top of page

თათია გიგანი: მორჩილება



კარგი ლექტორი მყავდა.

ლექციაზე ყველა გრძელი კაბით უნდა მისულიყო, მას კი არ მოსწონდა ჩემი გაწეწილი თმა, დახეული ჯინსები. საგანს კი ვსწავლობდი.


ვიცი, მორჩილების ამებებში დღესაც ვერ მოვრიგდებოდით, ვერც მაშინ ვრიგდებოდით, მაგრამ სწორად გამააზრებინა და სიბნელეში არ დამტოვა, როგორც გზა აცდენილი ცხვარს, ლექციაზე სიგარეტის კოლოფი ჩამომართვა და ჩემს ენაზე ამიხსნა: „რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასაო“



აქ და ახლა - ქრისტიანულ სათნოებებზე სასაუბროდ არ მოვსულვართ, „სხვა მორჩილებაზე“ უნდა ვისაუბროთ, ცხვრებსა და ვაცებზე. ცხვრებზე, რომლებიც შაბლონში დაგვტოვეს და ეს „სხვა მორჩილება“ ტყავად მოგვარგეს.



მაინც როგორია ეს ჩვენებური მორჩილება? უპირობო, ეჭვშეუტანელი.

თუ ღმერთი გაგიწყრა, როგორც როსკიპ ქალს, სოციალურ კედელზე გათრევენ, სამეგობრო-სამეზობლოშიც მოგაგნებენ, ბნელ ოთახშიც გიპოვიან, მაშინაც, როცა იქ არ იქნები.


ისე როსკიპობა უფრო სხვა რამეა, მაგრამ ამაზე სხვა დროს, თუმცა, ისევ ამ სივრცეში.


რადგან გვასწავლეს რომ მოთმინებით მოიპოვება სული, მორჩილთა ქალაქში, ზურგზე აკიდებული ლეშებით ვდგავართ, “ბატონის“ ჯვარი, ჩვენსას სჯობია ოღონდ! ალუზიები აღარ გვინდა? მაშინ ჩვენებურად და ცოტა შეპარვით:


წარმოიდგინეთრომ ხართ ბანაკში. ბანაკის სლოგანი საოცნებოა:

“ შრომა ათავისუფლებს“, გაძლევენ წყალსა და პურს, გამძღარი და ნაკაცარი სახეები, საოცნებო ამბებს გიყვებიან. და ვინც მორჩილი არ იქნება, ნაბიჯი წინ! და მერე კედლისკენ! რა მნიშვნელობა აქვს ეს კედელი ვირტუალურია თუ აგურის?


როგორია ეს ჩვენებური მორჩილება? „თავისუფალი“


მორჩილებაც არჩევანია, მორჩილებას მგლის ტყავი მოვარგეთ და ისე შევაპარეთ ცხვრების ბანაკში, სიკვდილისა და მონობის ბანაკებში და მეც გისოსებს მიღმა მდგარი, საკუთარი წადილების მონა-მორჩილი გავხდი, იმედით რომ „შრომა ათავისუფლებს“.

რა გინდა ქნა? ეს ჩვენებური მორჩილება თანდაყოლილ დაავადებასავით ჩაგვეზარდა. სახარებას ჩვენს დროში მგლებსაც აღარ უკითხავენ. მგლებიც გაწყდნენ და ვდგავართ ცხვრებივით, წინ მიდის ვაცი, უკან ჩვენ მივყვებით, მორჩილად და მწყობრში.


ჩემი გაწეწილი თმა და დახეული ჯინსი, დანომრილი სამოსით შეიცვალა და აღარც ის კაცია ცოცხალი შაბლონიდან გამოსვლის გზა რომ ამიხსნა - მე თავხედსა და შეუსაბამოდ თამამს.


მომაკვდინებელი ცოდვაა მორჩილება!

მომაკვდინებელი ცოდვაა ეს ჩვენებური მორჩილება!

მორჩილმაც იცის, რომ მხოლოდ მეტანიით ცოდვას ვერ გამოისყიდის (ჩვენ რა დაგვემართა?)


მხოლოდ ლოცვით, ცოდვას ვერ გამოისყიდი! სანამ არ მიხვდები, რომ ტანზე უნდა შემოიხიო მორჩილის ძაძა და რაც არა გწადდეს, იგი ქმნა !

პ.ს. კლავიატურაზე წკაპუნი საქმეს არ შველის.


იქნებ არც ეს ბლოგი გამოვიდა, მაგრამ იმ გოგოს ვეკითხები, სიგარეტის კოლოფზე “Freedom“ რომ ეწერა და თომა აკვინელის სამართალსაც სწავლობდა. ასეთ რეალობაზე ოცნებობდი? ხომ გეგონა რომ შენი სამშობლო უფრო მეტს იმსახურებდა, თუ შენ არა, ის ხომ იყო ღირსი?


ვიცი, რა პასუხსაც გამცემდა საკუთარი თავი, პროტესტის ნიშნად დატოვებდა ლექციას და უნივერსიტეტის ეზოში, ზარის დარეკვამდე, დაწერდა სლოგანს:


მომაკვდინებელი ცოდვაა მორჩილება!


და ბოლოს - მესიჯი იმ გოგო-ბიჭებსაც, ვინც ახლა ონლაინ ლექციებზე სხედან და მომავალი ბუნდოვნად ეჩვენებათ.


თქვენი საქართველო აქ არის, აქ და ახლა, უნდა ვუთხრათ „ბატონებს“ -არა!

თორემ მერე გვიან იქნება. თორემ მერე, ჩემსავით ასეთ „ბლოგებს“ დაწერთ, მხოლოდ დაწერთ და მეტი არაფერი.











397 views
bottom of page