top of page

გიგი თევზაძე “თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალში შთაესხნეს”*

  • Writer: gigitevzad
    gigitevzad
  • 1 day ago
  • 10 min read

Updated: 8 hours ago


სარჩევი:


 

 

 

არსენ იყალთოელის ლექსი


ალბათ ძნელია იპოვო ქართველი ჰუმანიტარი, ვინც არ იცის მე-12 საუკუნის თეოლოგის და სახელმწიფო მოღვაწის, არსენ იყალთოელის ლექსი, რომელიც ეძღვნება დავით აღმაშენებელს (დავით IV).

ლექსში ნათქვამია:


ვინნ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად ჩაესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი სამზღვართა გარე გაესხნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთაესხნეს,

აწე ამათსა მომქმედსა გულზედან ხელნი დაესხნეს.

 

ეს ლექსი ამ ფორმით ოდნავ განსხვავდება გავრცელებული ვერსიიდან, რატომ - ამაზე ქვემოთ მოგიყვებით.


ქართულ ფილოლოგიურ და ისტორიულ ზეპირსიტყვიერებაში ეს ლექსი ცნობილია, როგორც დავით აღმაშენებლის ეპიტაფია, რომელიც ოდესღაც იკითხებოდა გელათში, დავითის საფლავზე და ახლა - აღარ. სინამდვილეში, დავით IV-ს საფლავის ეპიტაფია იპოვა და გაშიფრა რუსმა მკვლევარმა საბინინმა 1882 წელს [Sabinin, 1882]. იქ წერია: „ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე ესე მთნავ: აქა დავემკვიდრო მე“. ამ წარწერის შესახებ დისკუსიაა დღევანდელ მკვლევარებს შორისაც, თუმცა, აქ ამ დისკუსიას არ შევეხები.


არსენ იყალთოელის ლექსის მეორე რედაქციაც არსებობს, რომელიც დავით ჩუბინაშვილმა ჩაიწერა მესხეთში, მე-19 საუკუნეში [Chubinov, 1846]:

 

როს ნაჭარმაგევსა მეფენი შვიდნი მე პურად დამესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი სამზღვართა გარე გამესხნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს,

აწე ამეთსა მოქმედსა გულზედან ხელნი დამესხეს.

 

ამ ლექსის ინტერეპრეტაცია/ახსნა აქამდე არ არის მისული კონსენსუსამდე.


განსაკუთრებით აღსანიშნავია მესამე სტრიქონი, რომელიც პირდაპირ ეხება თევზის აღმოსავლეთ საქართველოს წყლებიდან დასავლეთის წყლებში გადატანას. სავარაუდოა, რომ ეს ლექსი, რომელიც დავით IV-ის გარდაცვალების შემდეგ დაიწერა, მის უდიდეს საქმეებს აღნიშნავს - მიღწევებს, რომლებიც ეპიტაფიის, მიძღვნის მსგავს კომპოზიციაში აღნიშვნის ღირსად ითვლება.


როგორც ზემოთ აღვნიშნე, პირველი სტრიქონის („თორმეტი მეფე“) ორი რედაქცია არსებობს და დიდი ხანია, სხვადასხვა ინტერპრეტაციის საფუძველია. ექვთიმე თაყაიშვილის 1920 წელს გამოცემულ „ხელმწიფის კარის გარიგებაში“ [Takaishviili, 1920], რომელიც, თაყაიშვილისვე აზრით, მე-14 საუკუნის ხელნაწერია, მსჯელობაა სწორედ ამ პირველ სტრიქონზე: ავტორს, ლექსის სავარაუდო დაწერიდან 200 წლის შემდეგ (თაყაიშვილის დაშვებით), რომ 12 მეფეში 12 რეალური, იმდროინდელი სამეფოს მხარეების, შემადგენელი ნაწილების მმართველები იგულისხმებიან. ეს მსჯელობა ასეა ჩამოყალიბებული:


