top of page

თინათინ ქავთარაძე: #ქალებისათვის_5


ქალი ან ინტელექტუალი უნდა იყოს, ან პრანჭია. ორივე ერთად როგორ?

ქართული სიბრძნე


“რა ქუთაისის ფეხსაცმელი ჩაგიცვია? უხარისხო, თან ზედ ბროშკა რო მიგიბნევია. რას იფიქრებენ შენზე?” - გულშემატკივარი დედის მიმოწერიდამ.

“ან ინტელექტუალის იმიჯი უნდა გქონდეს, ან ნუდ-ფოტომოდელისა. ერთი მეორეს აზიანებს.” - გულშემატკვარი მეგობრის მიმოწერიდამ.


- ქალბატონო შურა, გამოდით რა, უნდა დაგელაპარაკოთ. - ეზოდან დავუძახე, ჩემს გეოგრაფიის პედაგოგს.

- რა გინდა, ქავთარაძე, არ გეყო დღევანდელი ორიანი? - გადმოდგა შურა მასი აივნიდან.

- ბოდიში მინდოდა მომეხადა. - ავძახე თვალცრემლიანმა.

- აი, მაგ უწელო შარვალს რო გაიხდი, მერე მელაპარაკე. - იკივლა განრისხებულმა და მერე ხმას დაუწია, თითქოს ინტონაციის შეცვლა უნდოდა, უფრო გამანადგურებელი რომ ყოფილიყო:

- გადმოულაგებიათ გულ-ღვიძლი და უხტებიან ბიჭებს კალთაში. ევროპა და ჭირი თქვენ! რო გაბოზდებით, მერე გიყარონ კაკალი თქვენმა პატრონებმა!

ასეთი იყო ჩვენი შურა მასი. ალბათ შენიც, ხომ? არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. მივეჩვიეთ, შევეგუეთ. ჩუმად, შეიძლება გულამოსკვნილებმა შევაგინოთ კიდეც კრებით შურა მასწავლებლებს, თუმცა ხმამაღლა ვერ, არ ეგების. უფროსი და უმცროსი არ გასწავლეს სახლში? ტყეში გაიზარდე? მეზე ამბობთ? ვაი! ჰოდა, რადგან “კარქი” გოგო ვიყავი, ხუთოსანიც და ყველაფერიც, ამიტომ სხვა შურებმაც არ დამაკლეს ბულინგი ცხოვრებაში.


იყო და არა იყო რა, კარგმა ფოტოგრაფმა მითხრა, ლამაზი ხარ და ფოტოებს გადაგიღებო. შურა კარგა ხნის მკვდარი იყო და მეთქი - “why not?” ცოტა ძუძუს ნაწილიც გამოვაჩინე, ფეხიც და თვალებიდანაც ნაპერწკლები გამოვყარე. ცხადია, ფოტო არ დამიმალავს, ან რატომ უნდა დამემალა? გამოვდე ამაყად და შევცდი. სულ მალე მივხვდი, რომ ბევრი შურასნაირი, საზოგადო პატიოსნებისა და ქალთა “კეთილზნეობრიობის” დამცველი კვლავ ცოცხალია. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ასეთ მყოფობას სიცოცხლე დავარქვათ, მაგრამ ფაქტია, დაგესვლისა და მოწამვლის ხასიათზე არიან. ღვაწლმოსილმა პროფესორმა პოსტიც კი მიუძღვნა ჩემნაირ სტუდენტებს: მინდა თქვენი გონებით გაფასებდნენ და როგორ გული მწყდება, ეროტიულ ფოტოებს რომ გვიჩვენებთო. აღნიშნული პროფესორი სტუდენტებს კიდეც უყვარდათ და კიდევაც ყურს უგდებდნენ მის სიტყვას. ერთი პირობა კი ვიფიქრე, ამხელა ორომტრიალის შემდეგ, ხომ არ წამეშალა ჩემი ძუძუებიანი ფოტოები-მეთქი. რა დავმალო და ძალიან შევწუხდი, თუმცა არ გასულა ერთი კვირა ამ ამბიდან, 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა. ჩემს ქალაქში, გოგო-ბიჭებს ჭინჭრითა და ტაბურეტებით დასდევდნენ. მართალია, უკვე მამაოები, თუმცა მსგავსი ღვაწლმოსილებისგან წაქეზებულები: “სახლში რაც უნდათ ის აკეთონ!”; “რას გვთხრიან თვალებში თავიანთ ორიენტაციასა და სურვილებს?” ჩემს ქალაქში მორბენალი მამაოების ცქერის შემდეგ, ფოტოების დამალვა გადავიფიქრე და ჩემი ქმარიც დაბეჯითებით მოვიგერიე: “არ ავიღებ და მორჩა!”



