top of page
  • Writer's pictureNini Chachia

გიგი თევზაძე, ლევან გახელაძე. რატომ არის ვალში აშშ ევროპის და უკრაინის ხალხებთან

Updated: Dec 20, 2023





გიგი თევზაძე, ლევან გახელაძე. წერილი ამერიკელ ხალხს: რატომ არის ვალში აშშ ევროპის და უკრაინის ხალხებთან

(ორპოლუსიანობის სიმულაცია: აშშ ევროპული პოლიტიკა XX-XXI საუკუნეებში)


სარჩევი:

შესავალი: რატომ დავწერეთ ეს ტექსტი

აშშ-უკრაინის ურთიერთობა რუსეთ-უკრაინის ომის დროს: გაკვეთილები და კითხვები

საიდან დაიწყო?

მონროს დოქტრინის ჩანაცვლება და ვილსონის გამბიტი

აშშ პრეზიდენტები და რუსეთი 1933 წლამდე

სსრკ-ს ინდუსტრიალიზაცია: მონროს დოქტრინის დემპარტიული ფორმა თუ პოლიტიკური კორუფციის დასაწყისი?

მეორე მსოფლიო ომის ლენდ-ლიზის შედეგები: როგორ დაიპყრო სტალინმა რუზველტის დახმარებით აღმოსავლეთ ევროპა

რუზველტი, ტრუმენი და ატომური ბომბი

პოსტ-მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მსოფლიო

რატომ არის აშშ უკრაინასთან და ევროპასთან ვალში

რეიგანი და ვუდრო ვილსონის დაბრუნება

რეიგანის შემდეგ. რა პოლიტიკა ჩამოყალიბდა აშშ-ში ევროპის მიმართ

რატომ არის აშშ ასეთი წარმატებული ქვეყანა ასეთი საგარეო ორპოლუსიანობის სიმულაციის მიუხედავად

დღეს: უკრაინა და მსოფლიოს მომავალი



შესავალი: რატომ დავწერეთ ეს ტექსტი


როდესაც ამ ტექსტის წერა დავიწყეთ ევროპაში, უკრაინაში რუსეთთან ომი მიმდინარეობდა. ამ ტექსტის წერის პროცესში ომი გაფართოვდა და შუა აღმოსავლეთიც მოიცვა. და სამწუხაროდ, არ გვაქვს იმედი, რომ ეს ომი რუსეთთან და გლობალური ტერორიზმის სხვა ხელისშემწყობებთან ამ წიგნის გამოცემამდე დამთავრდება.


ჩვენ ორივე, ომის დასაწყისიდანვე, ჩართულები ვიყავით და ვართ ამ ომის როგორც ლოკალური, ისევე, გლობალური კონტექსტების ანალიზში. მაგრამ, მუდამ გვრჩებოდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა, რომ რაღაცას არ ვამბობთ, არ მივდივართ ბოლომდე, არ ხდება მიმდინარე მოვლენების დეკონსტრუქცია[1], ვერ ვწვდებით ომის და ომის პროცესის დღევანდელ და ისტორიულ მიზეზებს. ამას მარტო საკუთარ თავის მიმართ არ ვფიქრობდით და ვფიქრობთ, ეს ეხება ყველა იმ ანალიტიკოსს, რომელიც ამ ომს და მის კონტექსტს ლამის ყოველდღიურ ანალიზში მიმოიხილავს.


ასე გვგონია, რომ ყველა, ვინც თვალს ადევნებს უკრაინის ამბებს, იმდენად გაიბლანდა დეტალების ანალიზში, რომ უკვე აღარ უსვამენ თავის თავს და სხვებს კითხვებს, რომლებიც ზედაპირზეა: რატომ გრძელდება ამდენ ხანს ომი? რას ნიშნავს ამერიკული დახმარება? არის თუ არა ნატოს გაფართოება მსოფლიო ომის დაწყების ხიფათი? და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხი, თუკი გაიცემა, ძალიან ლოკალურია და ძირითადად შემოიფარგლება კონკრეტული სიტუაციის ანალიზით.


არადა, ვფიქრობთ, რომ ამ ომის მიმდინარეობის პოლიტიკური დეკონსტრუქცია აუცილებელია: ჩვენ, ვინც საბჭოთა კავშირში დავიბადეთ და ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იქ გავატარეთ, ძალიან შეშფოთებულები ვაკვირდებით როგორც ჩვენი ახალგაზრდობის დროინდელი დისკურსების აღდგენას არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, არამედ, გლობალურად. არ გვგონია, რომ ეს დისკურსის და ქმედებების აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური აქტორების უცოდინრობითაა გამოწვეული. საბჭოთა კავშირი არა მარტო ბოროტების იმპერია იყო, არამედ, კორუფციის იმპერიაც, რომელიც კორუფციას იყენებდა გლობალური გავლენის მოსაპოვებლად.


ამიტომ, გადავწყვიტეთ ამ წერილით ჩვენი წვლილი შეგვეტანა იმ საქმეში, რასაც ორივე „საბჭოთა კავშირის აუცილებელ დაუბრუნებლობას“ ვუწოდებთ. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გემოვნების და მემარცხენეობა-მემარჯვენეობის საკითხი. გაითვალისწინეთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთ-უკრიანის ომი პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთი პრეტენზიას აცხადებს დასავლეთით გაფართოებაზე. და ეს არ არის მხოლოდ მარტივი მსგავსება.


ამრიგად, ეს ტექსტი დღეს მიმდინარე ომის დეკონსტრუქციაა. ვფიქრობთ, რომ სწორად მივაგენით და ამოვიცანით ის სტრუქტურები და ადამიანური ფაქტორები, რომლებიც ევროპაში მიმდინარე დღევანდელ ომს უდევს საფუძვლად.


და ბოლოს: რატომ არის ეს ტექსტი წერილი და არა წიგნი, ანუ, რატომ ვწერთ მოკლედ? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ გვინდა რომ ეს ტექსტი რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა. ცხადია, შეგვეძლო დიდი ტომი დაგვეწერა, რომელიც გაჭირვებით და დაგვიანებით მივიდოდა საჭირო აუდიტორიაზე. ამავე დროს, იმედი გვაქვს, რომ ამ წიგნში აღწერილი მიგნებები და პრინციპები იმდენად ცხადია, რომ ელემენტარული კრიტიკული აზროვნების მქონე ადამიანს შეაძლებინებს დასკვნები გააკეთოს იმ ფაქტების და გარემოებების შესახებ, რომლებიც არ აღგვიწერია, მაგრამ ცხადად გამომდინარეობს ამ ტექსტიდან. - მაგალითად, იმ ომის მიმართ, რომელიც დღეს მიმდინარეობს შუა აღმოსავლეთში.




აშშ-უკრაინის ურთიერთობა რუსეთ-უკრაინის ომის დროს: გაკვეთილები და კითხვები


მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, 2022 წლის 24 თებერვალს, თითქოს ცხადი იყო, მსოფლიოში რომელი ქვეყანა რომელ მხარეს იქნებოდა. აშშ ყველას, მათ შორის აშშ ამომრჩევლის თვალში, აღიქმებოდა როგორც უკრაინის მხადამჭერი. ევროპის ქვეყნებზე არ იყო შეთანხმებული მოსაზრება, არც ჩვენს თავებში და არც მედიაში: საბოლოოდ ის ქვეყნები, ვიზეც ყველას ეჭვი გვეპარებოდა, რომ უკრაინის მხარდამჭერები იქნებოდნენ, უკრაინის ბანაკში აღმოჩნდნენ. საფრანგეთი, იტალია, გერმანია - აცხადებდნენ და აცხადებენ, რომ უპირობოდ უჭერენ მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას (https://www.politico).

ბაიდენის ადმინისტრაციაც თითქოს ასევე იქცეოდა. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის მიმართ მათი დამოკიდებულება შემგუებლურ-ფატალისტური იყო (მაგ. აშშ-ს გენშტაბის მაშინდელი ხელმძღვანელის, მარკ მილის ოფიციალურ განცხადება, რომ თუ რუსეთმა შეუტია, კიევი 72 საათში დაეცემა https://www.foxnews) განცხადებები, რომლებსაც ბაიდენი და მისი გუნდის წევრები აკეთებდნენ, უპირობოდ უკრაინის მხარდამჭერი იყო. ცხადია, იყვნენ უკრაინის მხარდაჭერის მოწინააღმდეგეები, როგორც დემოკრატიულ, ასევე, რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ ორივე პარტიის „გენერალური ხაზი“ - უკრაინის მხარეს იდგა.

თუმცა, მალე გაჩნდა კითხვები, აშშ-ს მიერ უკრაინის სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით: ყველაზე ცხადად ეს გამოჩნდა ლენდ-ლიზის ამბავში. ამერიკული პოლიტიკის, და არა მარტო, მოლაპარაკე თავები მთელს მსოფლიოში, მათ შორის უკრაინაშიც, ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას ლენდ-ლიზი არ სჭირდება, იმიტომ, რომ ის ძვირია, უკრაინას მისი გადახდა მოუწევს (თითქოს სსრკ-მ სრულად გადაიხადა ვალი მეორე მსოფლიო ომის ლენდ-ლიზისთვის) (https://www.yout.., https://www.yout..), და რომ აშშ ისედაც საკმარის იარაღს აწვდის უკრაინას და წვრთნის მის ჯარს. თუმცა, როდესაც კონტრშეტევის დრო დადგა, აღმოჩნდა, რომ არც იარაღია საკმარისი კონტრშეტევისთვის, და არც ლენდ-ლიზის ამოქმედებას აპირებს ბაიდენის ადმინისტრაცია. მეტიც, ფარიდ ზაქარიასთან ინტერვიუში ბაიდენმა მისთვის დამახასიათებელი ბუნდოვანებით თქვა, რომ მისი პირობა უკრაინისათვის არის რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, ან, თუნდაც, ცეცხლის შეწყვეტა (თითქოს რუსეთს მისი ახალი ისტორიის მანძილზე ოდესმე შეესრულებინეს ცეცხლის შეწყვეტის პირობა - სირიაში, საქართველოში, ყარაბაღში და ა.შ.). ამავე დროს, ამ ინტერვიუში პირველად, ბაიდენმა არაფერი თქვა უკრაინის ტერიტორიული ხელშეუხებლობის და სუვერენიტეტის შესახებ (https://www.nytimes.com). ამავე დროს, არსებობს დასაბუთებული ფაქტები, რომ ცსს-ს დირექტორი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პუტინის გუნდთან უკრაინის მხრიდან ტერიტორიების დათმობის პირობით (https://www.newsweek.com).