„მამა არსენ იყალთოელი, ეგეთი კაცი, მტყუანი როგორ ეგების? ამა შაირსა არა იგი იტყვის: „ვვინ (sic) ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად ჩაესხნეს“. მაშინ ორნი ოსთა მეფენი და კახთა მეფე და ალვანთა მეფე, წ[ა]ნართა მეფე, სამნი ტაოელთა მეფენი და სომეხთ მეფე და ტრაპიზონელნი და შარვან-შაჰენი, ესენი ჩაესხნეს ნაჭარმაგევს და თორმეტნი დასხდეს“ [თაყაიშვილი1, 1920]. არის ამავე დროს სხვა ვერსიაც, რომელშიც 7 მეფეა ნახსენები, თუმცა ეს მე-19 საუკუნეში ჩუბინაშვილის მიერ მესხეთში ჩაწერილი ლექსია. შესაძლებელია, მართლაც 12 მმართველი იყოს ნაგულისხმევი, თუმცა, ამ ტექსტის სქოლიოში თაყაიშვილი აღნიშნავს, რომ ტრაპიზონელების და შარვან-შაჰების მრავლობით რიცხვში მოხსენიებით მეფეთა რაოდენობა 13 გამოდის და არა 12. არსებობს „შვიდნი მეფენი“-ს ინტერპრეტაციაც, რომელიც ასევე, „კარის გარიგების“ მსგავსად, საქართველოს მხარეების 7 მმართველს ადგენს, ოღონდ ამ მმართველებში, ამ ინტერპრეტაციით, დავით IV-ც არის შეყვანილი (ანუ, საკუთარ თავსაც „სხამს პურად“):  “მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს - იგულისხმება: დავით აღმაშენებელი - მეფე  აფხაზთა (ე.ი. დას. საქართველოს ფლობა -1089 წ.), ქართველთა (ქართლი, კახთა (კახეთი -1101-1104წწ.) რანთა (ჰერეთი), სომეხთა (ლორე-ტაშირი - 1118 წ.), შაჰან-შაჰ (ანისის - 1123 წ.), შარვან-შაჰ (შარვანის - 1124 წ.)”. (http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/epitafia_a.htm). ეს ინტერპრეტაციაც საკმაოდ გავრცელებულია ინტერნეტში, უშუალო სამეცნიერო წყარო არ მიძებნია.


ცხადია, რომ ორივე (12 და 7) შემთხვევაში დაქვემდებარება იგულისხმება, მაგრამ რამდენად არის ეს ორივე რიცხვი რეალური მდგომარეობის აღწერა? მე-12 საუკუნეში, ანუ იმ დროს, როდესაც სავარაუდოდ არსენ იყალთოელმა ეს ლექსი დაწერა, ორივე რიცხვის/გამოთქმის შესაბამისი სიმბოლური მნიშვნელობები არსებობდა: 7 მეფე - იერუსალიმის სამეფოს (წმინდა სამეფოს) 7 მმართველი, რომელიც ირჩევდა იერუსალიმის მეფეს [Murrey, 2000]. ეს ფაქტი არის იმ ინტერპრეტაციების საფუძველი, იმ ისტორიულ ცნობასთან ერთად, რომ დავით IV იერუსალიმის მეფე ბოლდუინს ინსიგნიებს უგზავნიდა [Tinikashvili, 2014] და რომ ამ სტროფში იერუსალიმის მეფის აღიარება იგულისხმება.


 12 მეფე - აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) იმპერიისთვის დამახასიათებელ იმპერიულ აღნიშვნას ეხება. ბიზანტიურ პოლიტიკურ რიტორიკაში „თორმეტი მეფის მოსვლა“ რეალურ მეფეებს არ გულისხმობდა, არამედ იმპერატორის ძალაუფლების საყოველთაო აღიარებას სიმბოლურად გამოხატავდა (Kazhdan and Constable, 1982). ამრიგად, პირველი სტრიქონი დავითის ბიზანტიის იმპერატორის თანასწორად გამოცხადებას წარმოადგენს. „ნაჭარმაგევიც“, შესძლოა, სრულიად არ გულისხმობს ადგილს და რეზიდენციას, არამედ, ასაკს - მოხუცობის ასაკის მიღწევის შემდეგ გაკეთებულ საქმეს: შესაბამისად, ეს სტროფი ასეც შეგვიძლია გავიგოთ: „ის, ვინც მოხუცობის ასაკის მიღწევის შემდეგ იმპერატორი გახდა“.


