top of page

გიგი თევზაძე. თუსი/თუში - საქართველოს დამალული ისტორიის ნაწილი

  • Writer: gigitevzad
    gigitevzad
  • Jan 22
  • 6 min read

Updated: 6 days ago

 

სარჩევი:

 

 

 


 

გიგი თევზაძე

თუსი/თუში - საქართველოს დამალული ისტორიის ნაწილი

 

სარჩევი:

 

 

 


 

თუშური გამოცანები

ისევე, როგორც სვანეთის და ხევსურეთის შემთხვევაში (ვისაც დაგაინტერესებთ, იხილეთ ჩემი „ტამპილიერების უკანასკნელი საცხოვრებელი“ [თევზაძე, 2018] და ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად დაწერილი „პროექტი სვანეთი“ [ვაჩეიშვილი, თევზაძე, 2014]), სულ მაკვირვებდა თუშური კოშკების განსაკუთრებულობა და მისი შეუსაბამობა თუშეთის ყოველდღიური ცხოვრების შენობებთან. სამწუხაროდ, თუშური კოშკების მნიშვნელოვანი არქიტექტურული კვლევა არ არსებობს. არადა, დილეტანტის თვალით დაკვირვებაც საკმარისია, რომ დაინახოთ მათი კონსტრუქციული და არქიტექტურული უნიკალურობა: მაგალითად, ფარსმაში, სულაკაურების კოშკი ფაქტობრივად ჩამოკიდებულია ერთ კედელზე, რომელიც, როგორც ჩანს, კლდის გამძლე ქანზეა დაყრდნობილი და რომლის სისქეც ერთ მეტრზე მეტია.


გარდა ამისა, სულ მაფიქრებდა გადარჩენილი, ჩამოუნგრეველი კოშკების ჩინური „პაგოდასებრი“ სახურავები - თუშეთში ყველგან, ხევსურეთში კი ალაგ-ალაგ.

თუშური ცხენებიც, რომელიც ახალგაზრდობაში თუშეთში მოგზაურობისას მინახავს, არანაკლებ ამოცანას წარმოადგენდნენ ჩემთვის. ფართოთავიანი დაბალი ცხენები, რომლებიც სულ არ ჰგავდნენ იქვე, მეზობლად, რამდენიმე ათეულ კილომეტრში არსებულ არა მარტო ყარაბახულ და ყარაჩაულ ცხენებს, არამედ უშუალო მეზობლების - ხევსურების ცხენებსაც. არანაკლები გამოცანაა თუშური ცხენების უცნაური ტრანსფორმაცია მე-20 საუკუნის ბოლოს. ისეთი გარეგნობის ცხენს, რომელიც ქვემოთ მოყვანილ სურათზეა და რომელსაც ჩემს ახალგაზრდობაში თუშეთში ყველგან შეხვდებოდი, თუშეთში დღეს ძნელად თუ ნახავთ.

 


                                                                თუშური ცხენი


ყაბარდოული ცხენი          

               

ყარაჩაული ცხენი


თუშური ცხვარი, მიუხედავად იმისა, რომ ქართველები დაჟინებით ამტკიცებდნენ მის უნიკალურობას, არცერთ საერთაშორისო კატალოგში არ არის შეყვანილი, როგორც დამოუკიდებელი ჯიში.

ხინკალი, რომელიც თუშეთის რეგიონის სამზარეულოსთან განუყოფლადაა დაკავშირებული, ასევე შეიცავს გამოცანას: რეგიონალური სამზარეულოს მთავარი კერძი დამოკიდებულია ინგრედიენტზე - ფქვილზე, რომელიც რეგიონში არ მოიპოვება და ბარიდან ატანაა საჭირო (ხინკლის ეთნოგრაფიის შესახებ იხილე ჩემი „მონღოლების [ხინკლის] გზა“ [თევზაძე, 20181]).

თუშური დიალექტი, რომელშიც, მართალია, ბევრია ვაინახური ენის გავლენა, მაგრამ ბევრი ისეთი სიტყვაა, რომელიც ვაინახური გავლენით არ იხსნება: მაგალითად, ბოლოსართი „ურთა“ ნიშნავს გვარის საცხოვრებელ ადგილს, გავლენის გავრცელების არეალს.