ასევე, გაიჟონა ინფორმაცია, რომ პრიგოჟინის „ჯანყის“ დროს „ამერიკელები“ მოუწოდებდნენ უკრაინელებს არ გამოეყენებინათ ეს უპირატესობა კონტშეტევისათვის (https://edition.cnn.com).

გარდა ამისა, ბაიდენის ადმინისტრაციის ოპოზიციური პრესა სავსეა ბაიდენის და მისი ოჯახის კორუფციაში ბრალდებებით, სადაც ფიგურანტები არიან უკრაინელი, რუმინელი, რუსი და ჩინელი აქტორები.

ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მოწოდება, რომ უკრაინამ უნდა დათმოს რუსულენოვანი ტერიტორიები. ეს მოწოდება გაახმოვანა რობერტ კენედიმ (https://www.yout..), ნაწილობრივ ობამამ (https://www.pol..) და ჰენრი კისინჯერმა (https://www.jpost.com).

პირველი იდეა, რაც თავსი მოგდის ამ ფაქტების გაცნობისას, არის ბაიდენის კორუფციის და პუტინთან ალიანსის ეჭვი. მაგრამ, ჯერ ერთი, სანამ არ დადასტურდება კორუფციის ფაქტები, ეს მხოლოდ ბრალდებაა და ნაკლებად ხსნის, თუ რატომ არსებობს ეს კორუფცია და ალიანსი, თუკი ის არსებობს. ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის მიერ კულტივირებული პუტინის შიში იმდენად კომიკური და არარელევანტურია, რომ ასეთი ეჭვის მხარეს გაყენებს. მით უმეტეს, ამას წინათ, უკრიანისთვის ნატოში გაწევრიანების ვადების დასახელებაზე უარი ბაიდენმა იმით ახსნა, რომ ეს მსოფლიო ომს გამოიწვევდა აშშ და რუსეთს შორის.

ცხადია, ამ შემთხვევაში ყველას გვახსენდება კისინჯერის უკვე ინტელექტუალურ ანეგდოტად ქცეული „მსოფლიო წესრიგი“ სადაც ის კონკრეტულ ვითარებას მსოფლიოში აღწერს, როგორც საბოლოო ვითარებას. მაგრამ მაინც, სად უნდა ვეძებოთ ამ დამოკიდებულებების, ამ „გაფუჭების“ საფუძველი და მიზეზი?

ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღევანდელი დამოკიდებულება ბაიდენის ადმინისტრაციასა და უკრინას შორის ამერიკის, როგორც ქვეყნის ისტორიის შედეგია. შემდეგ თავებში ამის ახსნას შევეცდებით.




საიდან დაიწყო?


ამერიკული პოლიტიკის დასაწყისად სამართლიანად ითვლება „მონროს დოქტრინა“ (1823), როდესაც პრეზიდენტმა მონრომ გააფრთხილა ევროპის სახელმწიფოები, რომ დასავლეთ ნახევარსფერო აშშ სახელმწიფო ინტერესების სფეროა (https://www.archives).

ამ გაფრთხილებით აშშ-მ ზღვარი დაუდო ევროპის ქვეყნების ინტერესების გავრცელებას ნახევარსფეროს ორივე კონტინენტზე, მიუხედავად იმისა, რომ თავად აშშ-ს, როგორც სახელმწიფოს წარმოშობაც ევროპის ქვეყნების დაპირისპირების და მომავალ აშშ ძალებთან ალიანსის შედეგი იყო.

ამის შემდეგ აშშ-მ დაიწყო ძლიერი პოლიტიკური, ხანდახან სამხედრო ინტერვენციაც სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, რითაც, ცხადია, გაამყარა საკუთარი ეკონომიკური სისტემა, მაგრამ, შექმნა მყარი ანტი-ამერიკული განწყობები მთელს რეგიონში. ეს ანტი-ამერიკული განწყობები აღმოჩნდა შენელებული მოქმედების ნაღმი, რამაც, კონტინენტზე მე20 საუკუნეში მთელი რიგი კომუნისტური ქვეყნების წარმოშობა გამოიწვია. თუმცა, მე19 საუკუნეში აშშ ეკონომიკისათვის უკეთესი გადაწყვეტა ძნელი მოსაფიქრებელი იყო: მსოფლიო ვაჭრობის სისტემა დღევანდელი სახით ჯერ არ არსებობოდა და ეკონომიკური მდგადობის მისაღწევად აშშ-ს სჭირდებოდა პოლიტიკური კონტროლი მთელ ნახევარსფეროზე. კალა, ტყვია, თუთია და ამონიუმის გვარჯილა (დენთის წარმოების ერთადერთი წყარო მის ხელოვნურად წარმოების გამოგონებამდე) ძალიან მნიშნველოვანი რესურსი იყო მე19 საუკუნის მსოფლიოში, რომლის უზარმაზარი საბადოები იყო და არის სამხრეთ ამერიკაში. არაფრი რომ არ ვთქვათ კაუჩუკზე და სხვა რესურსებზე, როგორიცაა ნავთობი, ნიკელი, ხე-ტყე და ა.შ. გარდა ამისა, მე19 საუკუნის დასაწყისში აშშ-ს უარყოფითი ბალანსი ჰქონდა ვაჭრობაში, ანუ, მეტი შემოქონდა, ვიდრე გაჰქონდა. ამიტომ, ეკონომიკურ სტაბილურობაზე პოლიტიკური, ხანდახან სამხედრო კონტროლი მნიშვნელოვანი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა და საფრანგეთმა დათმეს პოზიციები ჩრდილო ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში გავლენის და კაპიტალის მხრივ მათ კვლავ მთავარი პოზიციები ეჭირათ. ამიტომ, მონროს დოქტრინით აშშ ცდილობდა საკუთარი ეკონომიკის ზრდის წყაროებზე ექსკლუზიური უფლებები მოეპოვებინა.

მაგრამ, მე19 საუკუნის ბოლოს სამოქალაქო ომმა, ინდუსტრიალიზაციამ და გლობალიზაციამ აშშ მიიყვანა ვაჭრობის დადებით შეფარდებამდე, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ს სჭირდებოდა სტაბილური და მდიდარი ბაზრები, სადაც ის თავის საქონელს გაყიდიდა. ცხადია, ნედლეულის შემოტანის სტაბილურობაც მნიშვნელოვანი იყო (https://www.stlo).

ევროპა, და შესაბამისად, აზიაც, იყო მნიშნვნელოვანი ადგილი, სადაც აშშ-ს შეიძლებოდა გაეტანა თავისი საქონელი. ამიტომ, ევროპის სიმშვიდე და დალაგება სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო აშშ ეკონომიკისათვის. ამიტომ, პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა გადაწყვიტა პირველ მსოფლიო ომში ჩარევა.




მონროს დოქტრინის ჩანაცვლება და ვილსონის გამბიტი


1917 წელს ვუდრო ვილსონმა წარუდგინა კონგრესს ევროპაში პირველი მსოფლიო ომის დარეგულირების 14 პუნქტი. იდეური საფუძველი იყო „მსოფლიოს ქცევა დემოკრატიისათვის უსაფრთხო ადგილად“. ძირითადი აქცენტი ამ 14 პუნქტში კეთდებოდა თავისუფალ ვაჭრობაზე, იმპერიების დომინანტობისგან ზღვების თავისუფლებაზე და ერების თვით-გამორკვევაზე (https://www.theworldwar).

მნიშვნელოვანია ამ ჩარევის კონტექსტი: იმპერიები, როგორც სავაჭრო გზების და საშუალებების ტოტალური მფლობელები, ხელს უშლიდნენ აშშ ექსპორტს, რომელიც ყოველწლიურად იზრდებოდა, ხოლო ის მოგება, რომელიც მოსალოდნელი იყო იმპერიული ტარიფების გაუქმება/შეცვლით, ბევრად მეტი იყო, ვიდრე არსებული. გარდა ამისა, ზღვების და ოკეანეების იმპერიული კონტროლიც, ცხადია ზღუდავდა თავისუფალ ვაჭრობას.

რომ გადახედოთ ვილსონის 14 პუნქტს, რომელსაც უნდა დაყრდნობოდა ევროპის მომავალი, ნახავთ, რომ ყველა მათგანი, ვაჭრობის განთავისუფლებას და თანაბარ პირობებს ეხება: არის პუნქტები, რომლებიც პირდაპირ ვაჭრობის თავისუფლებას და შეზღუდვების მოხსნას ეხება, არის პუნქტები, რომლებიც ახალი ევროპის საზღვრებს ქმნიან (ქვეყნებს) და იმპერიებს (ბრიტანეთი, ავსტრია-უნგრეთი) აუქმებენ.

მე12 პუნქტში, სადაც თურქეთის სახელმწიფოს შექმნაზეა ლაპარაკი, პირდაპირ მითითებულია დარდანელის სრუტეში თავისუფალი ვაჭრობის გარანტიის აუცილებლობა.

ვილსონის პუნქტები ერების თვითგამორკვევის პრინციპსაც შეიცავდა. ვილსონი მოითხოვდა, რომ ახალი სახელმწიფოების საზღვრები ნაციონალური ერთობების დასახლების საზღვრებს დამთხვეოდა.