სავარაუდოა, რომ არსენ იყალთოელი აღმოსავლეთ რომის იმპერიის ფორმულას იყენებს დავით IV-ის ძლევამოსილებაზე ხაზგასმისათვის. მით უმეტეს, უკვე დასუსტების გზაზე მყოფ აღმოსავლეთ რომის იმპერიის პირობებში.


მაგრამ, თუკი ეს დასკვნა მართებულია, ის „ხელმწიფის კარის გარიგების“ მე-14 საუკუნეში დაწერის მართებულობას ეჭვს ქვეშ აყენებს: თუკი „კარის გარიგება“ კონსტანტინეპოლის დაცემამდე, ანუ 1453 წლამდეა დაწერილი, საეჭვოა „კარის გარიგების“ ავტორებს არ სცოდნოდათ „12 მეფის“ მნიშვნელობა. ტექსტიდან ჩანს, თუმცა, ეს სუბიექტური შთაბეჭდილებაა, რომ საერთაშორისო კონტექსტი გამქრალია ტექსტიდანაც და ავტორის თავიდანაც. ავტორი ცდილობს საქართველოს ერთიანობას უფრო გაუსვას ხაზი, ვიდრე მის ადგილს საერთაშორისო კონტექსტში. ამიტომ, ვფიქრობ, „კარის გარიგება“ მაშინ დაიწერა, როდესაც აღმოსავლეთ რომის იმპერიასთან ყოველგვარი კავშირი გაწყდა, მათ შორის, მეხსიერებითიც. ამიტომ, ეს ტექსტი, ყოველ შემთხვევაში, არსენ იყალთოელის ტექსტზე ეს კომენტარი მე-15 საუკუნის მეორე ნახევრის უნდა იყოს.


მეორე სტრიქონი ისტორიულად დოკუმენტირებულ ფაქტს ეხება: სამეფოს განთავისუფლებას სპარსელების, არაბების და თურქების ბატონობისგან.


მესამე სტროფი კი აღწერს თევზის აღმოსავლეთიდან დასავლეთის მდინარეებში გადატანას - აქტს, რომელიც თავისი სიმბოლური წონით იმპერიული ძალაუფლების კონსოლიდაციისა და სამეფოს დამპყრობლებისგან განთავისუფლების ეკვივალენტად არის წარმოდგენილი.


პარიზში გამოქვეყნებულ მე-19 საუკუნის ხელნაწერთა კატალოგში აღნიშნულია, რომ ხალხური გადმოცემის მიხედვით „დედოფალმა თამარმა, გავრცელებული ტრადიციის თანახმად, კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში ზუთხები გადაიტანა“ (Günzburg et al., 1891). ცნობილია რომ თამარ მეფეს, მისი პოპულარობის გამო, მანამდელი და მისი შემდგომი საქმეებიც მიეწერება. ამიტომ, გაურკვეველი რჩება, თამარ მეფემაც განახორციელა ზუთხების გადაყვანა, თუ ეს გადმოცემა დავით IV-ის ქმედებას მოგვითხრობს.


მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი, თევზების გადაყვანა, ტექსტურ და ფოლკლორულ დონეზეა დადასტურებული, ასეთი წამოწყების ლოგიკა გაურკვეველი რჩება. რატომ უნდა განეხორციელებინა შუა საუკუნეების მონარქს, ან მონარქებს, ასეთი პროექტი? უფრო მეტიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არ იყო უმნიშვნელო, რუტინული პროექტი: ეს რომ ასე არ იყოს, ამ საქმეს მე-12 საუკუნის სასულიერო პირი და ინტელექტუალი დავით IV-ის სამ უდიდეს მიღწევას შორის ხსენების ღირსად მიიჩნევდა.


