top of page

თინათინ ქავთარაძე: #ქალებისათვის_7


მეორე ბავშვიც უნდა გააჩინო, დედისერთა ცოდოა.

ქართული სიბრძნე


ჩემი დედამთილი, მისი ხსოვნა-არ დავიწყება იყოს, ყოველთვის მეხმარებოდა. აი, ბავშვი რო გავაჩინე, ბეჩავი, სულ უძილო იყო. ვეუბნებოდა: დაიძინე შვილო, მე გავუთენებო. კარგია, რო ხელოვნურზე მყავდა. უთენებდა და მე მეძინა. მარა, იცი რა არი? არ გამოდის ეგრე: დახმარებას თუ მიაჩვევ ადამიანს და შენს გვერდით ყოფნას აუცილებლად გაუხდი, თავის ცხოვრებას დაკარგავს და გაბოროტდება. მერე იფიქრებს, რო შენ ცხოვრებაში ჩარევაც შეუძლია და ყველაფერი, ოთახის კარს შემოგიღებს დაუკითხავად, ამიტო შენ ფეხზე მყარად უნდა იდგე, რო იქეთ დაეხმარო მასაც და სხვებსაც.


თანასოფლელის მონათხრობიდან.


მე უკვე დიდი ვარ. პროფესიაც ავირჩიე და კიდეც ვმუშაობ. პირველი შვილი 22 წლისამ გავაჩინე. არ იყო ადვილი. თავიდან, რაღაცნაირი რომანტიკა მოიტანა. მის მიმიკებს ვაკვირდებოდი, წამიერად ეცვლებოდა. ხელ-ფეხს იქნევდა გუჩერებლად, თან ისე სინქრონულად, ვერაფრით ვხვდებოდი, რა ხდება მის, ან ჩემს თავს, მისი ტირილიც მომწონდა და ძალიან ვიხუტებდი, მაგრად და მტკიცედ, სანამ თავში არ გამიელვა, რომ შეიძლება მისთვის საშიში იყოს. ჰო, ნელ-ნელა ჩამოვყალიბდი მასზე მზრნველ არსებად, თავიდან ის უბრალოდ სათამაშო იყო ჩემთვის. სახლობანას თამაშის რაღაცნაირი ელფერი დაყვებოდა ამ ჩვილ პატარას, ჩემი ბავშობის მოგონება. რეზიკო რომ მიყვარდა, მაშინ და ვოცნებობდი, შვილი გვყოლოდა. ეჰ, დიდი დრო გავიდა რეზიკოს მერე, ოცნებების მერე. ახლა მიზანს ვისახავ, უფრო სწორად, მიზნებს. დედაჩემმა მითხრა, შენი თავი უნდა გააუქმო, რომ შენი შვილი ბედნიერი იყოსო. დედამთილმა დამარიგა, რომ ახლა ჩემი შვილის კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი და თავი ამისთვის უნდა გავწირო. ოცი დღე მისი დაბადებიდან, ვფიქრობდი, რომ თავის გაწირვაც, გადადებაც და უფრო მეტიც - გამოცვლა მინდა, თუმცა ოცდამეერთე დღეს აჯანყდა ჩემი ორგანიკა. ისე მძაფრად, რომ გარეთ გასვლისა და დაქალებთან უსაგნო ჭორაობის მეტი აღარაფერი მინდოდა. თავიდან ვერ გავრისკე ბავშვის დატოვება, თუმცა ოცდამესამე დღეს ძალა გამომეცალა. როგორ მივხვდი? ნინო ხარატიშვილის რომანს ვკითხულობდი “ჩემი მშვენიერი ორეული”, წიგნი საპირფარეშოშიც შემქონდა, იატაკების წმენდასა და შვილისთვის ბოთლის გაცხელებას შორისაც ვკითხულობდი. ყველგან და ყოველთვის. ვკითხულობდი ტკივილიან, განუზომელ სიყვარულზე და არ მინდოდა დაჯერება, რომ ეს აღარ მექნება, რომ მე უნდა მოვკვდე ამ ბავშვისა და მისი მამის გამო, საკუთარი თავი გვერდით გადავდო. უარი ვთქვა სხვა სიყვარულზე, სხვა ილუზიებზე. დავივიწყო, რომ სახლობანას გარდა სხვა თამაშებიც არსებობს. დიდი გზა გავიარე იქამდე, სანამ გამბედაობას მოვიკრებდი და უარს ვიტყოდი საკუთარი თავის გაუქმებასა და ბედნიერებისკენ სწრაფვაზე. დიახ, რომ არა გამბედაობა მეც სხვა ქალებივით ჩავიკარგებოდი დედისა და დედამთილის, მამისა და მამამთილის, ქმრისა და შვილების მოვლაში, სადღესასწაულო სუფრების ალაგებ-დალაგებაში, გამორეტიანებულ მორჩლებაში.