თუკი ექსპორტის სტაბილურობის და გაზრდის კუთხით შევხედავთ, ცხადი ხდება, რომ ყველა პუნქტი გამართლებულია; იმპერიების გაუქმებით და ბევრი პატარა სახელმწიფოს შექმნით ვისლონი ქმნიდა ვაჭრობის თავისუფლებას, რაც, პირველ რიგში, მნიშვნელოვანი იყო აშშ ძლიერების და სიმდიდრის ზრდისათვის.

დღეს ვილსონის 14 პუნქტი ისწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში, როგორც აშშ საგარეო პოლიტიკის იდეალისტობის მაგალითი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სწრაფვაში ეკონომიკური მოგებისკენ მიმართულება აშკარაა, ეს არ უკარგავს ვილსონს და მის გუნდს დამსახურებას: მან ეკონომიკური წარმატების მისაღწევად აირჩია არა ინტერესების სფეროების გაყოფის გზა, როგორც ეს მონროს დოქტრინაშია, არამედ, ევროპის ხალხთა თავისუფლების და დემოკრატიის გზა, რაც, ამ ხალხებსაც აძლევდა წარმატების და განვითარების შესაძლებლობას. რაც არანაირად არ იგულისხმება მონროს დოქტრინაში.

აშშ პრეზიდენტები და რუსეთი 1933 წლამდე


ვუდრო ვილსონი

ვილსონი თავისუფალი ვაჭრობის, დემოკრატიის და ერების თვით-გამორკვევის საკუთარი იდეების ცხად მტერს საბჭოთა რუსეთში ხედავდა. ამიტომ, ის ინტერვენციასაც არ მოერიდა 1918 წელს რათა დახმარებოდა „თეთრებს“.

ამ ინტერვენციის შემდეგ 1933 წლამდე აშშ და საბჭოთა კავშირს შორის არ ყოფილა არც დიპლომატიური ურთიერთობა და არც რამე მნიშნვნელოვანი პოლიტიკური კონტაქტი. თუმცა, ამერიკული ბიზნესი საბჭოთა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობის სარგებელს ხედავდა და ამ მიმართულებით მოძრაობდა კიდეც.

ვილსონმა რუსეთის დროებით მთავრობასთანაც სცადა დაემყარებინა კონტაქტი. როგორც ლიბერალური დემოკრატიის მომხრეს, ვილსონს სჯეროდა, რომ როგორც კი სამოქალაქო ომი დამთავრდებოდა, რუსეთი თვითონ გადაიქცეოდა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკად. 1921 წელს რუსეთის მიერ დაწყებულმა ოკუპაციებმა ეს იმედი, ცხადია, გააქრო. თუმცა, აშშ პრეზიდენტებს არ მიუტოვებიათ თავისუფალ საბაზრო ეკონომიკის ძალაში რწმენა;


უორენ ჰარდინგი

1921 წელს ამერიკის პრეზიდენტი რესპუბლიკელი უორენ ჰარდინგი გახდა. ჰარდინგის პოზიცია ვილსონის პოზიციის საპირისპირო იყო: მან უარი სთქვა ვილსონის ინიციატივით შექმნილ ერთა ლიგაში გაწევრიანებაზე, მეორე მხრივ - დაეთანხმა მოშიმშილე სსრკ-ს დახმარებას 1921 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ჰარდინგი დეკლარირებულად აკრიტიკებდა სსრკ-ს, ის ამ ქვეყანას უყურებდა, როგორც აშშ მომავალ და მნიშვნელოვან ბაზარს.

საყურადღებოა, რომ სწორედ ჰარდინგის პრეზიდენტობას დაემთხვა სსრკ-ის შექმნა. ჰარდინგი კრიტიკულად უდგებოდა ბოლშევიკებსა და მათ საქმიანობას, თუმცა თანხმობა მისცა რუსეთის ამბებში ჩახედულ თავისი ვაჭრობის მინისტრს ჰუვერს (შემდგომში 31-ე პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი) გაეწია დახმარება 1921 წელს რუსეთში შიმშილობით დაზარალებულებისათვის. ჰუვერი ცდოლობდა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა კიდევ უფრო გაეფართოებინა, მაგრამ, საბჭოთა რუსეთთან ჰუმანიტარული დახმარების მიღმა ურთიერთობების გაღრმავების კატეგორიულად წინააღმდეგი წავიდა სახელმწიფო მდივანი ჰიუზი რომელსაც საბოლოოდ პრეზიდენტმაც დაუჭირა მხარი. (Trani, Eugene P.; Wilson, David L. (1977). The Presidency of Warren G. Harding. American Presidency. Lawrence, KS: The Regents Press of Kansas.)


კელვინ კულიჯი

1923 წელს უორენ ჰარდინგი გულის შეტევით გარდაიცვლა და მისი ადგილი ვიცე-პრეზიდენტმა კელვინ კულიჯმა დაიკავა. კულიჯმა უპრებლემოდ მოიგო 1924 წლის არჩევნებიც, რის საფუძველიც მას მისცა ამერიკის ისტორიაში ეკონომიკური ზრდის ერთერთმა ყველაზე შთამბეჭდავმა პერიოდმა. კულიჯი, ისევე, როგორც ჰარდინგი, მონროს დოქტრინის მიმდევარი იყო, ამიტომაც, არ ინტერესდებოდა ევროპული პოლიტიკით. აშშ ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდებოდა და როგორც ჩანს, ვილსონივით არავინ ფიქრობდა მოსალოდნელ საფრთხეზე - რა მოუვიდოდა აშშ ეკონომიკას, თუკი მსოფლიოში არ იარსებებდა თავისუფალი ბაზარი ამერიკული პროდუქციის ასათვისებლად.

კულიჯის მმართველობისას ამერიკელები არსებითად დაუბრუნდნენ მონროს დოქტრინით განსაზღვრულ არეალს, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკას. ადმინისტრაცია აქტიურად ერეოდა კონტინენტის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ხშირად ინტერვენციასაც მიმართავდა არასასურველი სოციალისტური ყაიდის რეჟიმების ხელისუფლებებიდან ჩამოსაშორებლად - ნიკარაგუაში, ჰაიტიში, დომინიკაში (McCoy, Donald R. (1967). Calvin Coolidge: The Quiet President. Macmillan).

თუმცა, განსხვავებით მონროს დროისგან, აშშ სავაწრო სალდო დადებითი იყო ანუ, მას უფრო მეტი გაჰოქნდა, ვიდრე შემოჰქონდა. ხოლო საგარეო პოლიტიკა - იმ დროინდელი, როდესაც უფრო მეტი შემოჰქონდა, ვიდრე გაჰქონდა. ამ მხრივ, 1929 წლის ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იყო, თუმცა, ეს იმდორინდელ აშშ პოლიტიკოსებს არ ჰქონდათ განცობიერებული.

სწორედ კულიჯის დროს აშშ ადმინისტრაციამ გადადგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც, ჩვენი აზრით, შეცვალა არა მარტო აშშ, არამედ ევროპაც და მსოფლიოც: 1924 წელს ჰერბერტ ჰუვერმა, იმ დროს ვაჭრობის მინისტრმა, აშშ ბიზნესის სსრკ ბაზარზე შეღწევის ეგიდით შექმნა კორპორაცია „ამტორგ“ ბიზნესმენ არმანდ ჰამერთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარირებულად კულიჯიც და ჰუვერიც თავისუფალი ბაზრის მომხრეები იყვნენ, ეს კორპორაცია მთლიანად პროტექციონისტულ და ფარული გერიგებების ეკონომიკაზე იყო დამყარებული.

ეს ორგანიზაცია სრულად აკონტროლებდა ამერიკაში რუსეთიდან ხიზილალის, ბეწვეულის, ხე-ტყის ექპორტს და ამერიკული ინდუსტრიის ნაწარმის (მანქანები, დანადგარები და ა.შ.) იმპორტს სსრკ-ში. (Borth, Christy. Masters of Mass Production, p. 110, Bobbs-Merrill Company, Indianapolis, IN, 1945. Paul W. Blackstock (1969). "Chapter 6 Offensive and Counteroffensive: The 1927 War Scare (see section: The Arcos Raid and the Break in Diplomatic Relations)". The Secret Road to World War II Soviet Versus Western Intelligence 1921-1939).

ახლა ცხადია, რომ „ამტორგი“ ვერანაირ მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა მომავალი დეპრესიის და ინფლაციის წინააღმდეგ, მაგრამ, მას შემდეგადაც, რაც ჰერბერტ ჰუვერი პრეზიდენტი გახდა, „ამტორგის“ გზით კერძო პირები და ორგანიზაციები აგრძელებდნენ მოგების მიღებას. ამას ხელი არც 1930 წელს კონგრერსის მიერ „ამტორგის“ ჯაშუშური საქმიანობის გამოძიებამ შეუშალა ხელი. გამოძიება ჩაიშალა არასაკმარისი მტკიცებულებების არქონის გამო (Siegel, Katherine A S (2015). Loans and Legitimacy: the Evolution of Soviet-American Relations, 1919-1933. Lexington: The University Press of Kentucky. pp. 134, 184, note 8.) რაც, დამაჯერებლად გამოიყურება, იმდენად, რამდენადაც ჯაშუშური საქმიანობა, რომელიც ალბათ არსებობოდა კიდევ “ამტორგის“ ფარგლებში, მეორეული და მესამეული მნიშნველობის იყო იმ ფარულ და არაგამჭვირვალე მოგებასთან შედარებით, რასაც ‘ამტორგში“ ჩართული ადამიანები იღებდნენ ამ კორპორაციის საქმიანობისგან, როგორც სსრკ-ში, ასევე, აშშ-შ.

რომ შევაჯამოთ, „ამტორგის“ დაფუძნებით გადაიდგა პირველი ინსტიტუციური ნაბიჯი სსრკ-აშშ-ში შექმნილიყო მძლავრი კორპორაცია, რომელიც თავისუფალი ბაზრის სრულიად საპირისპირო პრონციპებით იმუშავებდა და უზარმაზარ შემოსავალს მოუტანდა ამ საქმეში ჩართულ პირებს. ‘ამტორგის“ ჯაშუშური საქმიანობის ბრალდებას და გამოძიებას, ვფიქრობთ, უნდა შევხედოთ, როგორც გონაბამახვილურ ოპერაციას „ამტორგის“ ნამდვილი მიზნებიდან აეცილებიდან აშშ საზოგადოების და პოლიტიკოსების ყურადღება. ცხადია, ამავე დროს და ამის გამო, ეს იყო პირველი ძლიერი ნაბიჯები სსრკ-ს ლეგიტიმაციისატვის.