ტექნიკური თვალსაზრისით, ასეთი გადატანა შესაძლებელი იქნებოდა შუა საუკუნეების საქართველოში. კასპიის ზღვიდან ზუთხები მტკვრის შუა წელამდე და უფრო მაღლაც ადიოდნენ და მანძილი თბილისიდან (მტკვრის აუზიდან) რიონის აუზამდე (რომელიც შავ ზღვაში ჩაედინება და დღესაც ზუთხის ქვირითობის ადგილია) 100 კილომეტრზე ნაკლებია. შესაფერისი ლოგისტიკური პირობების შემთხვევაში, ზუთხის ლიფსიტების ან ქვირითის ამ მანძილზე გადატანა სრულიად შესაძლებელი იყო. ამიტომ, გადამწყვეტი კითხვა არის არა ის, თუ როგორ შეიძლებოდა ასეთი გადატანა მომხდარიყო, არამედ რატომ მოხდა ის.

 


ცოტა რამ თბილისზე, როგორც მდინარის ქალაქზე 


თანამედროვე ქართველ მკითხველს გაუკვირდება ეს სათაური, არადა, თბილისის მთელი ძლევამოსილება, მიმზიდველობა და სიმდიდრე მე-15 საუკუნემდე იყო დამოკიდებული სამდინარო პორტებზე (ორი მთავარი პორტი - დღეს სადაც აბანოთუბანი/მეტეხია და რიყე/სიონი, ასევე, ორი დამხმარე პორტი - ტივების პორტი [ვერფი] იყო ორთაჭალაში და სამდინარო საწყობი - ისანში) [Belenitski and Pilipenko, 1973] რომლებიც იღებდნენ კასპიის ზღიდან საქონელს, რომელიც მერე სახმელეთო გზებით ნაწილდებოდა აღმოსავლეთ რომისკენ და შავი ზღვისკენ. ამის შესახებ ბევრია მოთხრობილი იმდროინდელ აღმოსავლურ წყაროებში: ალ-ისტახრის, მე-10 საუკუნის სპარსელი გეოგრაფის წიგნში „წიგნი გზების და სამეფოების შესახებ” (Kitāb al-Masālik waʿl-Mamālik[) აღწერილია მტკვარი, როგორც სანაოსნო და სავაჭრო გზა თბილისამდე [Al-Istakhiri, 1870/1927], იმ საქონლისთვის, რომელიც განკუთვნილი იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიისათვის და შავი ზღვისათვის. კასპიის ზღვიდან მოსული საქონლის გზა ასეთი იყო: სალინის პორტიდან საქონელი იგზავნებოდა ბარდჰაში (შუა საუკუნეების ალბანეთის დედაქალაქი, დღეს აზერბაიჯანი. ბარდავი - ქართული ტრანსკრიფციით). მიუხედავად იმისა, რომ ბარდავი არა მტკვარზე, არამედ მის შენაკადზე მდებარეობდა, ეს ადმინისტრაციული, პოლიტიკური და გეოგრაფიული მიზეზებით იყო განპირობებული: გარდა პოლიტიკური მოტივებისა (თბილისის ამირა არავის არ ემორჩილებოდა), ბარდავი აღმოსავლეთიდან მომავალი სახმელეთო ქარავნების გადაკვეთის წერტილიც იყო. შემდეგ, იერუსალიმის სამეფოებისათვის, აღმოსავლეთ რომის იმპერიის და შავი ზღვისთვის განკუთვნილი ტვირთი მდინარით თბილისში იგზავნებოდა, სადაც კვლავ ნაწილდებოდა იერუსალიმის სამეფოებისკენ, აღმოსავლეთ რომის იმპერიისკენ და შავი ზღვისკენ (ახალქალაქის და კლდეკარის გზები). აქედან ცხადია, რატომ იყო თბილისი მნიშვნელოვანი ქალაქი და რატომ იყო მისი აღება რთული. როდესაც დავით აღმაშენებელმა თბილისი აიღო, მართალია ამით მილიტარისტული კონტროლი დაამყარა მტკვარზე და თბილისის ეკონომიკური სარგებელი ხელში ჩაიგდო, მაგრამ ეს არ იყო სრული ეკონომიკური კონტროლი მანამ, სანამ ბარდავიც მის გამგებლობაში არ მოექცა. ამის შემდეგ ძნელი იყო წარმოგედგინა უფრო მდიდარი სახელმწიფო ვიდრე საქართველო - მთელი ტვირთის საბაჟო მოსაკრებელი, რომელიც კასპიის ზღვის და სპარსეთის მხრიდან მოდიოდა ბარდავში და თბილისში, სამეფო კარის საკუთრება იყო.

