Search
  • gigitevzad

გიგი თევზაძე. ხაფანგი სტურუასთვის

რობერტ სტურუა ცნობილი რეჟისორია. ვერ ვიტყვი, რომ მომწონდა, „იმ“, საბჭოთა დროში, ან, რომ ახლა მომწონს. თუმცა, მას ნამდვილად აქვს ერთი, გამორჩეული თვისება, რომელიც მას განასხვავებს თეატრის სხვა რეჟისორებისგან. ამ თვისებას ორი მხარე აქვს. შევეცდები აღვწერო: 1. ის ძალიან ზუსტად ხვდება მაყურებლის უმრავლესობის განწყობა/წარმოდგენებს. კი, თვითონაც მათ წრეშია, ამიტომ, ეს მიხვედრა არ უჭირს და ეს განწყობა წარმოდგენები ზუსტად გადააქვს სცენაზე; 2. ის ცინიკოსია: ამ, სცენაზე გადატანილ წარმოდგენებს და რწმენებს ის უკიდურესად ამკვეთრებს, რადიკალიზაციას ახდენს, უკიდურესობამდე მიჰყავს. არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს სტურუა თავის ამ უნიკალურობას აცნობიერებს. შეიძლება ოდესღაც აცნობიერებდა კიდეც და შემდეგ - უკვე ჩვევაში გადაუვიდა. არ ვიცი. სტურუას ფსიქოლოგია არ არის ამ ტექსტის მიზანი.


ეს, წარმოდგენების რადიკალიზაცია მის ყველა სპექტაკლშია - ქართული ინწილიგენციის საყვარელი სიმბოლოებით და მინიშნებებით დახუნძლული „ასერგასი დღე“, ლაშა ბუღაძის პიესაში ინსტალირებული გროტესკული გაუპატიურების სცენა, ვოდევილური ცეკვა-სიმღერა, რომელიც ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილია და ა.შ. ყველა ეს, რაც ჩამოვთვალე, და კიდევ ბევრი, ქართველი მაყურებლის წარმოდგენების და განწყობების რადიკალიზაცია, აბსურდამდე მიყვანაა.


აქამდე სტურუას უმართლებდა. ქართველი მაყურებელი, რომელიც მის სპექტაკლებზე დადიოდა, აღტაცებით ხვდებოდა საკუთარ გროტესკულ ორეულს. რა სჯობს იმის ყურებას, თუ როგორ მოძრაობს სცენაზე საკუთარი გროტესკული და აბსურდული ანარეკლი: ამაში მსუბუქი თვითირონიაც არის, დაფარული აზრის მიხვდრაც, ოდნავი მაზოხისტური ტკბობაც.


სტურუას მთელი შემოქმედებაც ასეა აწყობილი, ისევე, როგორც მისი საჯარო გამოსვლები: მისი წრის, მისი მაყურებლის განწყობების და წარმოდგენების რადიკალიზაცია: გახსოვთ, „ვეფხსიტყაოსანზე“ რომ თქვა, არ მესმის და სისულელეაო, „ვეფხისტყაოსანნზე“ სპექტაკლის დაწყებასაც ამ დეკლარაციით აპირებდა. ეს რეჟისორის მიერ პოტენციური და აქტუალური მაყურებლის წარმოდგენის ვერბალიზაცია იყო: რამდენი ვიცით, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მიუღებლობის და გაუგებრობის აღიარების რცხვენია და ჩურჩულით თუ ამბობს ამას, ახლობელთა ვიწრო წრეში.


ყველაფერი კარგად იყო, სანამ სტურუას „ბედი ქართლისას“ დადგმა არ სთხოვეს. სტურუამ აქაც არ უღალატა თავის თავს და მოჰყვა ის, რასაც მისი მაყურებელი ფიქრობს და როგორც მის მაყურებელს წარმოუდგენია: კომიკური პათეტიკურობა, რუსეთი=პუშკინს და დასტაევსკის, მუსილმანები ველურები არიან, საქართველოს ეომებოდნენ სარწმუნოების გამო, დასავლეთი არ მოგვხედავს, შეიძლება გრანტი გადმოგვიგდოს და ა.შ. რა არის ამაში ისეთი, რაც არ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მსოფლმხედელობის ღერძს? ეს არ ისწავლება სკოლაში? ამის ტრანსლირება არ ხდება ტელევიზიით? და ბოლოს და ბოლოს, სტურუას მაყურებლებიც ხომ ამ იდეებით გაიზარდნენ სუსურუკუში?


მაგრამ სწორედ ესაა ხაფანგი, რომელშიც სტურუა აღმოჩნდა: იმ დღეს, საქართველოს პარლამენტის 100 წლისადმი მიძღვნილ საღამოს, მისი მაყურებლები არ იყვნენ მისი მაყურებლები. არამედ სულ სხვა ხალხი. მათი უმეტესობა რადიკალურად განსხვავდებოდა მათგან, ვინც სტურუას მაყურებელია. მით უმეტეს, დიპ-კორპუსის წამრომადგენლები, არასამთავროებზე, სამთავროებზე, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებზე და სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. მათთვის სრულიად უცხოა სტურუას მიერ გამოზრდილი მაყურებლებისათვის დამახასიათებელი აღტაცება მიხვედრებით, ინწილიგენწური თვითგვემით და ალეგორიებით. ამიტომ, სპექტაკლი ჩავარდა და უარყოფის დიდი ამპლიტუდა - მსუბუქი არმოწონებიდან („დაბერდა და რა ვქნათ..“) რისხვამდე - მიიღო.


ჩემი ნება რომ იყოს, ამ სპექტაკლს ჩავწერდი და სკოლის მოსწავლეებს ვუჩვენებდი, როგორც მე-20 საუკუნის ქართველების თვით-წარმოდგენების და იდენტობის მანიფესტაციას. კარგად გავარჩევინებდი, თუ რა დგას ყოველი გროტესკული, აბსურდული და გულისამრევი ხატის უკან.


როგორც დასაწყისში აღვნიშნე, არ ვიცი, ეს სპექტაკლი სტურუამ ასეთად ჩაიფიქრა, თუ გაუცნობიერებლად გამოუვიდა, როგორც საკუთარი წესის „ინსტიქტური“ განხორციელება. 30, ან 40 წლის წინ, ცინიკოსი რეჟისორის განზრახვაში და გეგმაში ეჭვიც არ შემეპარებოდა. თუმცა ამას არც აქვს მნიშვნელობა. სტურუა საკუთარ ხაფანგში გაება, ისევე, როგორც სებასტიან ჟაპრიზოს „ხაფანგი კონკიასთვის“ პერსონაჟი. ჩვენ კი ჩვენი საზოგადოების იდენტობის გროტესკული აღწერა მივიღეთ. მგონი, მართლაც შესაძლებელთაგან საუკეთესო სამყაროში ვცხოვრობთ.




0 views