„სათუშე“: ტრადიცია, რომელიც ალბათ ადრე კანონი იყო და მეცხვარეობას უკავშირდება, ავალდებულებს კახეთის სოფლებს, მათ მიწებზე გამავალი თუშები, რომელთაც ცხვარი გადაჰყავთ ზამთრის საძოვრებზე, დააპურონ - საჭმელი და სასმელი მიუტანონ. უცნაურია იმდენად, რამდენადაც მსგავს შემთხვევებში ისინი იხდიან გადასახადს, ვინც ცხვრის ფარებით თუ საქონლის ჯოგებით სხვის მიწებზე მოძრაობენ და არა პირიქით, როგორც ეს „სათუშეს“ შემთხვევაშია.

სახელი „თუში“ და „თუშეთი“ მე-14 საუკუნის მერე ჩნდება ქართულ წერილობით წყაროებში. ეს, მართალია, ბევრს არაფერს ნიშნავს, იმიტომ რომ ქართული ბიბლიოთეკების 99% რუსებმა დაწვეს მე-19 საუკუნეში, მაგრამ თუშეთზე ფიქრისას გასათვალისწინებელი ფაქტია.

 

გამოცანების შესაძლებელი ამოხსნა

რაკი ხინკლის შემთხვევაში მონღოლური გავლენა უტყუარია და დაკავშირებულია იმ გზასთან, რომლებიც მონღოლების ურდოდან საქართველოზე გადიოდა, გადავწყვიტე დამეშვა, რომ, გარკვეული ვითარებების გამო, მონღოლების (მონღოლურ-ჩინური კულტურის) გავლენა საქართველოზე და, კერძოდ, თუშეთზე, უფრო ფართოა, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა.

ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მონღოლური მთის ცხენები (არსებობს ასევე მონღოლური სტეპის ცხენებიც) საოცრად ჰგვანან თუშურ ცხენებს, ოღონდ არა იმ ცხენებს, რომელთაც დღეს შეხვდებით თუშეთში, არამედ იმ ცხენებს, რომლებიც რუსეთის და საბჭოთა იმპერიის შესაბამის კატალოგებშია აღწერილი, ასევე იმ ცხენებს, რომლებსაც მე ვხვდებოდი თუშეთში მოგზაურობისას ახალგაზრდობაში.

მონღოლური მთის ცხენი


თუშური დუმიანი ცხვარიც, რომლის საერთაშორისო სახელწოდება სქელკუდიანი ცხვარია, საოცრად ჰგავს მონღოლურ ცხვარს.

თუშეთში გავრცელებული „ურთა“, გაგიკვირდებათ და, საოცრად ჰგავს ყაზახურ სიტყვა „ურტა“-ს, რომელიც იმავე შინაარსისაა. გასათვალისწინებელია რუსული „იურტაც“, რომელიც მხოლოდ მონღოლებისთვის სპეციფიკურ საცხოვრებელ კარავს ნიშნავს [https://eurasia.travel/kazakhstan/culture/yurt/].

ყველა ეს გამოცანა და მათი შესაძლებელი ამოხსნები არასაკმარის მტკიცებულებად მიმაჩნდა, რათა წერილი გამომექვეყნებინა მანამ, სანამ ამას წინათ არ წავაწყდი ჩინურ ადმინისტრაციულ დასახელებას (მე-12 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე) ავტონომიური, ტრადიციაშენარჩუნებული რეგიონებისთვის, რომელთაც ჩინურ/მონღოლური ადმინისტრაცია მმართველს უნიშნავდა. ამ მმართველობას აღნიშნავდა სიტყვა „თუსი“ [https://www.easytourchina.com/].

ამის შემდეგ მეტ-ნაკლებად გამართული ჰიპოთეზაც ჩამოყალიბდა.