და ასევე, როდესაც ამ პერიოდზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბჭოთა კავშირის ლიდერების გამოთქმებში „დასავლელი პოლიტიკოსების“ მიმართ ხშირად ფიგურირებდა ფრაზები მათი „ყიდვის“ სიადვილეზე. რა იყო ეს? კომუნისტური პროპაგანდა თუ ფაქტების ცოდნიდან გამომდინარე წამოცდენა? დანამდვილებით ვერცერთ ინტერპრეტაციას ვერ ავირჩევთ.


ჰერბერტ ჰუვერი

1928 წელს ამერიკის პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი გახდა, ჰარდინგისა და კულიჯის ადმინისტრაციებში ვაჭრობის მინისტრი, 20-იანების დასაწყისში რუსეთში შიმშილობის აღმოფხვრის პროგრამის კოორდინატორი. დახმარების პროგრამის დაწყებისას საზოგადოდ ამერიკული მხარე და კერძოდ ჰუვერი ხელმძღვანელობდნენ ორი მოტივით:

· ეგონათ, რომ ამერიკული დახმარება დაანახებდა რუსეთის მოქალაქეებს კაპიტალიზმის და თავისუფალი ბაზრის უპირატესობებს და ეს საბჭოთა კავშირში ცვლილებებს დაუდებდა სათავეს. თუმცა, მალევე აღმოჩნდა, რომ ეს შიმშილი არა რაიმე ობიექტური, ან გარე მიზეზებით, არამედ, ბოლშევიკების მიერ იყო ინსპირირებული. კერძოდ, ბოლშევიკები მიზანმიმართულად, ძალადობრივად ართმევდნენ გლეხობას არსებობის ბოლო საშუალებებს (продразверстка) და ჩამორთმეული მარცვლეულით ნაწილობრივ ამარაგებდნენ არმიას, ხოლო მისი უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გაჰქონდათ სავალუტო შემოსავლების მიღების მიზნით. 1923 წელს აშშ დახმარების პროგრამა დაიხურა (Pipes, Richard (1995) [1994]. Russia under the Bolshevik regime 1919–1924. London: Vintage).

· მეორე მოტივი ეფუძნებოდა ტექნოლოგიებისა და ვაჭრობის მზარდი ინტენაციონალიზაციის პირობებში ამერიკული ბიზნესისათვის რუსული ბაზრის არდაკარგვის სურვილს.


ფრანკლინ დელანო რუზველტი

მიუხედავად ამისა, 1932 წლამდე, რუსეთი დეკლარირებულად ფიგურირებდა აშშ პოლიტიკაში როგორც უპირობო მტერი. თუმცა, 1932 წელს, რუზველტის პრეზიდენტობის დასაწყისში, უმუშევრობის და დეპრესიის ფონზე, აშშ დამოკიდებულება სსრკ-სთან (რუსეთთან) შეიცვალა. თვითონ რუზველტი, ისევე, როგორც მისი წინამორბედები, მონროს დოქტრინის მომხრე იყო ჯერ კიდევ მის გაპრეზიდენტობამდე. დღეს ძნელია თქვა, ეკონომიკის ამოქაჩვის მიზანი იყო მამოძრავებელი ძალა, რამაც რუზველტს გადააწყვეტინა საბჭოთა კავშირის მიმართ კიდევ უფრო „დაეთბო“ ურთიერთობები, თუ რაიმე სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ გაიზარდა აშშ ადმინისტრაციის მიერ სსრკ-ს ლეგიტიმაციის ხარისხი. მით უმეტეს, რომ რუზველტის დროს ლამის გეგმური ეკონომიკა იყო ჩათვლილი დეპრესიის დაძლევის გზად. აქტიურად ვრცელდებოდა იდეები, რომ აშშ ჭარბწრმოების კრიზისი მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციამ მოიტანა (https://www.un.org, გვ. 18-24). თუმცა, დღეს უკვე შეგვიძლია დარწმუნებით ვთვათ, რომ ამის მიზეზი აშშ-ში წარმოების ზრდის ფონზე მსოფლიო თავისუფალი ვაჭრობის და თავისუფალი ბაზრის სრული უგულვებელყოფა იყო. მეტიც აშშ ადმინისტრაცია რუზველტის დროს დარწმუნებული იყო, რომ ევროპაში სტაბილიზაცია დაიწყო, და ამ სტაბილიზაციის მიზეზად ფაშისტური რეჟიმები მიაჩნდათ იტალიაში, ესპანეთში და გერმანიაში (https://scholar.harv...). ამ პერიოდში აშშ-ს ხელისუფლებაში ფაშიზმის აღქმა არ იყო უარყოფითი, პირიქით, სიმპატიებითაც კი იყვნენ განწყობილები ეკონომიკის გეგმულ სიტემაზე გადაყვანისათვის - ამით რუზველტის ადმინისტრაცია ჰიტლერში საკუთარ თანამოაზრეს ხედავდა - კრიზისიდან გამოსვლის მსგავსი გეგმების გამო. ამ პოზიციამ განაპირობა ამერიკული ლიბერტარიანიზმის დამფუძნებლების მიერ რუზველტის ფაშისტად მონათვლა (https://time.com).



სსრკ-ს ინდუსტრიალიზაცია: მონროს დოქტრინის დემპარტიული ფორმა თუ პოლიტიკური კორუფციის დასაწყისი?


როგორც უკვე დავწერეთ, ამტორგ სავაჭრო კორპორაცია, რომელიც 1924 წელს შეიქმნა, იყო მთავარი ორგანიზაცია, ვინც მართავდა ვაჭრობას სსრკ-ს და აშშ-ს შორის. თითქმის ყველაფერი, რაც სსრკ-დან ექსპორტზე გადიოდა (ხიზილალა, ხე-ტყე, ბეწვეული, წიაღისეული და სხვა), ამტორგის ხელში იყო. სამაგიეროდ, ამტორგი სსრკ-ს აძლევდა მანქანებს და მოწყობილობებს ინდუსტრიისათვის და სოფლის მეურნეობისათვის. მნიშნველოვანია ასევე არმანდ ჰამერის ისტორია, რომელმაც დააარსა აზბესტის საბადოები ურალში, სასუქების ქარხნები (რომლებსაც ადვილად შეეძლოთ ასაფეთქებელი ნივთიერებების გამომუშავება), ფანქრების ქარხანა და ასევე, უწევდა მედიატორობას 38 საერთასორისო კომპანიას სსრკ-სთან ურთიერთობაში. ჰამერი ასევე იყო ამერიკული ტრაქტორების მთავარი შემტანი სსრკ-ში. ასევე, სსრკ-სთან სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა ფორდის კორპორაციასაც, რომლის წილი სსრკ-ს მექანიზაციაში ძალიან მაღალი იყო.

როდესაც რუზველტი 1933 წელს გახდა აშშ პრეზიდენტი, მან ამავე წელს მან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები საბჭოთა კავშირთან. ჩვენ ვეცადეთ მოგვეძებნა რაიმე სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ამ მოქმედებამ რამენაირად გააუმჯობესა აშშ ეკონომიკური მდგომარეობა: სსრკ-დან იმპორტი წლიურად მხოლოდ 80-90 მილიონის ფარგლებში იყო, ხოლო ექსპორტი სსრკ-ში აშშ-დან - 20-30 მილიონის. თითქოს ორივე ქვეყნისათვის ამ რიცხვებს გადამწყვეტი მნიშნველობა არ ჰქონდათ, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ სსრკ-ში ინდუსტრიული საწარმოო საქონელი შედიოდა, დაშლილი, ასაწყობად გამზადებული ქარხნები და ჰესებიც კი. აშშ-სთვის რუსეთიდან ექსპორტი ძალიან მცრე მოცულობის იყო, და გაუგებარია ამ ვითრებაში აშშ-ს, როგორც ქვეყნის სარგებელი, თუ არა ერთი, ყველაზე ლოგიკური ახსნა: აქტორების პირადი ინტერესი. ამტორგ კორპორაციის პროტეჟეები და ჰამერის პარტნიორები მრავალმილიონიან კონტრაქტებს აწერდნენ ხელს რუსეთთან. არანაკლები სარგებელი უნდა ჰქონოდათ რუსულ მხარის წარმოამდგენლებსაც.

შესაძლებელია ნაკლებად სავარაუდო ახსნაც, მონროს და თეოდორ რუზველტის „დიდი ჯოხის“ სახელით ცნობილი რევიზიის მოშველიებით: რუსეთის ხელშეწყობით რუზველტი ცდილობდა ევროპაში პრობლემების შექმნას, რაც ევროპის სახელმწიფოებს დაუკარგავდა ლათინური ამერიკისადმი ინტერესს და აშშ-ს მოქმედებას უფრო შეუზღუდავს გახდიდა. თუმცა, თუკი ეს იდეა მართლაც იდო სსრკ-სთან ფინანსულ ურთიერთობაში, აშშ-ს ეს იდეა რადიკალურად საპირისპიროდ შემოუტრიალდა მე20 საუკუნის მეორე ნახევარში.






