top of page
  • Writer's pictureNini Chachia

ანა გამისონია: სოციალური პასუხისმგებლობა!


მაღალი სოციალური სტატუსით დავიბადე. ცხადია, თვითონ არაფერი გამიკეთებია ამისთვის. სტატუსმა დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა. პატარა ბავშვი ვერ ვხვდებოდი, რას ითხოვდა ჩემგან სოციუმი, გარემო, რატომ არ მანებებდნენ თავს და რა წესები უნდა დამეცვა. მერე ჩემმა დიდემ ( ბებიამ, რომელსაც დიდეს ვეძახდით) ამიხსნა: სოციუმში არის დაუწერელი კანონები, ჩამომითვალა რისი უფლება მქონდა და რისი - არა. მაგრამ ამ ჩამონათვალში ყველაზე მეტად მომეწონა რომ ნებისმიერი შეკითხვის დასმის უფლება მქონდა. სიმართლე გითხრათ, ცოტა მამძიმებდა ეს პასუხიმგებლობა, მერჩივნა ჩვეულებრივი, შეუმჩნეველი ბავშვი ვყოფილიყავი, ვიდრე თითით საჩვენებლი. ეს უკვე სხვა ისტორიაა და სხვა დროს გიამბობთ.


გავიზარდე და მივხვდი, რომ მაღალ სოციალურ სტატუსს თავისი დადებითი მხარეებიც აქვს. ბევრ კარს ვაღებდი თავისუფლად და თავაწეული. ჩემს აზრს ვაფიქსირებდი ყველაფერზე, ჩემი ხედვები მქონდა და შემეძლო ამაზე მელაპარაკა ( თითქოს ყველაფერი მეპატიებოდა). თავისუფალი ვიყავი, თუმცა, იმავდროულად, სოციუმის სტანდარტებზე მორგებული. არამგონია ერთადერთი ვიყო, ვინც ასეა.


ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ მოხდა და ყოველთვის ვსვამდი შეკითხვას რატომ? რატომ ასე და არა - ისე? რატომ არ არის ჩემს ქვეყანაში სამედიცინო სფერო უფასო? რატომ არის განათლების სისტემა დაბალ დონეზე? რატომ გვაყვს მთავრობა, თუ ისინი ჩვენს ინტერესებს არ იცავენ და ჰგონიათ, რომ მათი მსახურები ვართ? რატომ კლავენ ბავშვები ერთმანეთს? რატომ ზის, ყოველი ფეხის ნაბიჯზე, მათხოვარი? რატომ? რატომ?? და ასე გაუთავებლად...


ბოლო დღეებია შიში დამეწყო. შიში სადმე წასვლის, გამგზავრების, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რამე რომ მომივიდეს ვინმე დროულად მომხედავს. რომ საჭირო დროსა და ადგილზე იქნება სამედიცინო დახმარება, პოლიცია.


ამ დღეების განმავლობაში, მთავრობამ შოვის ტალახი ყველას გვესროლა, პირი ამოგვივსო მიწით: შეკითხვა არ დასვათო, ხმა არ ამოიღოთო, თუ გლოვობ ეს შენი პრობლემააო. ტყუილებით გაგვავსო და ერთმანეთს დაგავპირისპირა და მთავარ პრობლემასა და შეკითხვების დასმას დაგვაშორა.


მე მაინც გეკითხები, რატომ? რატომ არ გვყავს ვერტმფრენი, რატო არ უხდი მაშველებს კარგ ხელფასს, რატომ არ აქვთ კარგი აღჭურვილობა? რატომ არ უშვებ უბედურების ადგილზე ექიმებს? რატომ არ ხვდები გადარჩენილებს შესაბამისად? რატომ არ იღებ პასუხისმგებლობას? რატომ გვაჩუმებ? იმდენი „რატომ“ შეიძლება დავწერო...


და ისევ, სოციალური პასუხისლგებლობა. ახლა გავიაზრე ბოლომდე, რომ ყველა ჩვენის პასუხისლგებლობაა, რაც მოხდა და როგორც ხდება. ბევრ რამეზე უბრალოდ ვივიშვიშეთ ფეისბუქზე, ერთმანეთთან და გავაგრძელეთ ცხოვრება. დავიწყებას მიეცა ბევრი ტრაგედია. გავატარეთ, გავიარეთ და მორჩა. შევარჩინეთ ყველაფერი „მე არ მეხებას“ პოზიციით და ამიტომაც ვართ იმ რეალობის წინაშე, სადაც ვართ. რა იქნება ხვალ? კიდევ რა გველოდება? რისი ატანა მოგვიწევს?დამიცავს, ხელს გამომიწვდის და გადამარჩენს ჩემი მთავრობა?

Comments


bottom of page