 

ჩვენი შინაგანი მონღოლეთი

საქართველოში მონღოლების ორასწლიანი მმართველობის შესახებ ბევრი ვიცით დიდი პოლიტიკიდან და თითქმის არაფერი იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინეს მონღოლებმა ჩვენს ყოველდღიურობაზე. ვიცით, რომ ქართული უნაგირი და აკვანი მონღოლურია. მანამდე ჩვენში სპარსული უნაგირი იყო გავრცელებული. აკვნის წინამორბედი რა იყო ჩვენს კულტურაში, ამაზე ბევრი არაფერი ვიცით ან შეიძლება -  არც არაფერი.

ვფიქრობ, რომ მონღოლებმა ყურადღება მიაქციეს საქართველოს რეგიონს, სადაც ცხენებიც ჰყავდათ და ცხვარიც (სავარაუდოდ, არაბული, რომელიც ახლა იმერული ცხვრის სახელითაა ცნობილი), და გადაწყვიტეს ადგილობრივი ტრადიციები გამოეყენებინათ, შესაბამისად, რამდენიმე კურდღელი ერთად დაეჭირათ:

ეს რეგიონი ესაზღვრებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში უკონტროლო ტომების დასახლებას. ამ რეგიონში ინტერვენციით მონღოლებმა შემდეგი ამოცანები გადაჭრეს:

1.     ააშენეს ფაქტობრივად გადაულახავი ფორტიფიკაციული ნაგებობები, რაც უკონტროლო ტომებს ძლიერად უზღუდავდა ბარის მოსახლეობაზე (კახეთი) შეტევის შესაძლებლობას;

2.     შექმნეს ეკონომიკური დოვლათის საწარმოო სიმძლავრე (მონღოლური ცხვრის ინტროდუქცია);

3.     დაუწესეს ადგილობრივებს (კახელებს) ხარკი თუშური ცხვრის გატარებისათვის, როგორც ჩანს, უსაფრთხოების სანაცვლოდ;

4.     შემოიყვანეს მონღოლური მთის ცხენი, რომელიც უფრო შეესაბამებოდა სამეურნეო მიზნებს.

ასეთი მმართველობის რეგიონს თუსი ერქვა, რაც შემდგომში, მას მერე რაც მონღოლებმა დატოვეს ტერიტორია, ადვილად გადაკეთდებოდა თუშად.

 

და მაინც, შეუსაბამობები დარჩენილია. მათი ახსნა:

კითხვები, რომლებიც ამ თითქოს მწყობრი ჰოპოთეზისას ჩნდება, უპირველეს ყოვლისა, ეხება ცვლილებების უნიკალურობას. მაგალითად, თუკი მონღოლური მთის ცხენი შეეჯვარა ადგილობრივ ცხენებს და საბოლოოდ ფენოტიპური უპირატესობა მოიპოვა, რატომ არ მოხდა იგივე პროცესი მომიჯნავე ხევსურეთის, ყარაჩაის და ყაბარდოს რეგიონებში და რატომ ხდება დღეს თუშური ცხენის ფენოტიპის მნიშვნელოვანი ცვლილება?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემისათვის ცოტაოდენი გეოგრაფია და კლიმატის ცვლილება უნდა მოვიშველიოთ: სავარაუდოა, რომ მე-14 საუკუნის შუა პერიოდიდან (დაახლ. 1350 - 1900 წლები), როდესაც მცირე გამყინვარება დაიწყო, თუშეთი იმაზე უფრო მეტად მოწყდა ბარს, ვიდრე ყაბარდოს, ყარაჩაის და ხევსურეთის მხარეები. შესაბამისად, მონღოლური ცხენის ინტერვენცია სხვა ჯიშების ჩაურევლად გაგრძელდა და ინბრიდინგით ის ფორმები მიიღო, რასაც მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში აღწერდნენ. ამ დროს ყარაჩაის და ყაბარდოს მხარეების ცხენებზე გავლენა მოახდინა დაბლობის, შავი ზღვისპირეთის ცხენებმა, რის გამოც ყარაჩაულმა და ყაბარდოს ცხენების პოპულაციამ შესამჩნევი წინააღმდეგობა გაუწია მონღოლური მთის ცხენის გავლენას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ყაბარდოულ ცხენებს უფრო ეტყობოდა მონღოლური ცხენების გავლენა ბოლო დრომდე (მაგ. კონსტრუქცციის სიმძიმე) ალბათ იმიტომ, რომ ისინი უფრო დაშორებულები იყვნენ ზღვისპირეთიდან.

