top of page
  • Writer's pictureNini Chachia

თინათინ ქავთარაძე: დიდება უკრაინას, დიდება გმირებს_#4


რა დროს გავროშობაა? სამშობლოსთვის არ უნდა მოკვდე, მისთვის უნდა იცოცხლო.

ბრძენი მასწავლებლის გამონათქვამებიდან

,,თუ არ გახდები გავროში, იქნები მუდამ გავნოში.”


2003 წელს ეს ფრაზა სკოლის დაფაზე დავწერეთ და ბედნიერები ვხითხითებდით, კბილებალესილი, ავი მასწავლებლების მრისხანებაზე. მაშინ, ჩვენც გავროშები ვიყავით, აღფრთოვანების, თავგანწირვისა და სიყვარულის ძალა გვქონდა, თუმცა ასე გვარიგებდნენ: გავროშობა რომანტიზმია. სამშობლოსთვის არ უნდა მოკვდე, მისთვის უნდა იცხოვროო. ამაზე ფიქრი ბევრი ჩვენგანისთვის მთავარ გამოცანად და ამოცანად იქცა, რადგან სამშობლოსთვის თავგანწირვა გვინდოდა, თუმცა ვხვდებოდით, უმწეო, ადვილად დასაჭერ ჩიტად ყოფნა ვერაფერი ხეირი იქნებოდა ვერც ჩვენთვის, ვერც სამშობლოსთვის. მაშ, როგორ? რანაირად?


რა დროს გავროშობაა? სამშობლოსთვის არ უნდა მოკვდე, მისთვის უნდა იცოცხლო.


ერთი გოგოს ფოტო შემეფეთა დღეს სოციალურ ქსელში. ყურადღება, ალბათ, იმად მიიქცია, რომ ზურგშექცევით იდგა, ყურსასმენები ეკეთა და ძალიან თამამი იყო, მხრებში გამართული. თეთრი მაისური ეცვა, ვარდისფერი ფლამინგოებით მოხატული. ისეთი თავდაჯერებული, თავისუფალი, ამაყი და საბრძოლო შემართებისა იყო ეს დგომა, ფლამინგოებიც ფრთებს გაშლიანო იფიქრებდი. ნეტავ, რას უსმენდა იმ დროს, როცა ფოტო გადაუღეს? “როლინგებს”? “პინკ ფლოიდებს”? იქნებ, საქართველოს ჰიმნს და ამ დროს მის თვალწინ წეროვანის წითელსახურავიანი დასახლებები იშლებოდა? იქნებ, ამ დროს ფიქრობდა, როგორ უსამართლოდ დაგვაბეჩავეს ოკუპანტებმა და ბრაზდებოდა, მხრებში ამ ბრაზისაგან გაიშალა, მუშტები შეკრა, თავი მაღლა აწია, ბრძოლის ყიჟინა მოესმა და ხმამაღლა იყვირა: “დიდება თავისუფლებას”? იქნებ, მშობლების უმოქმედობაზე ჩაფიქრებულმა, ბოღმისაგან სიმწრის ცრემლები ღვარა? იქნებ, ეზოში მოთამაშე ბავშვებს გადახედა და გული აუჩუყდა, რადგან მიხვდა, არ იქნება მათთვის მშვიდობა მანამ, სანამ ისინიც მასავით არ გაბრაზდებიან? იქნებ, თავისი მომავალი შვილები შეებრალა: ვაი, რომ მათაც, მშობლების დარად, წყენა უმოქმედო, გულისგამომჭმელ დარდად დაურჩეთ მხოლოდ და ვერასდროს დაეუფლონ საბრძოლო ხელოვნებას, ვერ აიღონ ხელში იარაღი და მათგან ყველაზე გამორჩეულებმაც კი, რომანტიკოსი გავროშებივით დაასრულონ?



რა დროს გავროშობაა? სამშობლოსთვის არ უნდა მოკვდე, მისთვის უნდა იცოცხლო.



ერთი გოგოს ფოტო შემეფეთა დღეს სოციალურ ქსელში. ყურადღება, ალბათ, იმიტომ მიიქცია, რომ ზურგით იდგა, ყურსასმენები ეკეთა, ძალიან თამამი იყო, მხრებში გამართული და მე გავიგე, რას ამბობდა ის, იმ წუთას. სიტყვები მკვახე იყო, ყურისმომჭრელი და კბილებშიგამოცრილი, ოდნავ ხრინწიანი და მოგუდული, თუმცა ყველაზე გამბედავი:


,,- მართალია, მასწავლებელო, გავროშობის დრო აღარ არის. ახლა საბრძოლო ხელოვნების დასწავლის და ომში ჩაბმის დროა! ტყვიებს სხვებისთვის კი არ შევაგროვებ, არამედ ჩემთვის! დიახ, სიცოცხლის დროა და გამარჯვების! მე ვიქნები კროტევიჩი, რომელიც არასდროს დაიკვეხნის გმირი ვარო - იტყვის, ის გავაკეთე, რასაც გადარჩენის, სიცოცხლის კანონზომიერება მოითხოვდაო. ომი ფუფუნებაა, როცა მონობა ცხოვრების წესად ქცეულა. ჩემო მასწავლებელო, რა დროს ჰიუგო და რომანტიზმია? სამშობლოსთვის არ უნდა მოკვდე, მისთვის უნდა იცოცხლო. როგორ? დროა, ისტორიის გაკვეთილები ვისწავლოთ, მხოლოდ არა იმ წიგნებიდან ფსევდომეცნიერებმა რომ გაგვიყალბეს, არამედ წეროვანის წითელი სახურავების ქვეშ მცხოვრები ადამიანებისგან, მათი პირადი გამოცდილებიდან, მათ მიერ მოყოლილი ამბებიდან. დიახ, სადაც ადამიანია, იქ არის ისტორია/სადაც მე ვარ და ჩვენ გავხდებით ჩვენი ერის უახლესი ისტორიის ავტორნი. გამოვიცანი, მასწავლებელო, ამოვხსენი და ამიტომ, წინა საახალწლოდ ზუსტად ვიცი, რასაც ვთხოვ თოვლის ბაბუს: ჯავშანჟილეტებსა და ტყვიამფრქვევს. დიახ, დროა, ჯავშანჟილეტები და ტყვიები მოვიმარაგოთ, მზად ვიყოთ ომისთვის, რომელშიც აუცილებლად გადავრჩებით! გადავრჩებით, როგორც კროტევიჩი და გავიმარჯვებთ - ოკუპანტებზეც, დიქტატორებზეც, ცრუმეცნიერებაზეც, უმწეობაზეც, რომანტიზმზეც და გავროშობაზეც!”

bottom of page