ხანი გამოხდა ამ ამბების შემდეგ, 2022 წელი დგება, თუმცა გულშემატკივარი დედები, მამები, მასწავლებლები და მეგობრები კვლავ სკანდირებენ: “ნუ გა-ამ-ხელ.” მე კი მინდა გავამხილო: იცით, ბისექსუალი ვარ. ჰო, კაცებიც მომწონს და ქალებიც. არასდროს ვამბობ უარს სიყვარულზე, როცა ამის შანსი მეძლევა. დიახ, არასდროს! არ ვიმალები და არც დავიმალები! უფრო მეტიც, რაღაც დროს თუ აღმოვაჩენ, რომ ძაღლი მინდა ვიყო, იატაკზე წყალს დავიდგამ ფინიას მათლაფით. ისე მოვიქცევი, როგორც ცუგა, კეთილშობილი და ინტელიგენტი. რა, არ შეიძლება ცუგა ასეთი იყოს?


კრებითი შურებისა და ღვაწლმოსილი პროფესორების მოსმენის შემდეგ ერთი ფორმულა დავიწერე ხელზეც და გულის ფიცარზეც: ჯობია საკუთარი თავის ძიებაში დაბნეული ადამიანი იყო, ვიდრე თავმომწონედ დარწმუნებული. ისე, ამ კონცეფციის ისტორია უხსოვარი დროიდან იწყება, აი, პლატონმა რომ აღგვიწერა, იმ სასამართლო პროცესიდან. იქ ერთი ფეხშიშველი და მშიერი კაცი იმართლებდა თავს იმის გამო, რომ არაფერში იყო დარწმუნებული. სიკვდილით დასაჯეს: არ სჭირდება საზოგადოებას დაბნეული ადამიანებიო.


აბა რა, ჯობია ამაყი თვითრწმენით ქალებს ჭკუა ასწავლო, ხან ისე და ხანაც ასე: უზურგო კაბას ეპილაცია უხდებაო, ან მეჯლისზე თუ მიდიხარ თმა დაივარცხნეო, მეორეს მხრივ - ინტელექტუალის იმიჯი თუ გინდა, დემოკრატიულად ჩაიცვი და მოკრძალებული მაკიაჟი გაიკეთეო. სკოლის დირექტორი მანანაც დაადასტურებს, რომ შავი კოლოგოტი ბოზების სავიზიტო ბარათია, ხოლო წითელი პომადა და ქერა თმა - ჩერჩეტი ქალებისა. არა სწყინდებათ ჩვენი თრევა არც ზეპურებს, არც ქვეპურებს; არც აზნაურთა და არც უაზნოთ.


ისე, სანამ საჯარო პროცესს მომიწყობდეთ, როგორც გარყვნილს, ჩერჩეტს, არაინტელექტუალს, ან ბუნებაზე მოძალადეს, დაფიქრდით: ღირს, შურა მასწავლებლისთვის ბოდიშის მოხდა? ღვაწლმოსილი პროფესორისთვის ისეთი იმიჯის ჩვენება, როგორიც მას მოეწონება? მანანა დირექტორიათვის ანგარიშის გაწევა? 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა მაშინ, როცა მამაჩემი დედაჩემს სცემს? თუ ამ შეკითხვებზე თქვენი პასუხია - არა, მაშინ შეიცვალეთ და შეცვალეთ! კრებითი შურა მაშინ იმარჯვებს, როცა გვეშინია.




bottom of page