სავარაუდოდ, ვახტანგ გორგასლის პერიოდამდე, გემები და ტივები მტკვარით მცხეთამდეც აღწევდნენ. მაგრამ ეკოლოგიურმა ცვლილებებმა, რომლებმაც ხევი-რაჭა-სვანეთი-შავი ზღვის სავაჭრო გზის ჩაკეტვა გამოიწვია, სავარაუდოდ ასევე იმოქმედა მცხეთის მიდამოებში მტკვრის სანაოსნო პირობებზეც, რამაც გორგასალი აიძულა დედაქალაქი და, შესაბამისად, მთავარი სავაჭრო პორტები თბილისში გადმოეტანა.


თბილისის, როგორც სამდინარო საპორტო ქალაქის შესახებ წყაროები ბევრია, არა მარტო აღმოსავლურ-წინა აზიური [Matthew of Ewdessa, 1993; Constantine Porphyrogenetus, 1967, Ibn Hawqal, 1873; Hudud Al-Alam, 1970], არამედ ქართულიც: ვახუშტი ბატონიშვილი წერს, რომ თბილისს ზემოთ გემი ვეღარ მიდის [ვახუშტი ბატონიშვილი, 1973]. ასევე, საკმაოა არქეოლოგიური მონაცემები [Eastmond, 1998; Khalvashi, 1991; Kapanadze, 2003]. მე-19 საუკუნეებამდე ორთაჭალა/მეტეხის პორტი კიდევ მუშაობდა, სავარაუდოდ მანამდე, სანამ მინგეჩაურის წყალსაცავი, ზაჰესის და ორთაჭალის ჰესები არ ააშენეს რუსმა ოკუპანტებმა. საერთოდ, ბოლშევიკების ვნება იყო მდინარეების დაზიანება/დამორჩილება/გადაკეთება. ალბათ ეს მათთვის თავისუფლების ჩახშობის სიმბოლური აქტი იყო.


მცირე შენიშნვნა: სვეტიცხოველში აფრიანი გემების ფრესკების განმარტებისათვის და „ვეფხისტყაოსნის“ საზღვაო ბრძოლების ასახსნელად სულაც არ არის საჭირო შავი ზღვის და შავი ზღვის აუზის ნავიგაციის ისტორიის და გამოცდილების მოხმობა [გაბაშვილი, 2016; თევზაძე, 2017]: მტკვრის და კასპიის ზღვის სანაოსნო მნიშვნელობაც საკმარისი იქნებოდა ამ ფრესკის დასახატად.


ამ მცირე მიმოხილვით ცხადია, რომ თევზების შავი ზღვიდან კასპიის ზღვაში გადაყვანის ცოდნაც და საშუალებაც საკმარისი იყო მე-12 საუკუნეში. ოღონდ, ეს კვლავ არ პასუხობს კითხვას, რატომ გახდა საჭირო ამ, იმ დროისათვის გრანდიოზული, პროექტის განხორციელება.

 

შუა საუკუნეების ეკოლოგიური კატასტროფები შავ ზღვაში (მე-6 და მე-9-მე-11 საუკუნეები): აღწერა და შედეგები


შავმა ზღვამ თავისი ისტორიის განმავლობაში რამდენიმეჯერ განიცადა გარემოს სერიოზული ცვლილება. ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა ჩვ.წ. მე-6 საუკუნეში და ჩვ.წ. მე-10 საუკუნეში. ამ მოვლენებმა, რომლებიც გამოწვეული იყო კლიმატური, გეოლოგიური და ჰიდროლოგიური ფაქტორების რთული ურთიერთქმედებით, ღრმად შეცვალა აუზის ეკოლოგიური დინამიკა და, სავარაუდოდ, გამოიწვია ზღვის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვანი შემცირება.


