top of page
  • Writer's pictureNini Chachia

თინათინ ქავთარაძე: ვერ დამაerrorებ!


ბაბუაშენი დიდებულად მღეროდა სიყვარულზე

ბებიაჩემის მოგონებებიდან


,,გახსოვდეს ვისი გორისა ხარ!”


როგორ გავიგე პირველად ალექსანდრე ყაზბეგის შესახებ? მასწავლებელმა თქვა, რომ არ იყო მაინცდამაინც ,,დალაგებული”, მაიმუნი ჰყავდა მეგობრად. სავარაუდოდ, ყველა თავისი მოთხრობა ბიძაშვილს მოპარა და სიფილისით მოკვდა.


Error


,,თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო... საცა ყოველი ემორჩილება მარტო კანონსა და საცა კანონი უძლიერესია ყოველ ცალკე კაცზედაო.”

როგორ გავიგე პირველად ილია ჭავჭავაძის შესახებ? მასწავლებელმა თქვა, ძალიან ცუდი მებატონე იყო, გლეხებს წყალს არ აძლევდა და მისი გაქურდვა უნდოდათ, როცა მოკლესო.


Error


,,მაინც ბევრისათვის იმდენად ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ “ქრისტესმოყვარე” რუსეთის ხელმწიფეებს ფიცისა და ხელშეკრულების დარღვევა შეეძლოთ და პატარა საქართველო “მფარველს” მოკავშირეს ძალმომრეობით დაეპყრათ, რომ ეს ყველაფერი საქართველოში გამოგზავნილ რუს მოხელეთა პირადი თვითნებობა და მეტიჩრობა ეგონათ… გამოცდილებამ და რუსეთის მთავრობის პოლიტიკამ საქართველოში ნათლად დაამტკიცა ამ განუსაზღვრელი ნდობისა და გულუბრყვილობის სრული უსაფუძვლობა!..’’


როგორ გავიგე პირველად ივანე ჯავახიშვილის შესახებ? მასწვლებელმა თქვა საქართველოს ისტორია დაწერა, დიდი კაცი იყო და სწორედ მის ტომეულებს “ქართველი ერის ისტორია” ეყრდნობა მარიკა ლორთქიფანიძისა და როინ მეტრეველის შედგენილი თქვენი სახელმძღვანელოები, ასე რომ, მეტი პატივისცემა გამოიჩინეთ ამ წიგნების მიმართ, ნუ ჩივით, არ ვარგაო.


Error


ამასწინათ, დედაჩემის წინსაფარი შემომხვდა, ე.წ. ბოლო ზარზე რომ ეკეთა. წარწერებს ვაკვირდებოდი, სწორედ ამ დროს შემოვიდა ოთახში და მითხრა: ნახე, როგორ გვინდოდა თავისუფლებაო. 1989 წელი გავიხსენე და ცხადია, როგორც, მუსიკალური ერის ერთ-ერთ წარმომადგენელს, მაშინვე ამამღერა: “სამშობლომ”, ასრულებდა ახალგაზრდა, რომლისაც აღარ ითქმის სახელი. სიმღერის ტექსტიდან განსაკუთრებულად დამაინტერესა ფრაზამ, დედაჩემის საბოლოო ზარის წინსაფარზეც რომ წაეწერათ: “წინაპართა მადლი გაგვინათებს გზებს”. რა ვიცით ჩვენი წინაპრების შესახებ? რა ვიცი ჩემი წინაპრების შესახებ? ბაბუაჩემი დიდებული კაცი იყო, მომლხენი, კარგი თამადა და დიდებულად მღეროდა სიყვარულზე.

,, - ...და საქართველო უყვარდა, ბები?”

,, - რა შუაშია?’’


Error


მე საქართველოს მოქალაქე ვარ და მე არ მაქვს მეხსიერება, არ მაქვს წარსული, არც აწმყო, რადგან ახლა და აქ რომ იყო უნდა იცოდე საიდან მოდიხარ, მე კი არ ვიცი ვისი გორისა ვარ. ჩემი წინაპრები თავისუფლებისთვის კი არა, თავისუფლადაც ვერ მღეროდნენ. არაფრისთვის ირჯებოდნენ და ცხოვრობდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ,,გაძაღლებული”, გამოფიტული, არაფრისმაქნისი ყოფა გაელიათ როგორმე, რამენაირად. თუ მღეროდნენ, მხოლოდ სასიყვარულო სამკუთხედებზე და ამაში ხარჯავდნენ თავიანთ უნიკალურ, ერთადერთ, არაფრისმსგავს ნიჭიერებას და იმიტომ, რომ მე არ მცოდნოდა ჩემი წარსული, შენ არ გცოდნოდა შენი წარსული. ჩვენი მეხსიერება საფრთხე იქნებოდა იმ ყველაზე დიდი მტრისთვის, ასე მკაფიოდ რომ ამხელდნენ ალექსანდრე ყაზბეგი, ილია ჭავჭავაძე და ივანე ჯავახიშვილი.