მეორე მსოფლიო ომის ლენდ-ლიზის შედეგები: როგორ დაიპყრო სტალინმა რუზველტის დახმარებით აღმოსავლეთ ევროპა


დღეს თითქოსდა არ არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ სსრკ-სთვის ლენდ-ლიზის გარეშე მოკავშირეები მეორე მსოფლიო ომს ვერ მოიგებდნენ. ისტორიკოსების გარკვეული რაოდენობა ამტკიცებს, რომ სსრკ-ს იმხელა წარმოება ჰოქნდა, რომ ლენდ-ლიზი მისთვის არაფერს ნიშნავდა (https://p.dw... https://ww... ). ამის დამწერებს ავიწყდებათ, ან ივიწყებენ იმ ფაქტს, რომ სსრკ-ს სამრეწველო ინდუტრია, რომელიც დიდი რაოდენობით აწარმოებდა საომარ პროდუქციას, აშშ-ს მიერ იყო იმპორტირებული 1924 წლიდან. ანუ, სსრკ არა მარტო იყენებდა ლენდ-ლიზს, მისი საკუთარი საომარი წარმოებაც იმპორტირებულ ამერიკულ ქარხნებში იყო აწყობილი, ამერიკულ ქარხნებში აწყობილი ტანკებით და იარაღით ომობდა. საეჭვოა, რომ ლენდ-ლიზის გარეშე რუსეთს მიეცემოდა ევროპაში ტრიუმფალური სვლის განხორციელების საშუალება. „სსრკ ლენდ-ლიზის გარეშე გამარკვების’ აპოლოგეტებს უბრალოდ ავიწყდებათ ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომამდე რუსეთს ჩაუვარდა ფინეთის და პოლონეთ/დასავლეთ უკრაინის ინტერვენცია.

ბევრი რამ შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ, არ მოხდა. ყოველ შემთხვევაში, 1941 წელს, როდესაც ლენდ-ლიზი დაიწყო, იმდენად მჭიდრო კორუფციული კავშირები უნდა არსებულიყო აშშ ბიზნეს და პოლიტიკურ წრებსა და სსრკ-ს შორის, რომ სხვა სცენარზე ფიქრიც კი შეუძლებელი იყო.

ლენდ-ლიზის პროგრამის განხორციელებისას კორუფციაზე პირდაპირ მიანიშნებს სანდო მოწმე, მონტანაში გრეით-ფოლზის ავიაბაზაზე პროგრამის ავიაგადაზიდვების მიმართულების ლოგისტიკის მთავარი სპეციალისტი ჯორჯ რეისი ჯორდანი. ჯორდანმა რუსებისათვის გადასაგზავნი ტვირთების შესწავლისას აღმოაჩინა საეჭვო დასახელების მასალები და სპეციფიკაციები, რამაც მას უბიძგა უფრო დეტალურად შეესწავლა პროგრამის ფაეგლებში განხორციელებული გადაზიდვების შიგთავსი.

თავის ძიებებისას ჯორდანმა აღმოაჩინა, რომ სსრკ-ში მუხლით „საწარმოო მასალები და პროდუქტები“ იგზავნებოდა შემდეგი სახის პროდუქცია: პორტსიგარები, ქალის ტუჩსაცხები, გრამოფონის ფირფიტები, მუსიკალური ნოტები, თოჯინები, სეიფები, სათევზაო მოწყობილობები, პარფიუმერია, საოჯახო ავეჯი, ქალის საკაბე მანუფაქტურა, ქალისა და კაცის სამკაულები, ქალისა და მამაკაცის მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი, ჩასასმელი კბილები, ძვირფასთვლებიანი საათები, ლიქიორები, ვისკი, სტერეოფონური მუსიკის სასმენი აპარატურა, პიანინოები, ოქროსა და პლატინის ნაკეთობები, და ა.შ. (GEORGE RACEY IORDAN with Richard L. Stokes, “From 4 1 Major Jordan's Dlaries”, HAROOURT, BRACE AND COMPANY, NEW YORK, 1952, 284pp., pp 189-191). ამ პროდუქციის საერთო ღირებულება $3 მლნ, რაც დღევანდელ ფასებში $51 მლნ-ია.

ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც საბჭოეთში უცხოვრია და ახსოვს საბჭოთა საცალო ვაჭრობის თავისებურებები - მიხვდება თუ ვისი ნებართვით, სად, როგორ და რა ფასად შესაძლოა გაყიდულიყო ეს საქონელი. დღეს ამ საქონლის არალეგალური ბრუნვის მოცულობის შეფასება რთულია, მაგრამ სრულიად რეალისტური, მინიმუმ ათმაგი კოეფიციენტის გამოყენება მეტად შთამბეჭდავ შედეგს იძლევა.

ლენდ-ლიზის პროგრამაში პროგრამის ხელმძღვანელისა და რუზველტის უახლოესი ჩინოვნიკის, ჰარი ჰოპკინსის მოთხოვნით და კანონის საწინააღმდეგოდ, რომელიც ფულად დახმარებას კრძალავდა, მაინც გაჩნდა 4 ყოველწლიური ფულადი ტრანში 1942, 1943, 1944, 1945 წლებში. ამ გზავნილების ჯამური მოცულობა $ 88 მლნ დოლარია რაც დღევანდელი კურსით თითქმის $ 1.6 მლრდია. ამერიკაში ფულადი ოპერაცია გაფორმდა როგორც „შემოწირულობა“ და ჩარიცხვა ხორციელდებოდა საზღვარგარეთ საბჭოების ლეგალური ფინანსური აგენტის ВНЕШТОРГБАНК (ამჟამად ВНЕШЭКОНОМБАНК) ანგარიშებზე ბანკს აკონტროლებდა სსრკ-ის საგარეო ვაჭრობის სამინისტრო რომელსაც ანასტას მიქოიანი ხელმძღვანელობდა.

ამრიგად, ამერიკიდან სსრკ-ში არამიზნობრივი დანიშნულებით დღევანდელი ფასებით დაახლოებით $2 მილიარდი მოხვდა, რაც მთლიანი პროგრამის ერთ პროცენტზე ოდნავ მეტია. ვისთან მოხვდა ეს ფული და რა მიზნებით მოხდა მისი გამოყენება - რთული სათქმელია, მაგრამ საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ჰოპკინსი და პროგრამის კურატორი ფინანსთა სამინისტროდან, მინისტრის მოადგილე ჰარი დექსტერ უაითი (შემდგომში მსოფლიო სავცალუტო ფონდის პირველი დირექტორი, სხვადასხვა ბიოგრაფიულ წყაროებში აღწერილი, როგორც სსრკ აგენტი) მათი შრომის სანაცვლოდ სერიოზულ გასამრჯელოს იღებდნენ. სავარაუდოდ ეს თანხა უცხოეთში საბჭოთა ფინანსური აგენტის, ВНЕШТОРГБАНК-ის შესაბამის ანგარიშებზე უნდა ასახულიყო.

რეზიუმეს სახით შეგვიძლია ვამტკიცოთ ის, რაც დამალულია დღევანელი ჰედლაინებიდან: სწორედ ამერიკული დახმარება იყო, 1924 წლიდან მოყოლებული, რომლის გამოყენებითაც სსრკ-მ დაიპყრო აღმოსავლეთ ევროპა და გახდა სუპერ-ძალა. ანუ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა რუზველტის და აშშ ბიზნესმენების ინტერესი სსრკ-სთან ურთიერთობაში, არც სსრკ გახდებოდა სუპერ-ძალა და არც ვარშავის ბლოკი შეიქმნებოდა.

შედეგად, აშშ ნამდვილად ვალშია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთანაც, რომლის დაპყრობაც სსრკ-მ სწორედ მეორე მსოფლიო ომის პროცესში მოახერხა ისევ და ისევ მოკავშირეების მიერ მიწოდებული იარაღით, ნედლეულით და დახმარებით.

ცნობილია ისიც, რომ ჩერჩილი მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სსრკ-სთან აპირებდა ომის დაწყებას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაპყრობის გამო, თუმცა, ვერ მიიღო ვერანაირი მხარდაჭერა აშშ-სგან.

ანუ, კიდევ უფრო ცხადი რომ გავხადოთ, რა მივიღეთ ვუდრო ვილსონის პრინიციპებზე უარის თქმით და სსრკ-სთან „ეკონომიკური“ ურთიერთობებით: გარდა იმისა, რომ სსრკ-ს მიერ დაპყრობილ ხალხებს ძალიან დიდი ხნით გადაეწურათ დამოუკიდებლობის იმედი, სსრკ-ს გავლენის სფეროში მთელი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ნაწილი მოექცა. რამაც შედეგად მოიტანა მსოფლიოს გავლენის ორ სფეროდ დაყოფა, ევროპის ხალხების ტანჯვა და დამცირება.

სსრკ წარმატებულად იყენებდა ამერიკელების დახმარებით მოწყობილ ინდუსტრიალიზაციას და მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში მოახერა აზიის ქვეყნების უმეტესობის აშშ-ს გავლენიდან ჩამოშორება. სხვა საკითხია, რომ საბოლოოდ ვერ მიიმხრო ისინი, მაგრამ ამ პროცესმა ძალიან აურია იმდროინდელი მსოფლიო. ისიც საგულისხმოა, რომ სსრკ-ს ელიტას სულაც არ სჭირდებოდა ერთგული ქვეყნები: საკმარისი იყო ამ ქვეყნებში ვითარების არევა და შედეგად - წარმატებული კორუფციული კავშირები.

1945 წელს, როდესაც ტრუმენი მიხვდა, რომ ლენდ-ლიზი აღმოსავლეთ ევროპის დასაპყრობად გამოიყენებოდა, შეწყვიტა პროგრამა და იაპონიაში ატომური ბომბის ჩამოგდებით მკაცრად გააფრთხილა სსრკ აღარ გაეგრძლებინათ „საბჭოთა იარაღის“ ტრიუმფალური სვლა. სსრკ აპირებდა თურქეთში შეჭრას, თუმცა, ამის შემდეგ გადაიფიქრა.



რუზველტი, ტრუმენი და ატომური ბომბი


1942 წლის მაისში პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი და ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში ბიზნემენი მაიორი ჯორჯ რეისი ჯორდანი გამოიძახეს ამერიკის შეიარაღებულ ძალებში. ის მიავლინეს ჯერ ნიუ არკის (ნიუ ჯერსი) აეროპორტში, ხოლო მალევე გადაიყვანეს მონტანაში განთავსებულ გრეით ფოლზის ავიაბაზაზე. ჯორდანი - საჰაერო ტრანსპორტის ლოგისტიკის სპეციალისტი დაინიშნა საბჭოთა კავშირისათვის სამხედრო დახმარების (ე.წ. ლენდ-ლიზის) პროგრამის საჰაერო გადაზიდვების კომენდანტად. გრეით ფოლზის ბაზა სსრკ-ში ალასკის გავლით საჰაერო გადაზდვების ცენტრალური ჰაბი იყო.