მე-19 საუკუნის დასაწყისში დათბა და თუშეთთან კომუნიკაცია გაადვილდა, შესაბამისად, გაადვილდა ცხენების სხვა ჯიშებთან კომუნიკაციაც და თუშურმა ცხენებმა დაიწყეს ფორმების შეცვლა. დღევანდელი თუშური ცხენები უკვე ძალიან დაემგვანენ მათ ახალთექურ წინაპრებს, ისევე როგორც მათ ჰგვანან მათი ხევსურული, ყარაჩაული და ყაბარდოული მეზობლები.

 


 

კავკასიის ცხენების ჯიშების მოკლე ისტორია

ვისაც არ უნდა ჰკითხო დღეს საქართველოს ცხენების ჯიშების შესახებ, გეტყვის, რომ საქართველოში არსებობს თუშური, ჯავახური და მეგრული ჯიშის ცხენები. თუმცა, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ჯიშები, უფრო ზუსტად, მათი დასახელება მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩნდება. მანამდე არავის არსად ეს ჯიშები აღწერილი არ აქვს.

მაგრამ არსებობს რუსეთის მეფე მიხეილ თევდორეს ძის (1596-1645) წერილი საკუთარი ელჩისადმი, რომელშიც ითხოვს მისგან საქართველოში ცხენები იყიდოს და წამოიყვანოს. წერილს ასეთი ფრაზით მთავრდება: ყველამ იცის, რომ ქართველებს საუკეთესო არგამაკები ჰყავთო [მიშეცკი, 1928]. არგამაკი ახალთექური ცხენის ერთ-ერთი სახელია. საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი - რუსეთში დღესაც დარჩენილია ახალთექური ცხენის დასახელება, რომელიც ჟღერს, როგორც „კახეტინსკი“ [ვოლკოვა, 2025]. მართალია, არავინ არ უკავშირებს ამ სახელს კახეთის რეგიონს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს კავშირი არსებობს და ის ქართულ ლურჯას უნდა უკავშირდებოდეს.

საერთოდ, მსოფლიოში ცხენების ჯიშების გამოყვანა აქტიურად მე-19 საუკუნეში დაიწყო. მანამდე სულ ორი ჯიში იყო ცნობილი - ახალთექური და არაბული. დანარჩენი ცხენები ფუნქციურად ხასიათდებოდნენ და არა ჯიშის მიხედვით, მაგალითად, საომარი, სამგზავრო, სამუშაო და ა.შ. [Equites Gloriae].

მე-19 საუკუნის ბრიტანეთი გამორჩეული იყო თავისი სელექციონერებით, თანაც იმდენად, რომ ჩარლზ დარვინს სახეობათა ევოლუციის იდეა მათი სამუშაოს შედეგებზე დაკვირვებისას გაუჩნდა (Darwin, 1887]. რუსეთის მეფეეებს ყოველთვის „შურდათ“ თავიანთი ბრიტანელი ნათესავების. ამიტომ, მათ გადაწყვიტეს, რომ რუსეთის იმპერიაც არ უნდა ჩამორჩენოდა ბრიტანეთისას და შინაური ცხოველების არანაკლები ჯიშები მათაც უნდა ყოლოდათ.

საბოლოოდ, საიმპერატორო სახლმა ბრძანა, რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ჩაეტარებინათ აღწერა და ამ აღწერისას, რაც შეიძლება მეტი ჯიში დაფიქსირება, რათა ბრიტანელ „კუზენებს“ არ ჩამორჩენილიყვნენ. ასე გაჩნდა თუშური, ჯავახური, მეგრული, ყაბარდოული და ყარაჩაული ცხენები. თანაც აღსანიშნავია, რომ ყარაჩაული ჯიშის ჩამოყალიბებაში საიმპერატორო სახლის წვლილი დიდია: ყარაჩაული ფაშატების და ინგლისური ულაყების შეჯვარებით მიიღეს ის ჯიში, რომელსაც დღეს ვხედავთ და რომელიც, ფაქტობრივად, ანგლო-ყარაჩაული ცხენია.