მე-6 საუკუნის კრიზისი: კლიმატის არასტაბილურობა და ჰიდროლოგიური დარღვევები


მე-6 საუკუნის შავი ზღვის ეკოლოგიური კატასტროფა გამოწვეული იყო ე.წ. „გვიანანტიკურ მცირე გამყინვარების ხანით” (Büntgen et al., 2016): ამ მცირე გამყინვარების მიზეზი იყო მასიური ვულკანური ამოფრქვევები - განსაკუთრებით 536, 540 და 547 წლებში - რამაც ატმოსფეროში დიდი რაოდენობით სულფატის აეროზოლები შეაფრქვია, რამაც, თავის მხრივ, შეამცირა მზის სხივების გავლენა დედამიწის ზედაპირზე, გამოიწვია გლობალური მკვეთრი გაგრილება და კლიმატური არასტაბილურობა (Toohey et al., 2016). შავი ზღვის რეგიონში შედეგები სერიოზული იყო: ტბების დანალექის ანალიზი მიუთითებს მტკნარი წყლის შემოდინებისა და მარილიანობის მნიშვნელოვან ცვლილებებზე ამ პერიოდში (Filipova-Marinova et al., 2014). გაგრილებამ, მდინარის ჩამონადენის შემცირებამ, სავარაუდოდ, შეამცირა ფიტოპლანქტონის (თევზის საკვების) წარმოება, რამაც დაარღვია ზღვის კვებითი ქსელის საფუძველი, რაც, ბუნებრივია, აისახა თევზების სახეობების რაოდენობაზე. ქვირითობისა და გამრავლების ადგილების (მდინარეების) შემცირებამ, სავარაუდოდ, გამოიწვია ზუთხის პოპულაციის შემცირება.პალეოეკოლოგიური ჩანაწერებიდან მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს წყლის პროდუქტიულობისა და ფაუნის მრავალფეროვნების შემცირებაზე პირველი ათასწლეულის შუა პერიოდში (Filipova-Marinova et al., 2014).

 

IX-XI საუკუნეების კოლაფსი: გარემოს ცვლილება და საზღვაო სისტემის რეორგანიზაცია


მეორე, და შესაძლოა, უფრო მძიმე, ეკოლოგიური კრიზისი მოხდა IX-XI საუკუნეებს შორის, რამაც გამოიწვია შავი ზღვის აუზში მნიშვნელოვანი კლიმატური და ჰიდროლოგიური ცვლილებები: კვლავ მოხდა გრანდიოზული ვულკანური ამოფრქვევა ისლანდიაში (ელდგია) (939–940 წწ.) - გამოიწვია რეგიონალური ტემპერატურების ვარდნა და ჰიდროლოგიური რეჟიმების შეცვლა (Guillet et al., 2020). ამ კლიმატურმა ცვლილებამ დიდი გავლენა მოახდინა ნალექებზე, მდინარის ჩამონადენსა და ნალექის დინამიკაზე. ნალექის კვლევა და პალეოგარემოს რეკონსტრუქციები მიუთითებს წყლის დონისა და მარილიანობის დონეების მნიშვნელოვან ცვლილებებზე (Ryan et al., 2022). ამ ცვლილებებმა შეამცირა ჟანგბადის ხელმისაწვდომობა შავ ზღვაში და მასში ჩამდინარე მდინარეებში. კვლავ შეიცვალა ზღვის კვებითი გარემო, რამაც, თავის მხრივ, მოახდინა გავლენა თევზების პოპულაციებზე (Kaniewskli et al., 2021; Gessner et al, 2024).