ამრიგად, ჩვენი წარსული დადუმების, სიყვარულზე სიმღერის და სინამდვილისაგან გაქცევის ისტორიად გადაიქცა. ასე გადაიქცა ალექსანდრე ყაზბეგი გაუგებრობად, ილია ჭავჭავაძე დესპოტად, ივანე ჯავახიშვილი - საბჭოთა ისტორიკოსების ვითომდა საყრდენად. ეს არის აქ და ახლა იმის მიზეზიც, რატომაც ვდუმვართ და თვალს ვხუჭავთ უსამართლობაზე. აბა, გაიხსენე, ბოლოს, რამ აგამღერა სამშობლოზე? 2015 წლის ვერეს ხეობა რომ ადიდდა და მაშველებმა საათობით დაიგვიანეს? ბავშვებმა ერთმანეთი რომ დაჩეხეს ხორავას ქუჩაზე და შვილმკვდარი მამა პროკურატურის ღობეს თავს ურტყამდა? 2021 წელს ლექსო ლაშქარავა ცემით რომ მოკლეს ,,ქართველობას გვართმევენ” ეგიდით? მღეროდი მაშინ სამშობლოს ტკივილებზე? არა, არ მგონია, თორემ გაიგებდა ის კაცი ახლა პრემიერ მინისტრს რომ უწოდებენ და ცოტათი მაინც შეეშინდებოდა. იფიქრებდა, რომ ჩვენ მხოლოდ სასიყვარულო სამკუთხედები კი არა, სამშობლოც გვტკივა. 2023 წლის შოვის ტრაგედიამდე ჩვენი გულანთებული, თუმც კი უმოქმედო სიმღერებით მივედით.


დაგიმსგავსეს? დამიმსგავსეს? ალბათ, თუმცა ყველაფერი დაკარგული მაინც არ არის თუკი “Error”-ი იხატება შენს სახეზე, როცა ფეხსაცმელზე ამოცმულ ტალახისაგან დამცავებს ხედავ ერთ-ერთი ჩინოვნიკის ფეხზე. ალბათ შეიძლება გამოსწორება, რაღაცის მაინც, თუკი გახსოვს:


2015 წლის 13 ივინისი - წყალდიდობა ვერეს ხეობაში

2017 წლის ზამთრის პირველი დღე - ხორავას ქუჩის ტრაგედია

2019 წლის 20 ივნისი - გავრილოვის ღამე

2021 წლის 5-6 ივლისი - ლექსო ლაშქარავას მკვლელობა

2022 წელის 13 ოქტომბერი - 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიკვდილი

2023 წლის 3 აგვისტო - მეწყერი შოვში


ეს არასრული ჩამონათვალია და თუ კიდევ შეგიძლია სია გააგრძელო, მაშინ არ არის ყველაფერი დაკარგული. მაშინ იქნებ, კიდევ გვაქვს დანახვისა და მოქმედების, ამით კი სამშობლოს გადარჩენის შანსი? იქნებ, არსებობს გზა საყოველთაო ამნეზიისაგან გამორკვევის და ამით საკუთარი წარსულის პოვნის, მისით სიამაყის? ნუ გეშინია, ეს იმ შენს წინაპრებს არას დააკლებს სიყვარულზე რომ მღეროდნენ, სულ პირიქით - გაგიცოცხლებს, შეგაბრალებს და ამით გაგამხნევებს, რადგან მათ თავისი ვალი შენს წინაშე მოიხადეს, რადგან გადარჩნენ, მომავალს შენი თავი აჩუქეს და შესაძლებლობის ფანჯარა დატოვეს გეპოვა ის მეხსიერება, რომელიც მათ დაშინებით, წამებით წაართვეს.


დღეს 2023 წლის 7 აგვისტოა, გლოვის დღე, შოვის ტრაგედიას ვგლოვობთ და 2008 წლის რუსეთის ინტერვენციიდან თხუთმეტი წლის თავს.


ასეთ გლოვას სიჩუმე არ შეეფერება, რადგან თავისთავადი უბედურება კი არ არის, რომლის დროსაც უძლური ხარ და ნებდები, არამედ მიზანმიმართული, დაგეგმილი, საუკუნეების მანძილზე ნაგროვები ბოროტებაა. ასეთი უსამართლობით მიღებული დანაკარგების დროს კი საჭიროა იყვირო:


არ გაპატიებ!

ვეღარ მომატყუებ!

ვეღარ დამაERRORებ!


bottom of page