ჩემი დაკვირვებით, საქართველოში ორი ცხენი იყო - ცნობილი ქართული ლურჯა, რომელიც, როგორც ჩანს, ახალთექურების შტოა (ვფიქრობ, დღევანდელი ყაბარდო და ყარაჩაული ჯიშები იგივე ცხენებია) და დასავლეთ საქართველოს ცხენი, რომელიც, ვფიქრობ, ახლოს იყო არაბულ ცხენებთან.

მე-20 საუკუნეში, როდესაც თუშური ცხენების სხვა ცხენებთან შეჯვარება დაიწყო, ნელ-ნელა გამოჩნდა ის ნიშნები, რაც მათ ისტორიულად ახასიათებდათ. დღეს თუშეთში თითქმის ვეღარ ნახავ მონღოლური ტიპის ცხენებს და ისინი უკვე აშკარად ემსგავსებიან მათ ხევსურულ, ყაბარდოულ თუ ყარაჩაელ ნათესავებს.

მე-20 საუკუნის 80-იან წლებში კერძო ინიციატივით მოხდა ალვანის ცხენსაშენის ცხენების არაბულ ცხენებთან შეჯვარება. ამან, მართალია, გარეგნობა შეუცვალა თუშურ ცხენებს და დააახლოვა ისინი თავის ისტორიულ ფენოტიპთან, მაგრამ შეაჩერა მათი სიმაღლეში ზრდა. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ლურჯას აღდგენა ადგილობრივი ცხენების მხოლოდ ახალთექურ ცხენებთან შეჯვარებითაა შესაძლებელი.

 

რა ერქვა თუშეთის მოსახლეობას მანამ, სანამ თუშეთს თუშეთი დაერქმეოდა?

 

ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. თუმცა ფაქტია, რომ თუშეთის ტერიტორია ძალიან ძველი დროიდან იყო დასახლებული. როდესაც 15 წლის წინათ ომალოში წყლის მილები გაჰყავდათ, უამრავი ბრინჯაოს ნივთი აღმოჩნდა მიწის ზედაპირიდან ძალიან ახლოს. მანამდე, თუ არ მეშლება, 2000 წელს, რუსების მიერ ჩამოყრილი ბომბების განეიტრალების დროსაც, რამდენიმე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქატი იპოვეს. იმისათვის რომ გავარკვიოთ, ვინ იყო წინარე მოსახლეობა თუშეთში, ვინ ცხოვრობდა ამ ტერიტორიაზე, საჭიროა არქეოლოგიური ექსპედიციების მოწყობა. სამწუხაროდ, არანაირი არქეოლოგიური ექსპედიცია თუშეთში არ ტარდება და ისიც არავინ იცის, გეგმავს თუ არა ვინმე უახლოეს მომავალში მის მოწყობას.

 

მითითებული ლიტერატურა:

·       თევზაძე გიგი (2018), ტაძრის რაინდების უკანასკნელი საცხოვრებელი. წიგნში: სხვა ისტორია, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. ან: https://www.criticallog.org/post/გიგი-თევზაძე-ტაძრის-რაინდების-უკანასკნელი-საცხოვრებელი-1 ;

·       ვაჩეიშვილი ნიკოლოზ, თევზაძე გიგი (2014), პროექტი სვანეთი. ჟურნალი კადმოსი. ან: https://wp.me/ppyr6-h2v

·       თევზაძე გიგი (20181), მონღოლების [ხინკლის] გზა. წიგნში: სხვა ისტორია, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

·       თავადი მიშეცკისა და დიაკი კლიუჩარევის ელჩობა 1640-1643 წლებში (1928). თბილისი.

·       Volkova Anna (2025), Kakhetian Breed of Horses, https://fotkiflo.ru/loshadi/kahetinskaya-poroda-loshadey

·       Equitres Gloriae, middelaldercentret_nyk_falster #middelaldercentret #14thcentury #15thcentury #middelalder #medieval #middleages #medeltid #welshcob #medievalhorse

·       Darwin, Charles (1887), An Autobiographical Chapter, London.

 

 

 

 
 
bottom of page