ჯორდანი თავის საქმიანობაში თანამშრომლობდა იმავე ბაზაზე რუსული მხარის კომენდანტთან, პოლკოვნიკ კოტიკოვთან. ლენდ-ლიზის პროგრამის ხელმძღვანელი ამერიკული მხრიდან იყო პრეზიდენტ რუზველტის პირადი მეგობარი და მისი ადმინისტრაციიდან პრეზიდენტთან ყველაზე დაახლოვებული პირი ჰარი ჰოპკინსი. სსრკ-ის მხრიდან ამერიკული მხარისათვის შეკვეთების განთავსებასა და ტვირთების მიღებაზე პასუხისმგებელი იყო სტალინის ერთერთი მინისტრი და მასთან დაახლოვებული პირი ანასტას მიქოიანი.

მაიორი ჯორდანი თავის საქმიანობაში წააწყდა უცნაურობებს, რომელმაც მასში ეჭვები გააჩინა გადასაზიდი ტვირთების ნაწილის ხასიათთან დაკავშირებით. კერძოდ, გრეით ფოლზის ბაზიდან სსრკ-ის მიმართულებით მიემართებოდა იშვიათმიწა ლითონების (ურანი, კადმიუმი, ცეზიუმი, სტრონციუმი), გრაფიტის და ალუმინის მილების მსხვილი პარტიები. ქიმიური და ფიზიკური ფორმულებით სავსე დოკუმენტაციის ტომები. ჯორდანმა რამდენჯერმე სცადა თავისი ეჭვები ზემდგომებისათვის გაეზიარებინა, მაგრამ უშედეგოდ - მის დაჟინებას მოჰყვა ჰოპკინსისგან სატელეფონო ზარი: ჰოპკინსი ჯორდანისგან მოითხოვდა შეესრულებინა ბრძანებები და ცხვირი არ ჩაეყო სამსახურეობრივად მის კომპეტენციის გარეთ მყოფ საქმეებში.

მხოლოდ ლენდ-ლიზის პროგრამიდან წამოსვლის შემდეგ, 1945 წლის აგვისტოში ხიროსიმისა და ნაგასაკის ატომური ბომბარდირების შემდეგ მიხვდა ჯორდანი ხსენებული ტვირთების დანიშნულებას და დააინიცირა ამ საკითხის გამოძიების დაწყება ჯერ აშშ-ის სენატში და მოგვიანებით გამოძიების ფედერალურ ბიუროში.

პარალელურად, ჯორდანმა დაიწყო ლენდ ლიზის მთელი პროგრამის შესწავლა, რისთვისაც გამოიყენა როგორც ამერიკული, ასევე რუსული წყაროებიც, ვინაიდან რუს ოფიცრებთან პირადი კარგი ურთიერთობის წყალობით მოახერხა მათგან საკმაოდ დეტალური ინფორმაციის მიღება. ამის გარდა, ჯორდანმა გამოიყენა მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის ასლები, საკუთარი საქმიანი ჩანაწერები და მოგვცა ამ პროგრამის სრული და მოულოდნელობებით აღსავსე აღწერილობა.

თავის მოგონებებში ჯორდანს პროგრამის ჩამონათვალთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა დაებადა, რომელთაგან ზოგიერთს თავად გასცა პასუხი. ზოგიერთ შეკითხვაზე კი მას პასუხი ვერ ექნებოდა, ვინაიდან ამერიკელი ვეტერანი არ იცნობდა საბჭოთა კავშირის შიდა სამზარეულოს, სსრკ-ის ეკონომიკის ფუნქციონირების და მასში კორუფციის არსებობის ფორმებს.

მთლიანად პროგრამის მოცულობა იყო $9,477,666,000, რაც დღევანდელ რიცხვებში დაახლოებით $160 მლრდ-ია.

პირველი, რაც თვალში საცემია, ის რომ ლენდ-ლიზის პროგრამის მთელ მოცულობაში პირდაპირ სამხედრო დახმარებას უკავია ნაკლები წილი ვიდრე სხვა ტიპის დახმარებას. კერძოდ, პირდაპირმა სამხედრო დახმარებამ შეადგინა $4,651,582,000 (დღეს $79 მლრდ), ხოლო „არასამხედრო“ დახმარებამ $4,826,084,009 (დღეს $81 მლრდ).

სამხედრო დახმარება მოიცავდა საჰაერო ხომალდებსა და ნაწილებს ($1.652 მლრდ, დღეს $28 მლრდ), ავტომობილებსა და ნაწილებს ($1.410 მლრდ, დღეს $24 მლრდ), საბრძოლო მასალები და ამუნიცია ($814,5 მლნ დღეს $14 მლრდ), ტანკები და ნაწილები ($478 მლნ, დღეს $8 მლრდ), საზღვაო ხომალდები და სხვა საწყალოსნო საშუალებები ($ 295 მლნ, დღეს $5 მლრდ).

„არასამხედრო“ დახმარების პროგრამა შედგებოდა სამი ნაწილისაგან: ნავთობპროდუქტები ($ 111 მლნ, დღეს $2 მლრდ), სასოფლო-სამეურნეო/სასურსათო პროდუქცია ($1.674 მლრდ, დღეს $28 მლრდ) და საწარმოო მასალები და პროდუქტები ($3 მლრდ, დღეს $51 მლრდ).

ბოლო პოზიცია მოიცავდა ელექტროგაყვანილობის სისტემებს, რამდენიმე ჩარხმშენებელ და კვების მრექველობის ქარხანას. თუმცა, სწორედ ამ მუხლით მიედინებოდა ამერიკული ბირთვული პროგრამისათვის აუცილებელი სრულიად საიდუმლო მასალები (ურანი, პლუტონიუმი, კადმიუმი, მძიმე წყალი, თორიუმი, სტრონციუმი და ა.შ.), რომლებიც შემდეგ საბჭოთა ატომურ პროგრამაში განხორციელდა.

თვალსაჩინოა, რომ ბირთვული ბომბისთვის აუცილებელი მასალები ამერიკიდან სსრკ-ში ვერ მოხვდებოდა ამერიკულ მხარის გავლენიანი პირების გარეშე. ასეთები კი ხსენებული ჰარი ჰოპკინსის გარდა იყვნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე და პროგრამის კურატორი ამ სამინისტროდან ჰარი დექსტერ უაითი და ამერიკის პრეზიდენტის კიდევ ერთი მრჩეველი საბჭოეთის საკითხებში ელჯერ ჰისი.

ჰისის ჯაშუშობა დადასტურდა და ის ამხილა ნებაყოფლობით ჩაბარებულმა ყოფილმა საბჭოთა აგენტმა უაიტეკერ ჩემბერსმა და ჰისი 1948-ში დაიჭირეს. აღსანიშნავია რომ ჩემბერსი ასევე ხელს ადებდა ჰოპკინსსა და უაითს, მაგრამ გამოძიების ფედერალური ბიურო როგორც ჩანს ვერ ბედავდა რუზველტთან ასე დაახლოვებული პირების პასუხისგებაში მიცემას. თვალსაჩინოა რომ ჰოპკინსიცა და უაითიც ომის დასრულების შემდეგ მალევე გარდაიცვალნენ და ორივე საეჭვო ვითარებაში. სავარაუდოდ, საბჭოთა სპეცამსახურებმა ჰოპკინსიცა და უაითიც ჩუმად მოიშორეს, მითუმეტეს რომ ჰარი ტრუმენის ადმინისტრაციაში ისინი უკვე ვეღარ ფლობდნენ იმ ინფორმაციასა და ბერკეტებს რაც მათ შემდგომ „წარმატებულ“ საქმიანობას უზრუნველჰყოფდა.

ამრიგად, მსოფლიოს ისტორიაში დახმარების ყველაზე დიდი პროგრამა ამერიკის სტრატეგიულ პოზიციებს უთხრიდა ძირს და ამის მიზეზი პროგრამის ხელმძღვანელების მსოფლმხედველობასთან ერთად სავარაუდო კორუფციული ინტერესიც იყო.

მიდიოდა თუ არა ეს ინტერესი რუზველტთან? რთული სათქმელია. თუმცა, ხსენებულ ამბებზე დაწყებული საპარლამენტო მოსმენების დროს ერთერთ ეპიზოდთან დაკავშირებით „მანჰეტენის პროექტის“ (ამერიკის ბირთვული ბომბის პროგრამა) მეთაურს გენერალ ლესლი გროვსს საინტერესო შეკითხვა დაუსვეს - როგორ აღმოჩნდა მის მიერ ხელმოწერილი უაღრესად საიდუმლო დოკუმენტაცია რუსულ დიპლომატიურ ფოსტაში (ფოსტა ჯორდანმა გახსნა და ეს დოკუმენტაცია მან აღმოაჩინა)? გროვსმა უპასუხა რომ იყო ზემდგომის ბრძანება. დამატებით შეკითახვაზე - იყო თუ არა ეს ზემდგომი ჰოპკინსი, გროვსმა უპასუხა რომ ჰოპკინსზე უფრო მაღალი რანგის მოხელისაგან ჰქონდა ეს ბრძანება. გროვსმა თავი შეიკავა გვარის დასახელებისაგან, თუმცა დამსწრეთაგან ეჭვიც კი არავის შეჰპარვია, რომ ჰოპკინსზე უფრო მაღალი რანგის მოხელეში მხოლოდ პრეზიდენტი რუზველტი იგულისხმებოდა. (GEORGE RACEY IORDAN with Richard L. Stokes, “From 4 1 Major Jordan's Dlaries”, HAROOURT, BRACE AND COMPANY, NEW YORK, 1952, 284pp.).