 

 

დასაშვებია, რომ დიდი ზუთხების პოპულაციამ შავ ზღვაში ვერ გაუძლო ეკოლოგიურ კატასტროფას და გადაშენდა მაშინ, როდესაც უფრო მცირე მოცულობის და უფრო ადაპტირებადი თევზები გადარჩნენ. შესაძლებელია, ერთმანეთს მიდევნებულმა ორმა კატასტროფამ მე-6 და მე-10 საუკუნეებში, პოპულაციური თვალსაზრისით ძალიან მოკლე დროში, დამანგრეველი გავლენა იქონია ზუთხების პოპულაციაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის თევზის რეწვის და საკვების, თუკი უმთავრესი არა, ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. სწორედ ეს შეიძლება გამხდარიყო მიზეზი, რის გამოც სამეფო კარმა გადაწყვიტა ასეთი, იმ დროისათვის არაორდინალური გზით მოეგვარებინა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და მასში ჩამდინარე მდინარეების აუზებში მაცხოვრებლების ეკონომიკური პრობლემა: თევზების “ამერთა წყლებიდან იმერთა წყლებში გადასმით”.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღემდე ეკოლოგიურ და ევოლუციურ კვლევებში შავი ზღვის ზუთხი გადაუწყვეტელ პრობლემად, ამოცანად  რჩება. შავ ზღვაში, ცხადია, არის თევზების პოპულაციების მრავალფეროვნება, რომლებიც მნივნელოვნად განსხვავდება კასპიის ზღვის მრავალფეროვნებისგან, მაგრამ, ეს განსხვავება არ ეხება ზუთხის ზოგიერთ სახეობას და მათ მახასიათებლებს: ისინი კასპიის ზუთხების აბსოლუტურად იდენტურები არიან [Gessner et al. 2024; Pourkazemi, 2022; Holostenco, 2021]. ამის ახსნა პრინციპში, შეუძლებელია ევოლუციური და ეკოლოგიური თვალთახედვით: შავი ზღვა და კასპიის ზღვა 350 000 წლის წინათ გაიყო, ხოლო მათ შორის რაიმენაირი ჰიდროლოგიური კავშირი მინიმუმ 5000 წლის წინ შეწყდა. ეს დრო სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ მნიშნველოვანი განსხვავება ჩამოყალიბებულიყო ზუთხის პოპულაციებს შორის. მეცნიერებმა ბევრი მახვილგონიერი, მაგრამ არასაკმარისი ახსნა მოუგონეს ამ თავსატეხს, თუმცა, იმის დაშვება, რომ მე-12 საუკუნეში ზუთხის გადაყვანა მოხდა კასპიის ზღვიდან შავ ზღვაში, ამ თავსატეხს ადვილად და უპრობლემოდ ხსნის: 800 წელი ძალიან ცოტა დროა იმისათვის, რომ რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავება ჩამოყალიბდეს ხელოვნურად გამიჯნული ზუთხის ერთ პოპულაციის ორ ნაწილს შორის.

 

 

და ბოლოს: კვლავ არსენ იყალთოელის ლექსი


ეს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღდგენილი ვერსიაა “ხელმწიფის კარის გარიგებაში” მოყვანილი პირველი სტროფის მიხედვით:


ვინნ ნაჭარმაგევს მეფენი თორმეტნი პურად ჩაესხნეს,

თურქნი, სპარსნი და არაბნი სამზღვართა გარე გაესხნეს,

თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთაესხნეს,

აწე ამათსა მომქმედსა გულზედან ხელნი დაესხნეს.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ეს ლექსი ასე უნდა გავიგოთ:


დავით IV აღმაშენებელი იყო მეფე, რომელიც სიბერეში, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ, გახდა [ისეთივე, როგორც] რომის იმპერატორი (პირველი დიდი საქმე), განდევნა დამპყრობლები სამეფოს მიწიდან (არ ვწერ საქართველოს, იმიტომ რომ დავით IV აღმაშენებლის სამეფოში ბევრი ის მხარე შედიოდა, რომელიც დღეს არ არის საქართველოს საზღვრებში) (მეორე დიდი საქმე) და განახორციელა გრანდიოზული პროექტი: ზუთხი კასპიის ზღვიდან გადაიყვანა შავ ზღვაში, რომელიც იქ გამრავლდა და მთლიანად შეცვალა იქ მაცხოვრებელების ეკონომიკა და კეთილდღეობა (მესამე დიდი საქმე).


*ავტორი დიდ მადლობას უხდის ლევან ნინუას და ბექა ჭიჭინაძეს ტექსტზე მუშაობისას გაწეული კონსულტაციებისათვის.

