top of page

თინათინ ქავთარაძე: #ქალებისათვის_6


ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, ოჯახთან ერთად უნდა გაატარო.

ქართული სიბრძნე



ზოგჯერ, როცა ძალიან მეტკინება, ასე ვამბობ ხოლმე: აქამდე არ ვიცოდი, ახლა გავიგე. ჰო, გაგება ტკივილთანაა დაკავშირებული, ცოდნა გაგების გარეშე არ მოდის, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ათავისუფლებს. ცხადია, არანაირი ცოდნა არაა ბოლო გაჩერება და შემდეგ, კვლავ ახლის გაგებით შეიცვალება, განახლდება და ასე სიკვდილამდე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ტკივილზე ხელი უნდა მოაწერო თუ გაგება, ცოდნის განახლება და ამრიგად, გათავისუფლება გინდა. დიდი ხნის წინ მოვაწერე ხელი ტკივილებზე, როცა ჩემი ნებით ვთქვი უარი ბედნიერი ოჯახის თამაშსა და მოჩვენებითი ურთიერთობებით მარიაჟობაზე. არადა, ყოველ ახალ წელს მეცოდება საკუთარი თავი, რადგან ამ დროს მძაფრად ვგრძნობ, ოჯახური ცხოვრებით ტკბობის გამოფენის აუცილებლობას. აი, გადახედეთ სოციალურ ქსელს: ამაყი ქალები საერთო სანათესაო ფოტოდან ამოჭრილი მეუღლის პორტრეტებით გვილოცავენ ახალ, 2022 წელს; დედები შვილის გაკეთებულ საცივთან აღბეჭდილნი იწონებენ თავს. ფოტო წარწერით: ენაცვალოს დედა. კომენტარებში გამამხნევებელი შეძახილები: ღმერთმა გაგიმარჯოთ, გვრიტებო! როგორ მიყვარხარ, ყოჩაღოოო! უფალმა დაგლოცოთ. საწყალი და მარტოსული მე კი, საახალწლო მისალოც ფოტოზე ნაძვის ხესთან მარტო მდგარი, ფეისბუკის სქროლვით, ბედნიერი ოჯახების კალეიდოსკოპში ჩაკარგული, იმ მეოჯახე კაცს ვიხსენებ, ჯადოსნური სამი საათი რომ მისახსოვრა გასული წლის 30 დეკემბერს.



მას მერე დილა არ თენდება, ჩემი სუნი რომ არ მოიგონოს და არ შემომჩივლოს, როგორი უბედურია: აი, ცოლთან ერთად ვახშამზეა დაპატიჟებული, თორემ გამოიქცეოდა, ჩამიკრავდა და ჩამეკრობოდა, თვალები აუცრემლიანდებოდა და არ შეეშინდებოდა ამის ჩვენებისა. განა, მას არ აქვს ტირილის უფლება? რატომ უნდა მალავდეს თავის ემოციებს? ბოლოს და ბოლოს, ერთხელ დაიბადა და ბედნიერი ხომ უნდა იყოს? ჩემი მოძღვარის სიტყვები გამახსენდა: არ დაანგრიო ოჯახი, ადამიანები ყველაფერს აკეთებენ ოჯახის გადასარჩენადო. აი, თურმე რას გულისხმობდა და მაშინ ვერ გავიგე. ეს მეოჯახე, 30 დეკემბრის კაცი რამხელა მსხვერპლზე მიდის. მთელ თავის დაუოკებელ ენერგიას, სიახლისკენ სწრაფვას, სხვისი საშუალებით საკუთარი თავის შეცნობას ხელსაბანში აწყობს, მერე წყალს უშვებს, რათა წყლის ჩხრიალის ხმაურმა გადაფაროს ხელის მექანიკური მოძრაობისგან გამოწვეული, საკუთარ თავთან დიალოგის შედეგი, სირცხვილნარევი მინიმალური ორგაზმის ხმა, ჩუმი კვნესა-ამოძახილი. პატარა საიდუმლოც გამოდგება ცხოვრების გასახალისებლად, ერთფეროვნებისაგან თავის დასაღწევად. არაფრის გაბედვა არ არის საჭირო: ცხოვრების თავდაყირა დაყენება, ოჯახის დანგრევა და ცოლოურების განაწყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი კარგ კაცად გიცნობენ.



უსიხარულობისთვის განწირულ შენს ერთადერთ ცხოვრებას, სტერეოტიპების გამყარებას რომ ემსახურება, ათადან და ბაბადან, ე.წ. “საზოგადოების სიმშვიდის” გარანტიად რომ ქცეულა, შენს მოამაგე ცოლს, ჭორიკანა ნათესაობას და არაფრისმაქნის ძმაკაცებს შეაჭმევ. ჰო, მიირთვით, შეგერგოთ, ენაკეციებო, სქელკანიანებო! ...და მერე დათვრები და აგინებ.



