top of page
  • Writer's picturegigitevzad

ვაჟა ფშაველა. უსამართლოვ! - წერილი მეგობართან

მოგვშორდი, წადი! ნუთუ თვით არა ჰგრძნობ, ღირსი არა ხარ აქ ყოფნისა? რა მარგე, რა გამიკეთე? არაფერი, დაღუპვისა და ზარალის მეტი არაფერი მაჩვენე. გამატიტვლე, გამაშიშვლე, წამართვი ლუკმა პური. მხედავდი მშიერ-ტიტველს, გეხვეწებოდი, გემუდარებოდი: შემიბრალე, მეც ადამიანი ვარ; მეც გრძნობა მაქვს, ნუ ნიცქერი როგორც ხეს და ქვას, როგორც პირუტყვსო; არ იქნა, ვერაფერი შეგასმინე, თავი ვერ შეგაბრალე; გულად ქვა გედვა მკერდში, თავში ტვინად - ყინული. აახ! ნეტავ გაიმართებოდეს სამსჯავრო და გაგვასამართლებდნენ. რამდენი ცოდვა, რამდენი დანაშაული, რამდენი უდიერობა, ვერაგობა, სიფლიდე, უმადურობა, ათასნაირი ავაზაკობა გამოირკვეოდა შენს მიერ ჩემს თავზე დატეხილი და მოვლენილი სულ ტყუილუბრალოდ. შენ მაინც, როგორც ვიცი შენი კაცობა, შენი ზნე-ჩვეულება, წარბს არ შაიხრიდი, ფერს არ შეიცვლიდი - განათლებას, სირცხვილს არ არის ჩვეული შენი კამეჩის ტყავადქვეული კანი.


რომ გაგიჭირე საქმე თხოვნით და ლაქუცით, ვფიქრობდი, არაფრის დამნაშავეს, მორჩილ მონას შენთვის გული მომელბო, ჩემზე ცოტა რამ მოწყალება მიგეღო; შენ მოწყალების ნაცვლად მოინდომე ჩემთვის ენა მოგეკვეთა, ენა, რომლითაც ჩემს ტანჯვა-ვაებას გიცხადებდი. რაც უნდა სასტიკად, უღმრთოდ მომქცეოდი, სულ ის გინდოდა, გაჩუმებული, დაუმებული ვყოფილიყავი და ასე ნელ-ნელა, ჩუმად დამელია სული. მაგრამ არა, არა! განგებამ არ ინება მუდამ ჩემი ამ დღეში ყოფნა. დღეს არაფერი სახვეწარი მაქვს შენთან, რადგან მეტისმეტმა უსამართლობამ იქამდის მიგიყვანა, შენც სხვას ეხვეწები და ამიტომ დღეს გაბედვით, თამამად გეუბნები: წადი, მომშორდი! აღარ მინდა შენი ძმობა, შენი მეგობრობა. ღმერთმა ისე მოგიმართოს ხელი, როგორც მე მიმართავდი ხელს საკეთილდღეოდ, როგორც შენ ჩემთვის კარგი გინდიდა, გლოცავ... არაგწყევლი, მაგრამ, ეჰ, რას ვამბობ? განა ქართველ კაცს, მის ბუნებას ეკადრება ამის თქმა? მე რა მადლობელი ვარ ჩემის თავისა, ჩემის უბედურებისა, რომ შენ იყო. შვილები ჩაგაბარე, - გაგინათლებო, დამპირდი. ისე შენ, სააქაოს არ გეტყვი, საიქიოს მოგცას განათლებული, როგორც შენ ჩემი შვილები გაანათლე. განათლება მეტი იქნება? რაც იცოდნენ, ისიც დაავიწყე; საღი ტვინი, საღი ჯან-ღონე, საღი გრძნობა მოუწამლე, მოუშხამე და ისეთები დამიბრუნე: „ჰა შენი შვილები, გაიხარე იმათ სიკეთითაო!“ ისე შენ გაიხარე, როგორც მე იმათი აღზრდა-განათლებით გავიხარე. ვინც პატარა ფხა და სიტყვა გამოიჩინა, იმათ ორმოებში ამოართლი სული და ვინც ერგინატები (უცოდინარები (?) - გ.თ.) დარჩნენ, გაანებე თავი წუთისოფელში თავისუფლად სანავარდოდ. იმათ ინაბარას დატოვე ქვეყანა, საზოგადოება. უჭკონი, უმეცარნი, უნამუსონი განა განსწავლიდენ, გაანათლებდნენ ქვეყანას, არა, ანკი რას გემდური? თავის შვილებს ხეირი დააყარე, რო ჩემი შვილებისთვის დაგეყარა: მონად აღზრდილი შვილები თავის მამობრივის ბრძანებით მიუსიე სალ-კლდეს მხოლოდ კბილებით შეიარაღაბულნი და უბრძანე: „ეს კლდე უსათუოდ უნდა დაარღვიოთ, დაქციოთ, რადგან შინ ოქროს ზოდები აწყვია. ის ამოვიღოთ და ავშენდეთო“. შეაკალი საცოდავები და კლდეს კი ერთი ნაფხვერი კენჭი მტვერი ვერ გააგდებინე. აი, რა ჭკუის და ნამუსის პატრონი გამომადეგ, ჩემო ძმა-მეგობარო.