 


 

მითითებული ლიტერატურა:

 

M. Sabinin, Рай Грузии (St. Petersburg, 1882), გვ. 512;

Chubinov, D. Georgian Chrestomathies (in Russian), Vol. 2, p. 212. St. Petersburg, 1846, გვ. 212.

Takaishvili, E. Institution des cours royales. Tiflis: Université de Tiflis, 1920, გვ. XXXVII-XXXVIII.

Takaishvili, E1. Institution des cours royales. Tiflis: Université de Tiflis, 1920, გვ. XXXVII;

Murray, A.V, The Crusader Kingdom of Jerusalem,Oxford, 2000, გვ. 176–238;

Tinikashvili, D., & Kazaryan, I. Crusaders and Georgia: A Critical Approach to Georgian Historiography, 2014.

Kazhdan, A., & Constable, G. People and Power in Byzantium: An Introduction to Modern Byzantine Studies. Dumbarton Oaks, 1982, გვ. 40-43.

Belenitskii A.K. & V. A. Pilipenko, Goroda Kavkaza v Srednie Veka (Moscow, 1973), გვ. 85–88;

al-Istakhri, Kitāb al-Masālik wa-l-Mamālik, ed. M. J. de Goeje, Bibliotheca Geographorum Arabicorum, vol. I (Leiden: Brill, 1870/1927), გვ. 188-189;

Ibn Ḥawqal, Ṣūrat al-Arḍ, ed. de Goeje, BGA vol. II (Leiden, 1873), გვ. 342–343;

Hudūd al-ʿĀlam, tr. V. Minorsky (London: Oxford Univ. Press, 1937 / 2nd ed. 1970), §45 “Arrān.”

Eastmond, A. Royal Imagery in Medieval Georgia (Penn State Press, 1998), გვ. 33–36, 58–61;

Khalvashi, N. Archaeological Studies of Tbilisi’s Old Town (Tbilisi: Metsniereba, 1991), გვ. 47–63;

Kapanadze, R. The Historical Topography of Old Tbilisi (Tbilisi, 2003), გვ. 89–101;

გაბაშვილი, მ. აფრიანი ხომალდები სვეტიცხოვლის ფრესკაზე, კრებული ქართველოლოგია, 4, თბილისი, 2016;

თევზაძე გ. სხვა ისტორია, თბილისი, 2017, გვ. 51-57;

Büntgen, U., et al. Cooling and societal change during the Late Antique Little Ice Age (536–660 AD). Nature Geoscience, 2016, 9(3), 231–236.

Toohey, M., Krüger, K., Sigl, M., Stordal, F., & Svensen, H. Climatic and societal impacts of a volcanic double event at the dawn of the Middle Ages. Climatic Change, 2016, 136(3–4), გვ. 401–412.

Filipova-Marinova, M., Yankova, D., Pavlov, D., & Jordanova, D. Palaeoenvironmental changes in the Black Sea during the Holocene. Quaternary International, 2014, გვ. 345, 20–34.

Guillet, S., Corona, C., Stoffel, M., et al. Climate response to the Eldgjá eruption in Iceland in the mid-10th century. Nature, 2020, 585, გვ. 190–195.

Ryan, W. B. F., Pitman, W. C., & Clifford, S. Black Sea water-level fluctuations and their ecological consequences. Quaternary Research, 2022, გვ. 108, 12–29.

Kaniewski, D., Marriner, N., & Morhange, C. Abrupt ecological changes in the Black Sea basin during the 10th century. The Holocene, 2021, 31(5), გვ. 673–684;

Gessner, J., et al. Conservation genetics of Black Sea sturgeons: Urgent actions needed. Fish & Fisheries, 2024, 25(2), გვ. 314–329;

Pourkazemi, M. Sturgeons of the Caspian Sea: Evolution, conservation, and future challenges. Aquatic Conservation, 2022, 32(5), გვ. 810–828;

Holostenco, D. N., et al. Genetic diversity of stellate sturgeon in the Lower Danube River using mitochondrial control region. Water, 2021, 13(8), გვ. 1115.


ree

 
 
bottom of page