდებს და მეზობლის ბიძის ნათესავებს, „მოსკოვებში“ და ევროპებში - და შენც იდეოლოგიის, დროში კარგად გამოცდილი დიადი ძალით იჯერებ, რომ მარტო არ ყოფილხარ, გონებადადაღული, ჩასქროლავ ადამიანებს და დუმდები. “ეს ხომ ყველგან ხდება”.
ქალბატონებო და ბატონებო, როცა თქვენს შვილზეც იძალადებენ, პოლიციის განყოფილებაში, კლინიკაში ან შვილის ცხედართან შეახსენეთ თავს ეს ბინძური იდეოლოგიური ამბები და თავი 90-იანი წლები ისტორიებით „დაიმშვიდეთ“. არ მოგეწონათ ეს აბზაცი ? არც მე.
„ამ ცხოვრების დედაც“ და სისხლიანი სკოლის კედლებიც გაიხსენეთ. მხოლოდ 24 საათიანი გაბრაზებით სიციალური ქსელის საცეცებით „ვაწკაპუნებთ“ სხვისი შვილის ცემის და ძალადობის ფაქტს, მერე კი “ეს ხომ ყველგან ხდება” ფრაზა კარგად ამუშავდება ჩვენს მატრიცაში და ვყუჩდებით. დიახ, ვყუჩდებით? რადგან ყველაფერი იციან და ყველაფერს ხედავენ.
რა შიგან ვართ? როგორ და სად მოხდა ჩვენი სულის ამპუტაცია, რა საზოგადოებად ჩამოვყალიბდით და როგორ შეგვაფასებენ ჩვენი ცოცხლად დარჩენილი თუ გადარჩენილი შვილები? დემაგოგიაა ახლა ეს ! (ვიცი თავში ეს ფრაზა გაგიელვებთ) მაგრამ დემაგოგიის დროც აღარ არის.
სულის ამპუტაცია იწყება მაშინ, როცა სიმართლეს, მყიფე სხეულის გარსი, შენში აღარ უშვებს, რა მოხდა მერე? კაი, რა? სიგარეტს გააბოლებ და მოძებნი შენთვის კომფორტულ არხს - სხვა საქართველოს შენების იმედით.
არ ვიცი, როგორ მუშაობს ამ დროს ჩვენი სააზროვნო სისტემა, რომელი გაბზარული კედლიდან შემოუშვეს მხუთავი სოციალური აირი, რომელმაც გონებისა და სულის თვალი დაგვიბრმავა. მართალი იყო ის კაცი, სილა რომ გაგვაწნა და მერე ტყვია დავახალეთ შუბლში, ახლა კი ჩვენი ცხოვრების „კანონებს“ მისი სახელობის დარბაზებში წერენ. რა უიღბლობაა და უბედობაა ეს ძილ-ღვიძლი, ისიც საუკუნეების განმავლობაში. თვითმკვლელობის უფლება მონიჭებულებს - სიკვდილიც „გაგვიპრავეს“ დიახ , ამ ოკუპანტი ქვეყნის ჟარგონით და იდეოლოგიით, მათი შექმნილი კანონებით მოვდივართ დღემდე, „დიდი ძმის“ იმედით, „ბაბაიას“ დაძახებაც ხომ ასწავლეს ჩვენს მშობლებს. ჰო და ვიმკით ახლა შედეგებს, თესვის კი რა მოგახსენოთ, ჩვენს დროში.
“ეს ხომ ყველგან ხდება”! დავუშვათ. მაგრამ რა ვუთხრა 14-15 წლის გოგო - ბიჭებს, როცა სვამენ შეკითხვას , სად დავრეკოთ მაშინ როცა პოლიცია იძალადებს ჩვენზე? მე არ ვიცი, ბატონო პოლიციელო. იყო დრო, როცა თქვენი ფორმის ტარებით და საქმით ამაყობდით, ვიცი, რომ ამაზე ფიქრობთ და გმობთ ძალადობას, მაგრამ გულში. ეს გულში გმობა კიდევ არ გამოდის.
როცა „სხვის შვილებზე“ ისევ იძალადებენ, ისევ თქვენთან უნდა დავრეკოთ და დაგვპირდით, რომ როცა მოხვალთ, როცა დაჩეხილ სხეულებს ლენტით შემოსაზღვრავთ, დედების გამაყრუებელ კივილს ნუ ჩაახშობთ, სიმართლის მხარეს დადექით. იმ სიმართლის, რომელსაც ფერსაც შეუცვლიან და გემოსაც - თქვენივე ხელით.
არ ვიცი, დასასრულს რა უნდა ვთქვა , ბოლო აბზაცმა უნდა „შეკრას“ სათქმელი, მაგრამ ვერ ვაკეთებ, რადგან ვიცი, რომ ეს ყველაფერი ისევ სიტყვებია და ხვალ ჩვეული რიტმით გავაგრძელებთ ცხოვრებას: სულ ძილი, ძილი!
Comments