არავის დაგაჩაგვრინებ, მოგივლი, გიპატრონებო, დამპირდი, მაგრამ არამც თუ გარეშე მტრებისგან დამიფარე, შენ თვით გადაიქეც ჩემს მტრად, შინაურ ჯალათად - დამადგი რკინის უღელი, ხელ-ფეხზე ბორკილი, დამიგე ქვეშ ეკალი. ვისთან მეჩივლა? კაცთაგანი არავინ ჰბედავდა შენს განკითხვას და ამიტომ დღე და ღამე ვჩივი და ვჩიოდი ღმერთთან. მაინც იმას იდვა თავს ჩვენი გასამართლება. ჩემო მეგობარო, ჩემო აპეკუნო! ჩემს მამულ-დედულს განაგებ და ეს მხოლოდ შენთვისაა ხელსაყრელი; მე არაფერი დამამადლე. დამადლება თავისთვის იყოს, მამულის სიყვარულიც დამეკარგა: დღეს-ხვალ, მელ-ნელა თითქმის გადავეჩვიე იმ ფიქრს, რომ მე მამულის პატრონი ვარ, რომ ნება მაქვს საკუთარი მამულის ღალით და ჩალით მესარგებლნა, მოძალე, მტაცებელი საკუთარის მკლავით გამესტუმრებინა, სული და გული გამემამაცა. მოკეთისათვის პატივი მეცა და სრული ადამიანობა მეგრძნო, ჩემო აპეკუნო! მქონდეს ამიერიდან შენთან კავშირი? აღარ მინდა! არ მინდა, რადგან ჩემთვის საზარალო, მავნებელი იქნება ეს კავშირი. ამიერიდან, იმედია, ჭკვას ისწავლი, ძალას მოიცემ. მოჰღონიერდები და ეს ღონე ჩემთვის უფრო საზარალო იქნება. ცხვარს მგელთან მეზობლობა რაში გამოადგება? მძლავრის მკლავებით უფრო მაგრა დამიჭერ. შენი ძლიერება მე დამასუსტებს, გამაბეჩავებს. მარჯვენა ხელი, მარჯვენა ფეხი მარცხენა ხელ-ფეხზე მოზრდილია. რადა? მადა, რომ მეტს ვარჯიშობენ ორივე. უვარჯიშობამ, უსაქმურობამ, თავის თავის მოუვლელობამ მე გამასაწყლა. ავად თუ კარგად, თავის მოვლა სჯობს სხვისას, ჩემთვის სასარგებლო აპეკუნობას.


აღარ მინდა აპეკუნი, არ მინდა სხვისი პატრონობა. მე მინდა ვიყო ჩემის თავის, ჩემი მამულ-დედულის პატრონი. ეგება მეც კაცად გამოვდგე, სრულ ადამიანად ვიქცე, ჩემი თავი მე მებაროს და მის მოვლას, ყურის გდებას შევეჩვიო. საღი ადამიანი, საღი ჯანის და ხელ-ფეხის პატრონი რომ ათს წელს უქმად იჯდეს, უმოძრავოდ, დაკუტდება, ხელფეხი მოუდუნდება; ეგრეთვე თუ არ ვიმოძრავე, საკუთარი ტვინი, საკუთარი გული, საკუთარი თვალები,თავისი მკლავები არ ვამოძრავე. ბატონი განა მარტო იმითია შესაბრალი, რომ სხვის ამაგს და ოფლს სჭამს, სხვის ნაამაგარით საზრდოობს, არამედ, იმით, რომ ასეთი ცხოვრება თვით იმის ადამიანურ თვისებას, ზნეობას, გონებას, ჯანსა სწყენს. ჯერ ბატონს არ არგია არაფერში სხვისი მოვლა-პატრონობა და მე, მონას რაში მარგებს შენი ლალაობა? - არაფერში, მათამაშებ შენს ჭკვაზე შიშველ-ტიტველს, უსწავლელს და ბოლოს, თუ ჟინმა მოგიარა, კიდევ მიბრძანებ, შენდამი ერთგულების დასამტიცებლად კლდეზე გადავვარდე.


(1905 წელი)


ვაჟა ფშაველა, რჩეული თხზულებები სამ ტომად, ტომი მესამე. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბილისი, 2011. გვ. 107-109




500 views
bottom of page