მეორედ რომ გავთხოვდი, ვფიქრობდი ბავშვს აღარ გავაჩენ-მეთქი, მაგრამ ჩემს ქმარს შევატყე, უნდოდა. საზოგადოება თავისას ითხოვს. მისთვის მეორე ქორწინება იყო და თავის მოსაწონებლად უნდა გაგვეჩინა. წამლებსაც სვამდა, განა არ მახსოვს? უნდოდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ კიდევ შეუძლია. თან იქნებ ბიჭი გვყოლოდა? ჰოდა, მე რას არ ვიზამდი? მის გამო ყველაფერს! ბიჭი გავაჩინე. ახლა ვშორდებით. დაიღალა ოჯახით. არ ვიცი... თუ ეს მელოდა, სულ არ გავაჩენდი, მაინც ჩემი მისახედი გახდა ჩვენი შვილი, ისევე როგორც პირველ ქორწინებაში. არაფერი შეცვლილა. რა უჭკუოდ მოვიქეცი ეს გარანტირებულად წარმატებული ქალი.


მეგობრის დღურიდან



შეიძლება ქონება ვერ დაგიტოვე, აბა ჩემთვის რა მებადა? თაღებს ავაგებდი მეგონა, ამასობაში კი კედლები ჩამომენგრა. რამდენი ვიხეტიალე უაზროდ, თუმცა არაფერი დამიმალავს შენთვის. შენ ჩემი მეგობარი იყავი ყოველთვის, ჩემო გოგონა. ბოდიში, თუ ამ მეგობრობით გავნე რამე. სულ თითქოს რაღაცა ვიცოდი, მაგრამ ამავდროულად არც არაფერი მცოდნია. ბოდიში, რომ ახლაც არაფერში ვარ დარწმუნებული და რჩევასაც ვერ მოგცემ, მაგრამ ვიცი, იმაზე უკეთესად იქნები ვიდრე მე, ვისაც სულ ჭკუას მასწავლიდნენ. რატომ? იმიტომ, რომ მე თავისუფლებაში დაგაბინავე.


დედაჩემის ანდერძიდან



გაბედვა განა ადვილია? დღეს ჩემმა შვილმა მითხრა: დედი, განა არ ვიცი, როგორ გაწუხებს საზოგადოების აზრიო. გავხედე და ისეთი ტკივილი ვიგრძენი, ადრე რომ მხოლოდ წარმომედგინა: კი, დე ვნერვიულობ-მეთქი, ვაღიარე. განა არ მადარდებს რას იტყვიან ჩემზე, როგორ იფიქრებენ? თუმცა ვებრძვი თავს და ვამზეურებ ჩემს ცხოვრებას ისეთს, როგორიც არის. არაფერს ვმალავ. ისევ შენთვის ვიქცევი ასე, ჩემო უსანუკვარესო და ულამაზმანესო: შენ რომ შექმნა შენი წესები, შენებურად მოიწყო ცხოვრება, როგორც გინდა და გწადია. როცა ჩემს გულს ვუთხარი, ჩემი შვილია-მეთქი, მივხვდი, რა გჭირდება ჩემგან: მე არ უნდა შევშინდე, არ დავფრთხე, არ დავნებდე ჩემი ბედნიერებისაკენ სწრაფვის გზაზე; არა ვძრწოდე მორალური პოლიციის შიშით. მხოლოდ ის შემიძლია, ჩემი მაგალითები მოგცე. არაა ისინი უალტერნატივო, უშეცდომო მითუმეტეს, თუმცა ისინი ჩემია, შენ - შენი პრეცედენტების, შენი მაგალითების შექმნის შანსი გექნება.

ჩემს ანდერძს კი ასე დავწერ:


წინ იყურე და არ მოიხედო უკან, არც ჩემკენ მოიხედო. შენი მზერა მომავლისკენ უნდა იყოს მიმართული. რაში გაინტერესებს შენი ფესვები? დაივიწყე ყოველი ჩუქურთმა და ხატი. შენ ახალი ხატები უნდა შექმნა, ახალი რეალობა. ცვლილება უნდა იყოს შენი მიზანი, რადგან ეს წარმატების მიღწევისა და საკუთარი თავის აღმოჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა. ჰო, დატოვე სახლი, წადი და საკუთარი ბედნიერება ეძებე. თუ მოგაგონდები მშვენიერი და წარმატებული გამიხსენე, ბრწყინვალე და ფერადი. ჩემი სიკაშკაშით შენს გზას რომ ვანათებ და ვიცი, ყველაფერს მიაღწევ, რასაც ჩაიფიქრებ. შენ საუკეთესო ხარ!











bottom of page