top of page
  • Writer's pictureადმინი

თათია გიგანი: გაჩუმდი და დადექი კუთხეში!


გაიზრდები და მიხვდები თუ რა ძნელია - გქონდეს პროტესტი და ვერ გამოხატო იგი. ყველაფერი კი ბანალურად იწყება. მიგითითებენ ადგილს, რომელიღაცა ყრუ კედლის, შემდეგ კი საზოგადოების ყრუ კუთხეში და გეტყვიან, რომ უნდა გაჩუმდე, რომ ეს კუთხე, პირით კედლისკენ - არის შენი ვიწრო, პირადი სივრცე, რომელმაც უნდა დაიტიოს შენი პროტესტი. ამ კუთხიდანაც, სხვისი ნებით, ჩუმად უნდა გამოხვიდე. შეუერთდე მასას, რომლისთვისაც ხორცმეტი გახდი, მაგრამ ჯერ გითმენს.



დადექი კუთხეში! მაშინაც კი, როცა ფერადი წინდები გაცვია, უნებლიედ გატეხე ჭიქა ან მასწავლებლის შენიშვნა არ მიიღე, არ გაჩუმდი. უწყინარი ამბებია? არ მოსაყოლი ამბები. მორჩილება იწყება ასე, ნელ-ნელა, მორჩილება უპირობო, უსიტყვო და უვადო. ჩვენმა მშობლებმა პროტესტი „ბიტლების“ , „პინკ ფლოიდის“ მუსიკით გამოხატეს ან ჩაახშვეს. დიდი ხანი იცხოვრეს რკინის ფარდის მიღმა, რომელიც წვეთ-წვეთად, მაგრამ მაინც ართმევდა ყველაზე მთავარსა და ღირებულს - თავისუფლებას.



ახლა სად ვდგავართ? მატრიცაში დაკარგულები, რომელი კუთხიდან ვუყურებთ სამყაროს ? ხომ არ გვეჩვენება, რომ სივრცე ისევ ვიწროვდება? ღიად თუ შეფარულად ისმის უფერო „უწყინარი ფრაზა“: სახით კედლისკენ!



დგახარ და ფიქრობ, სად წაიღო ბრაზი და მორჩილება. კლავიატურაში გარდასახო, უმოქმედობაში დარჩე, „მითიურ"“ ტროლ-ბოტებთან იბრძოლო და მოიპოვო მოჩვენებითი, მახინჯი თავისუფლება . ხვალ კი ისევ - პირით კედლისკენ დადგე.

რა მოხდება თუ ხმამაღლა იტყვი - არა!



არა, სიჩუმეს, არა! იმ უხილავ ხელს, რომელმაც მორჩილება, პურთან ერთად ჩამოარიგა.

რა მოხდება, თუ შენს მატრიცას გაარღვევ და არ შეგეშინდება. ცხოვრება ხომ კინოფილმი არ არის, ახლა, ამის დრო არ არის - მეტყვი შენ და კარს მიმიხურავ, რადგან სამსახურში გეჩქარება, რომ სიჩუმის სანაცვლოდ, კედელთან მდგარი შენი შვილი, უგემური მორჩილებით, ძილის წინ დააპურო. მორჩილება ხომ, არც ისე ცუდია, თუ სახლში თბილა, რა მოხდა მერე თუ ქუჩა კაფკას პერსონაჟებით გადაივსო და ის სხვა - შენი შვილი არ არის?!

ის სხვაც, შენი შვილია.



კიდევ დიდხანს იდგები კუთხეში? მაშინ, კიდევ დიდი ხნით მოგიწევს საკუთარ თავთან დისკომფორტში ყოფნა, რადგან შენმა შინაგანმა ხმამ იცის , შენზე უკეთ იცის, რომ ასე გაგრძელება დამანგრეველია, მიეცი შენს თავს უფლება - თავისუფლებისთვის. გამოდი კუთხიდან, შენი პირადი კომფორტიდან, და არ გაჩუმდე, მაშინაც კი, როცა ყველაზე მეტად გეშინია.

bottom of page