top of page

თინათინ ქავთარაძე: #ქალებისათვის_9



შენ რა შეგიძლია?

ქართული სიბრძნე


როცა ბებოს კბილები ამოუვიდა, იყო და არა იყო რა...

- გავთხოვდი.

- ვახ, როდის აფორმებ მონობას?

ცხადია, ამ შეკითხვის შემდეგ, ქორწილში არ დამპატიჟეს.


როცა ბებოს კბილები ამოუვიდა, იყო და არა იყო რა...


- გავთხოვდი... მომილოცავ?

- ფილოსოფიური ტრაქტატი დაწერე, რომ მოგილოცო?

ცხადია, ამ რეპლიკის შემდეგ, ქორწილში არ დამპატიჟეს.


როცა ბებოს კბილები ამოუვიდა, იყო და არა იყო რა...


- კაი რა, ხომ შეგეძლო მისთვის გული არ გეტკინა და მიგელოცა გათხოვება?

- მოდი, გიამბობ, რა არის ტყუილის საფასური.


ოდესღაც აუცილებლობას ხარკი გადავუხადე და გავთხოვდი. ეჰ, ჩემო კეთილო, ყოველდღიურობამ გონი გამაცალა. გადასარჩენად ტყუილი ავირჩიე. მაშინ მეგონა, რომ თუ სიმართლეს თვალს არ გაუსწორებ, ან გაექცევი, ერთგვარ ილუზიას შექმნი, სადაც ისინი ერთად და ბედნიერად ცხოვრობდნენ. მართალია, მოაზროვნე ადამიანს მაინც გაწუხებს შეკითხვა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც პრინცი და კონკია დაქორწინდნენ, მაგრამ ასევე, როგორც მოაზროვნე არსებას, შეგიძლია უკუაგდო ეს ყოვლად გამოუსადეგარი შეკითხვა. დიახ, მე გავიქეცი, ან დავიმალე მანამ, სანამ ერთხელ გემრიელი ალიყური არა ვჭამე მეუღლესთან კამათისას. საკითხი ეხებოდა ქართულ რესტორანში რუსებთან რუსულად ლაპარაკის თემას, რაზეც მე დაბეჯითებით ვიმტკიცებოდი, რომ არამც და არამც არ მოსულა. ოფიციანტი რუსებს ინგლისურად უნდა ელაპარაკებოდეს, ისევე, როგორც ბანგლადეშელსა და ყატარელს. ცხადია, ვერ შევთანხმდით მე და ჩემი თანამეცხედრე, თუმცა აქაც გაქცევა ვამჯობინე - რა მოხდა მერე, ყველაფერზე ერთი აზრი ხომ არ გვექნება?


მეორე ალიყურმა არ დააყოვნა და ის უფრო მწარედ გაისმა: ეგ ავტორი დეგენერატია, მაგის წიგნებს ნუ კითხულობო. აქაც გავიქეცი - რა მოხდა მერე, ყველაფერზე ერთი აზრი ხომ არ გვექნება?


პირველი და მეორე ალიყურის შემდეგ, ყველა დანარჩენი ერთნაირად მტკივნეული ხდება და მერე იმდენად ეჩვევი, ვეღარ გრძნობ, თითქოს გონება დაკარგე ძლიერი ტკივილის გამო და ასე გულწასულ-სულწასული აგრძელებ არსებობას. შევეგუე.


ტყუილი მანკიერია, მეუბნება მოძღვარი. არ იცრუოო, შვილო ჩემო.


- განა ტყუილი არ იყო, მამაო, როცა სიმართლეს გავურბოდი? ვატყუებდი ჩემს თავსაც, ჩემს ქმარსაც, თავს ვაჩვენებდი, რომ ყველაფერი კარგადაა და ვითმენდი? ჩემი თავისუფლების შეზღუდვას ვითმენდი და მე ეს ვიცოდი და ვდუმდი? განა, არა ვტყუოდი ამ დროს? განა, ეს სურდა უფალ ღმერთს, რომ ასე მეცხოვრა?


- უცნობელ არიან გზანი უფლისანი, შვილო, თუმცა არ დაივიწყო, ამ ქვეყნად აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში სხვებს.


სხვები, ანუ ის ხალხი, ვინც მეგონა ჩემზე ფიქრობდა და ვაღელვებდი, ჩემი მეგობრები, კეთილისმყოფელები და დავუსვი შეკითხვა საკუთარ თავს: შენ ისინი გაღელვებენ? არა, მართლა გაინტერესებს რას აკეთებენ, რითი ცხოვრობენ? შენთვის ხომ ეს სულერთია? დიახ, და აქ აღმოჩენაა: მათთვისაც სულერთი ვარ. ერთ-ერთი იმათგანი, ვინც მხოლოდ განსახილველ, საჭორაო მასალას წარმადგენს.


არადა, შემეძლო ყველა ვყოფილიყავი, ყველაფერი მეცადა. სხვებისთვის ხომ სულერთი ვარ და სულერთზე ნაკლებიც. რისთვის ვიცხოვრე?..


როცა ბებოს კბილები ამოუვიდა, იყო და არა იყო რა...


მე არ მომკლეს. ფემიციდის სტატისტიკა ჩემით არ გაზრდილა და ეს სიამაყის საფუძველს მიქმნის, გარკვეული თვალსაზრისით. არც ისე ცუდად მიცხოვრია. უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა შვილებიც, შვილიშვილებიც... კარგია. მართალია, ესაც ტყუილია, ესაც გაქცევაა, მაგრამ რომ არ გავქცეულიყავი? წვლილს შევიტანდი სამყაროს გარდაქმნაში? იქნებ... ჰო, შემეძლო ყველა ვყოფილიყავი, ყველაფერი მეცადა. სხვებისთვის ხომ სულერთი ვარ და სულერთზე ნაკლებიც. რისთვის ვიცხოვრე?


- ბებო, რატომ არ გაქვს კბილები?

- დავბერდი, ბებო.

- არაუშავს, არ ინერვიულო, ამოგივა.


როცა ბებოს კბილები ამოუვიდა, რუსებს რესტორანში მიმტანმა ინგლისურად მიმართა.




bottom of page