ერთმანეთი ხუთი წლის წინ გავიცანით. მაშინ, როცა პანდემია არ მძვინვარებდა, როცა კოცნაობაც მოსული იყო, ყოველგვარი ომიკრონ-დელტა შიშების გარეშე. ავტობუსში ვისხედით ერთად. ღარიბ ლუზერს ჰგავდა და მაშინ მიზიდავდა ასეთები. ერთგვარი ესთეტიკაა დაუვარცხნელი თმა, გაბურძგნული წვერი, ალკოჰოლის სუნი და გახუნებული მაისური. თან იაპონური ვიციო და მე ხომ ვაფრენ კაცმა რომ ის იცის, რაც მე არა. რაღაცნაირად მესექსუალურება. ტყუილიც რომ იყოს, მერე რა? თუ კარგად მაბოლებს, უკვე კაია. ანუ, გამოდის, ჩვეულებრივი თაღლითები მესექსუალურებიან. ავტობუსიდან ჩამოსვლისა და დანიშნულების ადგილზე დაბინავების შემდეგ ჩემს გახალისებას ცდილობდა: სულ ხუმრობდა და ყველაფერს მასხრად იგდებდა. რაც დრო გადიოდა უფრო და უფრო მომწონდა. აკი მეც მევასებოდა “ინწილიგენტების” დაცინვა, სნობების გამასხარავება, მდიდრებზე ქირქილი, ჩემს ნაქარგებიან ფეხსაცმელზე ხუმრობა? მას დღემდე ახსოვს ჩემი ნაქარგებიანი, ბრჭყვიალა ბოტასები და ეს ძალიან რომანტიკულია.



30 დეკემბერს ერთმანეთს შევხვდით. ისევ ღარიბი იყო და ისევ ლუზერი, ბევრს სვამდა, მაგრამ ვიცინოდით. ამდენი, ალბათ, არასდროს მიცინია. ცუდ სიტყვებს ვეუბნებოდი მოურიდებლად, ვკენწლავდი და ამაზე კიდევ უფრო ვხალისობდით ერთად. შენთან მინდა-მეთქი ვუთხარი, ძალიან აღელდა. დავამშვიდე: ხომ იცი, პრობლემებს არ ვქმნი-მეთქი? კარგი, მაშინ სასტუმროში წავიდეთო და წავედით. თავიუფალი ადამიანების სექსი გვქონდა. ჩვენი თავი გავაზიარეთ, ოღონდ კი არ შეგვიჭამია ერთმანეთი, თავისუფლად ვისუნთქეთ, თავისუფლად ვიცინეთ, ხან გავჩერდით, ხან ავჩქარდით, ხანაც შევნელდით და ვილაპარაკეთ. გულწრფელები ვიყავით, არ ვიმალებოდით, არ ვიპრანჭებოდით, არ გვენაღვლებოდა: მან იცოდა, რომ მე არ გავგზავნი ხვალ გოჭის შესაწვავად და მე ვიცოდი, რომ მისი წინდების გარეცხვა არ დამევალება, არც პერანგების გაუთოვება. მან იცოდა, რომ არ დავფეხმძიმდები, მე კი მიხაროდა, რომ ბიჭის გაჩენას არ მომთხოვს და ისევე შეხმატკბილებულად დავიშალეთ, როგორც შევიყარეთ. ცხადია, ცოლთან დაბრუნდა და ოჯახური პორტრეტიც გადაიღო საახალწლო ინტერიერში. როგორც მომწერა, კიდევ აქვს თავისი სურვილების რეალიზების იმედი, თუმცა ამან მის ოჯახს საფრთხე არ უნდა შეუქმნას.



ახლა კი ორ სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ და თქვენ აირჩიეთ რომლისას შესვამთ:


1. 30 დეკემბრის ბიჭის სურვილების ახდენისა იყოს. მისი თამადობით კი ყველა იმ კაცის, რომელიც ცდილობს, არავის აწყენინოს. სახლშიც და კარშიც ჯიგარია. ქიციც იცის და ქიცმაცურიც.


2. თავისუფლებისა იყოს, ტკივილით მოპოვებული თავისუფლებისა, სულ რომ გაშრომებს საკუთარი თავის გასაცნობად და აღგძრავს ინტერესით. მშობლებს დაგახოცინებს და ქმარს მიგატოვებინებს, მოჩვენებით კმაყოფილებაზე მიგაფურთხებინებს და ფრთებს შეგასხამს საკუთარი თავის უცნობ მხარეთა საძიებლად.

გილოცავთ! ჩვენთან არს ღმერთი.

1,183 views
bottom of page