top of page
  • Writer's pictureადმინი

თათია გიგანი: ალისა საოცრებათა ქვეყანაში


ძვირფასო ალისა,


იქ, სადაც, ადამიანი, კანონი და სამართალი ერთმანეთს აცდენილია, მსოფლიო პანდემიას კი ერის ხასიათითა და გენომის უნიკალურობით ებრძვიან - არ დაიბნე , ეს ჩვენ ვართ . Welcome to Georgia, My dear, Alice.


თუ ჩამოხვალ - ერთად ვნახავთ, რამდენად ღრმაა კურდღლის სორო. გზად კიდევ ბევრ უცნაურ ამბავს აღმოაჩენ.


აქ ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო თანასწორია, ჩვენი მამა და მარჩენალი (აქ ასე ვეძახით მას, ვინც უჩინარია) ყოველთვის მართალია. ცხადია, უცნაურია, მაგრამ თუ სადმე გადააწყდი, თავი დაუხარე. გულის დედოფალიც გვყავს, რომელიც ისეთივე უცნაურია, როგორც ყალბი კუს ამბავი. შენ რამ უნდა გაგაკვირვოს, მაგრამ კანონის საუფლოს მარტის კურდღელმაც კი ვერ უპოვა შესასვლელი, და გიჟურ ჩაის წვეულებებზე ყველას უენო პირბადე გვიკეთია, უჩინარისა და გულის დედოფლის შიშით, არავინ იცის თავს როდის მოგკვეთენ.



თუ მაინც გაიკვირვებ ჩვენს უცნაურ ქვეყანას , იცოდე რომ სრულ აბსურდში ხარ და მკაცრად ნუ, განგვსჯი. „ბანქოს დასტაში“ ყველა ტუზი უჩინარს ემსახურება, მაგრამ ხომ გახსოვს, რომ „დასტა“ ბანქოსია და ბოლოს ხეებიდან ჩამოცვენილ ფოთლებად გადაიქცევიან, როგორც იქ, შენს ქვეყანაში.



დრომ აქაც დაგვსაჯა და აღარ ვიცით თუ რატომ ჰგავს ყორანს საწერი მაგიდა, რომელზეც კანონებსა და რეგულაციებს წერენ.


რაც უფრო ღრმად შევდივართ კურდღლის სოროში, მით უფრო გვიჭირს ხილვადობა, მაგრამ ჩვენს საოცრებათა ქვეყანაში, გულის მეფეები სიბნელეშიც გვიპოვიან, მაშინაც კი, როცა იმ სოროში არ ვიქნებით.


როგორ ვართ? კარგად , მშვიდად და ძილ-ბურანში. ველით სასწაულს, საოცრებათა ქვეყანაში განა სხვას რას უნდა ველოდოთ? ჰო, მართლა სულ დამავიწყდა, მწვანე საბუთები დაგვირიგეს და გუშინ აღმოვაჩინე რომ კაცი ვარ, აქამდე ქალი ვიყავი, მეც დავიჯერე , რადგან მითხრეს რომ მწვანე საბუთი, უტყუარია.



სამართალზეც გიამბობ. ძველი, მაგრამ ხრაშუნა „სიმართლის ორცხობილები“ დაგვირიგეს და - ეს იმ სამართლის ნაწილია, რაც იყო და გათავდაო! ჩვენც დავჯერდით, რა უნდა გვექნა? შენც კი ვერ გაგიყოფ, რადგან მარტის კურდღელსაც აღარ შეხვდა არაფერი.



აბსურდია, ვიცი, მაგრამ ამ წერილს სანამ ყორანი მოგიტანს, ბანქოს ვალეტიც წაიკითხავს. სხვის გრძელ ცხვირსაც აღმოაჩენს ჩემს წერილში, დიდი თვალი კი ყველგან და ყოველთვის გვიყურებს.


ჰო, და თუ და ხარ, არ ჩამოხვიდე!


მოგწერ ხოლმე, შენ მაინც გჯეროდეს საოცრებათა ქვეყნის იდუმალების, შენი ამბავი ხომ ჩვენსას სჯობია - ჯერ!.



P.S. My dear, this is not Wonderland and here you are not Alice. .

bottom of page