ასევე, არის კვლევები, რომელიც ვარაუდობს აშშ მონაწილეობას სსრკ-ს მიერ წყალბადის ბომბის შექმნაშიც (Richard Rhodes, Dark Sun: The Making of the Hydrogen Bomb, 1996).




პოსტ-მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მსოფლიო


თუმცა, სსრკ ელიტას სრულიად არ გადაუფიქრებია გამდიდრება „მესამე სამყაროს“ ქვეყნებში სოციალიზმის ინსტალირებით: ბუნებრივი რესურსები კარგად იყიდებოდა, რაც, მე20 საუკუნის შუა წლებისათვის ქმნიდა ფაქტიურად უსასრულო რესურსს რევოლუციებისთვის და გადატრიალებებისათვის: მე20 საუკუნის 60-70იან წლებში აზიის და აფრიკის ბევრ ქვეყანაში ხელისუფლებაში მარქსისტულ-ლენინსტური რეჟიმები მოვიდნენ (https://history.state.gov, Communism, Marxist-Leninism, and Socialism in Africa, Edmond J. Keller, https://jmw.typepad.com).

რესურსების გაყიდვით და მესამე სამყაროს ქვეყნებიდან რესურსების ამოქაჩვით მიღებულ ფულს სსრკ აშშ-საც „ახმარდა“: აშშ სამოქალაო აქტივისტები და ვიეტნამის ომის მოწინააღმდეგეებმა ხშირად არც იცოდნენ, საიდან მოდიოდა მათი აქტიობების დაფინანსება ( John Kohan, "The KGB: Eyes of the Kremlin", Time, 14 February 1983., Stanislav Lunev, Through the Eyes of the Enemy: The Autobiography of Stanislav Lunev, Regnery Publishing, Inc., 1998., Pete Earley, Comrade J: The Untold Secrets of Russia's Master Spy in America After the End of the Cold War, Penguin Books, 2007,)

პარალელურად, აშშ-ში ჩნდებოდნენ ინტელექტუალები, რომლებიც სსრკ-სთან დათბობის/დათმობის პოლიტიკის ადეპტები იყვნენ. 60იან წლებში, მემარცხენენ მოძრაობებთან ერთად ეს ტენდენცია კოლეჯებს და უნივერსიტეტებს მასიურად მოედო: იდეა, როგორც ვნახეთ მცდარი, რაც რეალპოლიტიკას ედო, შემდეგია: ეს ინტელექტუალების ცდილობდნენ ისე დაეხატათ მსოფლიო ვითარება, თითქოს ორპოლუსიანობა მუდმივი, თავისთავად შექმნილი მოცემულობაა, და არა აშშ-ს ხელშეწყობილი და ლამის დამყარებული სისტემა.

ცალკე განსახილველი ამბავია პოლიტიკისათვის და ბიზნესისათვის შექმნილი საკონსულტაციო სისტემა, რომელიც აშშ-ში დაიბადა: კონსულტაციებისათვის, განსაკუთრებით აშშ ყოფილი ადმინისტრაციის და მთავრობის წევრებისგან მისაღებ რჩევებში ძალიან დიდი ფული იხარჯება მსოფლიო მასტაბით. თან ეს თანხა განუზომლად აღემატება პროფრსიონალების (დარგის ექპერტები, მეცნიერები) კონსულტაციებისათვის განკუთვნილ საზღაურს. არც ისაა დამალული, რომ ეს, მაღალანაზღაურებადი კონსულტაციები ძირითადად მესამე ქვეყნებში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ამ კონსულტაციების ნაწილი მართლაც მნიშვნელოვანია და ემთხვევა TERMS OF REFERENCE-ს, მაგრამ, კონსულტაციების და ლექციების საფასურის ძალიან დიდი ოდენობა, ცხადია, კორუფციის და კანონმდებლობების ავლის ეჭვს ბადებს.



რატომ არის აშშ უკრაინასთან და ევროპასთან ვალში


დღეს ხშირად გვესმის, რომ აშშ კონგრესმენები და მოლაპარაკე თავები ხშირად ამბობენ, რომ ისინი არ უნდა ჩაერიონ რუსეთ-უკრაინის ომში, რომ ეს მათი ომი არაა, რომ აშშ გადასახადის გადამხდელთა ფული უნდა მოხმარდეს არა უკრაინაში გასაგზავნ იარაღს, არამედ, აშშ შიდა პრობლემებს. და ა.შ.

მაგრამ, ასე მარტივად არაა საქმე. დღეს უკრაინა-რუსეთის ომი სწორედ იმიტომ მიმდინარეობს, რომ 1945 წელს მოკავშირეებმა ხელი შეუწყვეს უკრაინის სსრკ-ს ფარგლებში მოქცევას იმ ეკონომიკური და სამხედრო დახმარებით, რომელსაც ისინი სსრკ-ს ლენდლიზით და ლენდლიზამდე უწევდნენ.

რომ არა ლენდ-ლიზი და მანამდელი ეკონომიკური დახმარება სსრკ-სთვის, ნამდვილად არ ვიცით, როგორ წარიმართებოდა მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ, უკრაინა ნამდვილად არ იქნებოდა სსრკ-ს ფარგლებში. თან გაითვალისწინეთ, რომ ლენდ-ლიზი სსრკ-სთვის იყო არა ომის აუცილებლობით ნაკარნახევი აქტი (იგივე, თუ უკეთესს შედეგს არ მოიტანდა ეს დახმარება, ბრიტანეთზე და სხვა მოკავშრეებზე რომ გადანაწილებულიყო), არამედ, რუზველტის პოლიტიკური გადაწყვეტილება. შემდეგ, წლების განმავლობაში ამ პოლიტიკურმა გადაწყეტილებამ აღმოსავლეთ ევროპაში და არა მარტო, ადამიანების ტანჯვა და განადგურება მოიტანა და მოაქვს.

ასე რომ, იმ ტანჯვზე, რაც უკრაინის ხალხმა 1945 წლის შემდეგ გადაიტანა, მნიშნვნელოვანი პასუხიმგებელი აშშ-ა: 1941 წლამდე წელიწადში 80-90 მილიონის ინდუსტრიალიზაციისათვის საჭირო აღჭურვილობა და 1941 წლის შემდეგ 11 მილიარდის ღირებულების შეიარაღება და რესურსები სწორედ აშშ-მ მიაწოდა სსრკ-ს რუზველტის გადაწყვეტილების საფუძველზე.

ისიც არ არის სათვალავიდან წასაშლელი, რომ საბჭოთა ჯარის ევროპაში მსვლელობით აშშ-მ დაუშვა ევროპელი ხალხების უპრეცენდენტო მასშტაბის დამცირება და დაჩაგვრა - მხოლოდ ბოლო დროს გახდა ცნობილი, რას სჩადიოდნენ „განმანთავისუფლებელი“ ჯარისკაცები ევროპის ტერიტორიაზე.

ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიმდინარე ომში აშშ „ამაზონიც“ უნდა იყოს და „უბერიც“, რომ გამოისყიდოს ის დანაშაული, რომელიც მათ უკრაინის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხების მიმართ ჩაიდინეს (https://you..) .

რეიგანი და ვუდრო ვილსონის დაბრუნება


რეიგანი პირველი იყო ამერიკის პრეზიდენტების წყებაში, ვინც სსრკ კვლავ გამოაცხადა ბოროტების იმპერიად და მისი დაშლა დასახა მიზნად. თითქოს ვილსონის იდეები გაცოცხლდნენ, რომელიც თანასწორ ვაჭრობას და ერების თვითგამორკვევას ადვოკატირებდა, ინტერესების სფეროების და ნახევარსფეროების დანაწილების მაგივრად.

რეიგანის დროს აშშ ექსპორტ-იმპორტის შეფარდება უარყოფითი იყო: აშშ მეტს ყიდულობდა საზღვარგარეთიდან, ვიდრე ყიდდა. ამიტომ, რეიგანისთვის ადვილი იყო კონკურენცია შეეთავაზებინა მათთვის, ვინც აშშ-სთვის პროდუქციას ამზადებდა. უპირველეს ყოვლისა, მან ეს პრინციპი გამოიყენა ნავთობის და გაზის ფასების მიმართ, რომელიც ძალიან მაღალი იყო და ამით რუსეთს უქმნიდა ტერორიზმის დაფინანსების უსაზღვრო პოტენციალს.

რეიგანმა საუდის არაბეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებით მიაღწია ნავთობის ფასების უპრეცენდენტო კლებას, რითაც სსრკ-ს ეკონოიმიკური კოლაფსი გამოიწვია.

მნიშვნელოვანია, რომ პუტინამდე, სანამ ისევ დაიწყებოდა ნავთობზე ფასების ზრდა, საერთაშორისო ტერორიზმი მაინდამაინც ვერ ყვაოდა მსოფლიოში: რუსეთი მხოლოდ ახლო სამეზობლოში იფარგლებოდა სამხედრო ოპერაციებით და მათი დაფინანსებით.

რეიგანის პოლიტიკამ ვუდრო ვილსონის იდეების ნაწილობრივი შესრულება მოახერხა: რუსეთის დაპყრობილი ერები განთავისუფლდნენ, ჩამოყალიბდნენ სახელმწიფოებად. თუმცა, რუსეთი კვლავ ცდილობდა „თავისი მონრო“ გაეკეთებინა ევრაზიაში და ამერიკელები და ბრიტანელები დაერწმუნებინა, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირი მისი ინტერესების სფეროა.



რეიგანის შემდეგ. რა პოლიტიკა ჩამოყალიბდა აშშ-ში ევროპის მიმართ


რაც მოხდა სსრკ-ს დანგრევის შემდეგ, თითქოს, ლოგიკის საწინააღმდეგოა. იმის მაგივრად, რომ რუსეთისთვის გამოერთმიათ ატომური შეიარაღება და აეკრძალათ ექსპანსია, აშშ ვოდევილის სულელი პერსონაჟივით მოიქცა: დაუტოვა ატომური იარაღი რუსეთს და მეზობლების ტერიტორიაზე ექსპანსიის უფლება მისცა.

ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყველა ამ მოქმედებაში კონკრეტული კორუფციული ინტერესი იყო. მაგრამ, ყველა ეს მოქმედება განპირობებული იყო იმ ისტორიული ნაბიჯით, რომელმაც ‘ამტორგი’ შექმნა, ლენდ-ლიზი სსრკ-ზე მიმართა და შემდეგ, თვით აშშ-ს მიერ შემქნილი ორპოლუსიანი სამყაროს გამართლებით: იმის მაგივრად, რომ რუსეთისთვის წაერთმიათ ატომური იარაღი, ატომური იარაღი უკრაინას გამოართვეს, ტერიტორიული მთლიანობის გარანტიით (რომელიც, 2014-ში არცერთმა გარანტორმა არ დაიცვა). ყველამ თვალი დახუჭა ყარაბახის, დნესტრისპირეთის და აფაზეთ-ოსეთის ანექსიაზე, და ამის ერთადერთი გამართლება, ცხადია, თვითონ აშშ დემოკრატების მიერ შექმნილი მითის კორპუსი იყო - სამყაროს პოლიტიკურ ორპოლუსიანობაზე და რუსეთის მონროსეულ ინტერესებზე.

ჩვენ ცოცხლად გვინახავს ევროპელი ინტელექტუალები, რომლებიც სრულიად ჭკვიანური და მრავლისმცოდნე სახით გვიმტკიცებდნენ, რომ აღმოსავლეთ ევროპა რუსეთის ინტერესების სფეროა და ეს ისტორიული აუცილებლობაა.

საბოლოოდ, შემდეგი გლობალურ-ისტორიული სურათი მივიღეთ: აშშ საგარეო პოლიტიკა - დაეხმარა რუსეთს ჩამოყალიბებულიყო სუპერ-სახელმწიფოდ. შემდეგ, ამ სუპერ-სახელმწიფოებრიობას აშშ პოლიტიკოსები/ინტელექტუალები მუდმივად იყენებდნენ რუსეთის მიმართ დათმობების გასასამართლებლად. შედეგად, მივიღეთ ის არეული ვითარება, რაც ევრაზიაშია (იხ. https://alor.org/Storage...).

ვერ იტყვი, რომ ამ პროცესის მსხვერპლი და აგენტები რომელიმე პარტიაა აშშ-ში: მამა-შვილი ბუშები არანაკლებად იყვნენ ამ „თანამედროვე მონროს“ ტყვეობაში: ამით აიხსნება მათი ბუნდოვანი პოლიტიკა ახალი დემოკრატიული ქვეყნების მიმართ პოსტ-საბჭოთა დროში: თეთრი სახლის ადმინისტრაციის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მათ კრიზისულ პერიოდებში მიიღეს, საბოლოოდ რუსეთის ინტერესების სამსახურში ჩადგა.

თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, არის თუ არა აშშ ვალში იმ ადამიანებთან, ვის წამებასაც რუსეთი დღემდე განაგრძობს.

რატომ არის აშშ ასეთი წარმატებული ქვეყანა ასეთი საგარეო ორპოლუსიანობის სიმულაციის მიუხედავად


მთელი ეს წერილი და მსჯელობა იმის შესახებაა, რამდენადაა მცდარი აშშ ევროპული პოლიტიკა მე20 საუკუნეში და მხოლოდ რამდენიმე გამონათებაა, რომელიც აბრუნებს ქვეყანას დამფუძნებლების იდეალებთან: დემოკრატიასთან, თავისუფლებასთან და თანასწორობასთან.

ბუნებრივია, ამის შემდეგ ლოგიკური კითხვაა ის, რაც ამ თავის სათაურშია გამოტანილი. მართლაც, როგორ და რატომ არის ეს ქვეყანა ყველზე წარმატებული ეკონომიკურად, თუკი საგარეო პოლიტიკაში ამდენი ჩავარდნაა?

პასუხი ზედაპირზეა: აშშ საგარეო პოლიტიკა ძალიან ცოტა გავლენას ახდენს შტატების ეკონომიკაზე და პოლიტიკაზე: სწორედ აშშ მოწყობის გამო, შტატები თვითკმარი ეკონომიკურ-სოციალური ერთეულები არიან, რომლებიც საკუთარ პოლიტიკას ეწევიან, ფედერალური მთავრობის ზედამხედველობის გარეშე. ეს მათ აძლევს საშუალებას იყვნენ ეკონომიკურად ძლიერები და არ იყვნენ დამოკიდებულები საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე.

მეორე მიზეზი ისაა, რომ ახლა, იმ პერიოდში, როდესაც აშშ-ს სულ უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტი გააქვს ექსპორტზე და ორიენტირებულია იმპორტის ზრდაზე, საგარეო პოლიტიკა უმნიშვნელოა. ამ შემთხვევაში ამერიკის პრეზიდენტები უფლებამოსილნი არიან საკუთარი ნების მიხედვით შეარჩიონ იმპორტიორი ქვეყნები და ნაკლებად მიაქციონ ყურადღება დემოკრატიის და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს მსოფლიოში.

მაგრამ, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ აშშ-ს ამომრჩეველში სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა იმაზე, რომ წარმოება დაბრუნდეს აშშ-ში, უახლოეს წლებში ძალიან მნიშვნელოვანი გახდება, ვის და როგორ უნდა ევაჭროს აშშ: ამ შემთხვევაში ვუდრო ვილსონის პრინციპები კვლავ მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი გახდება.


დღეს: უკრაინა და მსოფლიოს მომავალი


ვფიქრობთ, დღეს საბოლოოდ დადგა ის დღე, როდესაც აშშ-მ უნდა უარი სთქვას მის მიერ სიმულირებულ საგარეო პოლიტიკაზე. კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რას ნიშნავს ეს:

რომ არა აშშ, სსრკ არ მიიღებდა აშშ-სგან იარაღს და იარაღის საწარმოებელ რესურსებს, რომელიც მისცემდა მას საშუალებას მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაეპყრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები და შეენარჩუნებინა ისინი 70 წლის განმავლობაში, როგორც თოჯინა-რეჟიმები;

ამ მოქმედებით აშშ-მ შექმნა მსოფლიო ორპოლუსიანობის ქიმერა, რომელიც აძლევდა და აძლევს მის ბიუროკრატებს საშუალებას შეზღუდოს თავისუფალი ვაჭრობა და ბაზარი მსოფლიოში კონკრეტული, პირადი სარგებლის მიღების მიზნით: თავისუფალი ვაჭრობის და დემოკრატიის შეზღუდვა არის კორუფციული გარიგებების დადების საუკეთესო გზა.

როდესაც აშშ საგარეო პოლიტიკა უარს იტყვის ამ მონრო-ჰუვერ-რუზველტისეულ პრინციპებზე, აღმოჩნდება, რომ არც რუსეთია რამენაირი მეორე პოლუსი და არც ევროპა და უკრაინაა მისი მძევალი. მით უმეტეს, სასაცილო იქნება რუსეთის აზიაზე რამანაირ გავლენაზე საუბარი.

იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი მცდელობები აღდგეს ორპოლუსიანობა და რუსეთს ჩინეთი ჩაენაცვლოს, არ იქნება წარმატებული. ეს არა მარტო აქტორების, ამ შემთხვევაში აშშ-ს პოლიტიკოსების საღ აზრზეა დამოკიდებული: თუკი აშშ გაზრდის შიდა წარმოებას, მისთვის ეკონომიკურად ძალიან წამგებიანი იქნება ორპოლუსიანი სამყარო.

ვფიქრობთ, ამ, ორპოლუსიანობის სიმულაციიდან მსოფლიო პოლიტიკის განთავისუფლების დროა: შედეგად, სწორედ ის დემოკრატია და თავისუფალი ბაზარი ჩამოყალიბდება ევროპაში, რომელიც, თავის მხრივ, აუცილებელია იმ პოლიტიკის წარმატებისათვის, რაც აშშ-ში სამუშაო ადგილების ზრდას და წარმოების დაბრუნებას გულისხმობს.

[1] დეკონსტრუქცია - მოვლენის, ამბის დაშლა/ანალიზი მისი მიზეზების და საფუძვლების მიგნებამდე;


ამ სტატიის/წიგნის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ

letter-to-americans-last-11112023-GEO
.pdf
Download PDF • 405KB



კრიტიკული აზროვნების სკოლის ახალი წიგნი უკვე ხელმისაწვდომია


სახელმძღვანელოს ავტორი კრიტიკული აზროვნების სკოლის დამფუძნებელია ნინი ჭაჭია - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, საერთაშორისო სერტიფიცირებული ქოყჩი, NLP ოსტატი.

ეს არის წიგნი/სახელმძღვანელო, სადაც დაგხვდებათ:

19 ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებისათვის; 2 ტესტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ პიროვნული საზღვრებისა და ასერტული ქცევის მაჩვენებელი; 14 წერილი სადაც განხილულია ბედნიერი, წარმატებული და ჰარმონიული ცხოვრების კონსტუირებისათვის გასათვალისწინებელი საკითხები და მეთოდები;


სახელმძღვანელო 2 ნაწილისაგან, 2 წიგნისაგან შედგება: I ნაწილი - „თვითრეფლექსიის მეგზური“; II ნაწილი - სამუშაო რვეული - თვითრეფლექსიის ა(მ)ბები“;


წიგნების სრული კომპლექტის ღირებულება 45 ლარია და მისი შეძენა ონლაინ ახლავე შეგიძლიათ ჩვენი ფეიბუქის გვერდიდან. - https://www.facebook.com/schoolofcriticalthinking/

წიგნი გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე თბილისში წიგნებს მიიღებთ 3 სამუშაო დღეში - მიწოდება უფასოა, რეგიონებში მიიღებთ 7 სამუშაო დღეში - მიწოდების დამატებითი ღირებულებაა 5 ლარი, დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 595 75 11 22. კეთილი იყოს თქვენი ფეხი თვითრეფლექსიის საოცრებათა სამყაროში!

bottom of page